„პირველი ავტოგრაფი“ საზეიმოდ დაიხურა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ საზეიმო ღონისძიებით დასრულდა. ამ დღეს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული თეატრალური დასები დააჯილდოვეს. ფესტივალი წელს მესამედ გაიმართა და მასში 43 სასკოლო დასი მონაწილეობდა.
ფესტივალის ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორია შემოქმედებითი ორგანიზაცია ა(ა)იპ „არტ პორტალი“, ფესტივალის დირექტორი – მიხეილ გაბაიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი კი რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი.
დახურვის ცერემონიას მუსიკალურად აფორმებდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკალური ბენდი „ოფ საიდი“ კალისტრატე ცინცაძის ხელმძღვანელობით.
ფესტივალის გამარჯვებულები კვალიფიციურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის წევრებიც იყვნენ: რეჟისორი გია კიტია (თავმჯდომარე), მსახიობი ნანული სარაჯიშვილი და პოეტი ტარიელ ხარხელაური.
წლევანდელი „თანატოლი ჟიური“ მოსწავლე მარიამ ხუჯაძე გახლდათ.
ნომინაციაში „საუკეთესო გოგონა (მოსწავლე) მსახიობი“ ბათუმის მუნიციპალიტეტის სკოლა „ევრო 2000“-ის მოსწავლე მარიამ ჭანტურიამ გაიმარჯვა (ბებიის როლი – სპექტაკლში „მზის დაბნელება საქართველოში“).
ნომინაციაში „საუკეთესო ვაჟი (მოსწავლე) მსახიობი“ გამარჯვება შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროთის საჯარო სკოლის მოსწავლე თედო მჟავანაძემ მოიპოვა (ოსიკო ხარებაძის როლით სპექტაკლში „დარისპანის გასაჭირი“, თეატრალური დასი „გავქაჩავთ“).
ნომინაციაში „საუკეთესო ვაჟი (მოსწავლე) სახასიათო როლისთვის“ პრიზი ვახტანგ პაპუნიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დათუნა ბერიძეს (მდიდარი მეზობლის როლის შესრულებისთვის) და გიგა ხალვაშს (ვაჭრის როლისთვის) გადაეცათ (თეატრალური დასი, სპექტაკლი „მეგობრობა“).
ნომინაციაში „საუკეთესო გოგონა (მოსწავლე) სახასიათო როლისთვის“ ჯილდო წილად ხვდა ვახტანგ პაპუნიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლე კესარია ალელიშვილს (მევიოლინეს როლის შესრულებისთვის სპექტაკლში „მეგობრობა“, თეატრალური დასი „რამპა“).
ჯილდო „საუკეთესო მხატვრობა/სცენოგრაფიისთვის“ ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლას გადაეცა (თეატრალური დასი „სარკე“, პიესის ავტორები – დიანა ჩახუნაშვილი, ტარიელ კიკვაძე, სპექტაკლი „პროლოგი“).
ნომინაციაში „გამორჩეული სპექტაკლი“ პრიზი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლას გადაეცა (თეატრალური დასი „ოლადა“, სპექტაკლი – „ქეთევან წამებული“).
„საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის“ დაჯილდოვდა სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა (თეატრალური დასი ,,მერცხლები“, სპექტაკლი ,,ჩხიკვთა ქორწილი“).
„საუკეთესო დასის“ სახელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის №1 საჯარო სკოლამ მოიპოვა (თეატრალური დასი „ტრიუმფი“, სპექტაკლი „ნუ გააღვიძებ“).
ნომინაციაში „საუკეთესო სპექტაკლი“ ჯილდო ბათუმის სკოლა „ევრო 2000“-ს გადაეცა (თეატრალური დასი „სახილველი“, სპექტაკლი „მზის დაბნელება საქართველოში“).
მსახიობ ბიძინა მიქაუტაძის სახელობის სპეციალური პრიზი გადაეცა აჩი ჯაიანს (გიორგის როლის შესრულებისთვის სპექტაკლში „მზის დაბნელება საქართველოში“, სკოლა „ევრო 2000“, თეატრალური დასი „სახილველი“.
თანატოლი ჟიურის რჩეული ნომინაციაში „საინტერესო პერსონაჟი“ გახდა ლიკა შარაშიძე (მართა ქვიტირიძის როლის შესრულებისთვის სპექტაკლში „დარისპანის გასაჭირი“, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროთას საჯარო სკოლის თეატრალური დასი „გავქაჩავთ“).
ფესტივალში მონაწილე სხვადასხვა სკოლებს ჟიურის სპეციალური დიპლომებიც გადეცათ.
– მინდა, მადლობა ვუთხრა ამ ფესტივალის ავტორებს, რომ ღირსი გამხადეს, ჩამოვსულიყავი და ამ უზომოდ ნიჭიერი ბავშვების შემოქმედება მენახა. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან ბავშვებისთვის შეუფერებელი მეგონა სცენაზე დიდი მწერლების ნაწარმოებების გაცოცხლება, თუმცა მათთან პირველივე შეხვედრამ გააქარწყლა ეს განწყობა და მას მერე თვალზე ცრემლი არ გამშრობია. ეს იყო ბედნიერების ცრემლები! მივხვდი, რომ მოვიდა დრო – მათით ვიამაყოთ. დიდი აკაკი წერეთლის ლექსის არ იყოს:
„ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!
ვიცინი, აღარ ვტირი მე.
ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ
გამოდით, თქვენი ჭირიმე! – გვითხრა ტარიელ ხარხელაურმა.
– ძალიან დიდი მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს! ბევრმა ნიჭიერმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი ბავშვები არიან. ფესტივალის ფარგლებში ძალიან კარგი სპექტაკლები ვიხილეთ. დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ მსახიობები და რეჟისორები თუ არ გამოვლენ, კარგი მაყურებლები მაინც იქნებიან და ეს სფერო ეყვარებათ. ბათუმი ჩემთვის განსაკუთრებული ქალაქია, ქალაქი, სადაც შემოქმედებითად ავიდგი ფეხი, მიყვარს და ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მინდა ულევი წარმატება ვუსურვო ყველას! – გვითხრა ნანული სარაჯიშვილმა.
ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერები არიან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია.
ფესტივალის მედიამხარდამჭერებსა და პარტნიორებს შორისაა გაზეთი „აჭარაც“.
„პირველი ავტოგრაფის“ მიზანი მოზარდებში თეატრის მიმართ ინტერესის კიდევ უფრო გაღრმავებაა.

