ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყო
ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანის თქმით, ახალი სკვერის მშენებლობასთან დაკავშირებით დაპირება შესრულებულია, რითაც მოსახლეობის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. მისივე განცხადებით, წელს ბათუმში 10-ზე მეტი რეკრეაციული სივრცე ეწყობა.
როგორც ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მწვანე სივრცეების განვითარებას მომავალშიც დიდი ყურადღება დაეთმობა. მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი რესან კონცელიძე გაეცნო. ახალ რეკრეაციულ სივრცეში საბავშვო ატრაქციონები, საპარკო ინვენტარი და სპორტული ტრენაჟორები განთავსდება. ასევე, იგეგმება ოთხფეხა მეგობრებისთვის სპეციალური სივრცის მოწყობა. გარდა ამისა, აღნიშნული ტერიტორიის ირგვლივ მიმდინარეობს ველობილიკისა და გარეგანათების სისტემის მონტაჟი. პროექტის ღირებულება 2 მილიონამდე ლარს შეადგენს. სამუშაოები მომდევნო წლის მაისში დასრულდება.