6-7 ბალიანი შტორმი – შავი ზღვის სანაპიროზე
ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ძლიერი შტორმის შედეგად ინფრასტრუქტურა დაზიანდა. როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ, ზღვის სანაპიროზე 6 -7 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა, რამაც ბულვარში არსებული სასეირნო პრომინადი და რამდენიმე მონაკვეთი დატბორა. დაზიანებული სანაპირო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა დაათვალიერეს. „უხვი ნალექის, უამინდობისა და შტორმის შედეგად ბათუმის სანაპირო ზოლზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. გამოდარებისთანავე მოხდება ინფრასტრუქტურის აღდგენა. მინდა მოქალაქეებს ვთხოვო, მაქსიმალურად შეიკავონ თავი სანაპირო ზოლში გადაადგილებისგან. ყველაფერი გაკეთდება, რომ დაცული იქნას როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სრული სალიკვიდაციო სამუშაოები, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება. შტორმის შედეგად ასევე დაზიანდა ქობულეთის სანაპირო ზოლი, დაიტბორა სახლები. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამინდის გაუარესების გამო მოქალაქეებს, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში, სიფრთხილისკენ მოუწოდებს.