ბათუმელი პოეტების თბილისური საღამო
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
პროექტის „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრმა ბათუმელ პოეტებს ბელა ქებურიას, როინ აბუსელიძეს და სულხან წულუკიძეს უმასპინძლა.
„თუმანიშვილის თეატრში ბათუმური სიყვარული „წვიმდა“, ულამაზესი საღამო გვაჩუქეს არაჩვეულებრივმა პოეტებმა. წვიმდა სიყვარულის პოეზია. სცენაზე ბრწყინავდა და კაშკაშებდა ულამაზესი და უნიჭიერესი კოლხი, ზღვისთვალება ქალბატონი ბელა ქებურია, რომელმაც საოცარი პოეზიის ,,ქარბორბალა” დაატრიალა.
გვაოცებდნენ და გვატკბობდნენ არაჩვეულებრივი ,,ბათუმელი ბიჭები” როი აბუსელიძე და სულხან წულუკიძე. მადლობა თქვენ ამ დიდი სიამოვნებისათვის, ამ დიდი სიყვარულისთვის“ – წერს სოციალურ ქსელში საღამოზე დამსწრე ლალი ფრუიძე.
თუმანიშვილის თეატრში გამართულ საღამოზე მიღებული შთაბეჭდილებები გაგვიზიარა პროექტ „ცოცხალი წიგნების“ კოორდინატორმა მარიამ წიკლაურმა.
– თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი შეხვდა ბათუმიდან ჩამოსულ პოეტებს. საშუალება მოგვეცა, დედაქალაქიდან შორს მცხოვრები ავტორებისთვისაც დაგვეთმო თეატრის სცენა. ბელა ქებურიამ, როი აბუსელიძემ და სულხან წულუკიძემ თავიანთი პოეზიით მოხიბლეს მაყურებელი. მათ ასევე წაგვიკითხეს აჭარაში მცხოვრები სხვადასხვა თაობის პოეტთა ცნობილი ლექსები. დარბაზი იყო ემოციით სავსე. სწორედ ის არის მისაბაძი და სამაგალითო ბათუმელ მწერალთა ურთიერთობაში, რომ ისინი ერთმანეთისათვის არიან ძალიან ძვირფასები. მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის, – აღნიშნა მარიამ წიკლაურმა.
საღამოზე დამსწრე მაყურებელი ემოციას ვერ მალავდა. ციცი გურიელის თქმით, პოეზიის ზღვა ღელავდა სცენაზე და აჭარული მზის სითბო სწვდებოდა იქ დამსწრე თითოეული ადამიანის გულსა და სულს.
– მთელი დარბაზი ბედნიერი უსმენდა მშვენიერ და უნიჭიერეს, უსაყვარლეს, დიდებულ, სხივიან ქალბატონ ბელა ქებურიას, არაჩვეულებრივ და ღირსეულ ახალგაზრდა პოეტებს სულხან წულიკიძეს და როი აბუსელიძეს. დარბაზში მსხდომთ სცენიდან ბათუმური ზღვაურის ჩინჩხლებთან ერთად, დიდებული პოეზიის მადლი გვეფრქვეოდა და ვიყავით ცრემლებამდე ბედნიერები. მე ვეღარ ვიტევდი ამდენ საოცარ ემოციას და გული საგულედან ამოვარდნას ლამობდა. უღრმესი მადლობა ძვირფას სტუმრებს ამ არაჩვეულებრივი, ზღაპრული საღამოსთვის, ლექსით დადენილი ცრემლისთვის და სიყვარულისთვის. მადლობა და წარმატებები პროექტ ,,ცოცხალ წიგნებს”, – ამბობს ციცი გურიელი.
საღამოზე დამსწრე ადამიანები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ თუმანიშვილის თეატრის სცენაზე პოეზიის ზეიმი შედგა და ეს იყო წლევანდელი პროგრამის უძლიერესი დასკვნითი აკორდი.
პროექტის მონაწილის, პოეტ როი აბუსელიძის თქმით, „ცოცხალი წიგნები“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია დღევანდელ ლიტერატურულ სივრცეში, რადგან ნებისმიერ ავტორს ეძლევა საშუალება, წარმოაჩინოს თავისი შემოქმედება იმ ქალაქში და იმ მაყურებელთან, ვისთანაც არ აქვს ხშირი შეხება.
– საღამო ჩატარდა არაჩვეულებრივად, დარბაზში იყო საოცარი აურა, განსაკუთრებული სითბო მოდიოდა მსმენელისგან. მინდა თითოეულ მათგანს უღრმესი მადლობა გადავუხადო. პირველ რიგში მადლობას ვუხდი ქალბატონ მარიამ წიკლაურს, რომლის ინიციატივითაც შედგა ეს ბრწყინვალე შეხვედრა, მადლობა პროექტ „ცოცხალ წიგნებს“, თუმანიშვილის თეატრს და იქ მომუშავე პერსონალს, რომელმაც ვიზუალურად გაალამაზა ღონისძიება. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ერთგულ მსმენელს, სავსე დარბაზს, გაღებული სიყვარულისთვის, – აღნიშნა როი აბუსელიძემ.