ქალაქის ბიუჯეტში ცვლილებებია
მანანა ტაკიძე 27 48 93 –
მიმდინარე წლის ქალაქის ფინანსურ დოკუმენტში კორექტირება შევიდა. ბათუმის საკრებულოს დეპუტატებმა ამ საკითხს დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე მხარი დაუჭირეს. ბიუჯეტის ცვლილება გააპროტესტა ოპოზიციამ. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ რეზო ხარაზის განცხადებით, ცვლილება ბათუმელების ინტერესებზე არაა მორგებული. ოპოზიციამ საკითხის განხილვაშიც არ მიიღო მონაწილეობა და სხდომა დატოვა.
-ბიუჯეტი არ არის ბათუმელებზე მორგებული. მესამე საკითხის ამოღებას ვითხოვდი, რასაც მხარი არ დაუჭირეს. მინდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ, რაზეა საუბარი. 40 000 სოციალურად დაუცველი რომ გვყავს ქალაქში და ეს ადამიანები ქუჩაში ყიდიან რამეს, მათზე ქონების ჩამორთმევა მიუღებელია ჩვენთვის. „ქართულ ოცნებას“ ამ ადამიანების ბედი უბრალოდ არ ადარდებს. ჩვენ, ამ საკითხების განხილვაზე არ დავრჩებით. მათ ბიუჯეტი, რომელიც ვერ შესრულდება, საკუთარი შეხედულებით სურთ გადაალაგონ, რაც კატასტროფაა,- განაცხადა რეზო ხარაზმა.
სხდომის დაწყებამდე დეპუტატებმა საოკუპაციო ხაზთან რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სხდომის დაწყებამდე დრო დეპუტატების განცხადებებსაც დაეთმო. მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ნინო ცხვარაძემ ახალი ინიციატივა გაახმოვანა, რომელსაც საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.
-სამწუხარო ფაქტია, რომ ბათუმის 36 საბავშვო ბაღში 371 შშმ ბავშვია, აქედან 10 – მძიმე ფორმით და ერთიც ეტლით მოსარგებლეა. ბათუმს აქვს ბავშვზე ორიენტირებული ქალაქის სტატუსი და ბევრი რამ კეთდება არამხოლოდ შშმ სტატუსის ბავშვებისთვის. საბავშვო ბაღებში, საჭიროებებიდან გამომდინარე, სპეცმასწავლებლები ემატება, თუმცა, ასევე საჭიროა პერსონალური ასისტენტიც. ვმუშაობ ამ მიმართულებით ინიციატივაზე და იმედი მაქვს, ჩემი კოლეგები მხარს დამიჭერენ. რაც შეეხება ოპოზიციის ნარატივს, რომ ბიუჯეტი არ არის ბათუმელებზე მორგებული, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. დღეს ჩვენ კენჭს ვუყრით 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას და მხოლოდ ერთ ქვეპროგრამას – „ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია“ 400 ათასი ლარი ემატება, სარეზერვო ფონდი კი 250 ათასი ლარით იზრდება,- განაცხადა ნინო ცხვარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ეკატერინე ზარიამ ქალაქში მშენებლობების გამო შექმნილ ეკოლოგიურ სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება, ბაჩი მექვაბიშვილმა კი სასაფლოების პრობლემაზე ისაუბრა, რაც, მისივე განცხადებით, ამ ბიუჯეტში არ ასახულა. მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ასლან ბალაძემ ბათუმის „დინამოს“ მიღწევებზე ისუბრა და კოლეგებს მისი ჩემპიონობა მიულოცა. თქვა, რომ გუნდს 100 წელი უსრულდება და ამ თარიღთან დაკავშირებული დაგეგმილი ღონისძიებებიც დააანონსა.
განცხადებების შემდეგ დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. ბიუჯეტის ცვლილების პროექტი დეპუტატებს ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ედნარ ნატარიძემ გააცო. როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილი პროექტით ხორციელდება მუნიციპალიტეტის 2023 წლის მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის ცვლილება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
-ბიუჯეტის საერთო მოცულობა არ იცვლება და კვლავაც 361 მილიონ 200 000 ლარს შეადგენს. ცვლილება შედის ცალკეულ პროგრამასა და ქვეპროგრამაში განათლების, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით და მოიცავს მხოლოდ პროგრამებს შორის თანხის გადანაწილებას. თანხა, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე გადანაწილდა, რაც ბათუმში, ადლიისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების შემაერთებელი ქუჩის მშენებლობისთვის საჭირო ღონისძიებებს ითვალისწინებს. გარდა ამისა, დამატებით, სოციალური მიმართულებით 700 000 ლარამდე ფინანსური რესურსი გამოიყო, რომელიც სარეზერვო ფონდს დაემატება. ამასთან თანხებია მობილიზებული შვიდ წლამდე შეფერხების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ღონისძიებებისთვისაც, რაც მოქალაქეთა მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, მივიღეთ,- განაცხადა ედნარ ნატარიძემ.
საკრებულომ, ასევე, დაამტკიცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესიც, რომლის თანახმადაც, განისაზღვრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის პროცედურები. სწორედ ამ საკითხის ამოღებას ითხოვდა ოპოზიცია, რაც არ დაკმაყოფილდა.
-ქალაქ ბათუმის საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, უკანონო გარევაჭრობის შედეგად კონფისკაციით ამოღებული ქონება დაექვემდებარება მუნიციპალიტეტის საკუთრებას. მალფუჭებადი პროდუქცია და სხვა საქონელი გადაეცემა სოციალურად დაუცველ მზრუნველობამოკლებულ პირებს და იმ ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობის მიზანი მათი დახმარებააა. სხვა შემთხვევაში კი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განადგურდება, – განაცხადა ლაშა მამულაძემ.
დღევანდელ სხდომაზე ცვლილებები შევიდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში. ბათუმში, ორ მისამართზე კი განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია დამტკიცდა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. N53-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე პოეტ შოთა ზოიძის მემორიალური დაფა განთავსდება.