საომარი მოქმედებები – უკრაინაში, ბოლოდროინდელი მოვლენების კვალდაკვალ
ბოლო ცნობებით, გასული დღის განმავლობაში ოკუპანტებსა და უკრაინის დამცველებს შორის 88 შეტაკება მოხდა. ომის 648-ე დღეს აგრესორმა შეტევითი ოპერაციები განახორციელა დონეცკში, ხარკოვსა და ლუგანსკში. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება უკრაინის კონტრშეტევას, ომის შემსწავლელ ინსტიტუტში საუბრობენ, რომ დღევანდელი მოცემულობით, უკრაინელების კონტრშეტევაზე საუბარი დასრულებულია და პირიქით, ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში უპირატესობას რუსეთის არმია ფლობს.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს აჯამებს.
– მარიინკაში (ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ) რუსებმა შეძლეს და ნაქალაქარის უმეტესობა დაიკავეს. მარიინკა საბრძოლო მოქმედების ზონად იყო ქცეული 2014 წლიდან მოყოლებული და 2022 წლის 24 თებერვლამდეც კი პერმანენტული შეტაკების ზონას წარმოადგენდა, სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ კი მასზე რუსების დაწოლა თითქმის ორი წლის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს. ამის გამო ნასახლარი სრულად განადგურებულია და აღარ არსებობს არცერთი მთელი შენობა. შეტაკებები კვლავ გრძელდება ნასახლარის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, სადაც უკრაინელები კვლავ ინარჩუნებენ რამდენიმე პოზიციას, მაგრამ რუსები ყველაფერს აკეთებენ ნასახლარის სრულად ასაღებად. უკრაინელებს ურჩევნიათ, რუსები კვლავ ნასახლარის ტერიტორიაზე დააკავონ, ამიტომაც ნელა იხევენ უკეთ გამაგრებული პოზიციებისაკენ. მარიინკასათვის ბრძოლაში, ავდიივკასთან ერთად, რუსების მიერ გამოყვანილი სეპარატისტული დანაყოფების ძალიან დიდი ნაწილი სრულად იქნა განადგურებული. ჩრდილო-დასავლეთით, ავდიივკაზე (აგრეთვე, ქალაქი დონეცკის მომიჯნავედ), რუსების დაწოლა გრძელდება, მაგრამ მათ ქალაქში შეღწევა კვლავ ვერ მოახერხეს, რის გამოც შეტევამ უფრო პოზიციური სახე მიიღო, სადაც რუსები კვლავ აქტიურობენ, მაგრამ წინ წაწევას ვეღარ ახერხებენ. რამდენიმე აფეთქება მოხდა ციმბირში ჩინეთთან დამაკავშირებელ რკინიგზაზე და გვირაბში, რომლითაც რუსეთს ჩინეთიდან სამხედრო ტვირთები გადმოჰქონდა. რუსები დივერსიაზე საუბრობენ, თუმცა ოფიციალური განცხადებები საკმაოდ ბუნდოვანია. რუსეთში დიდი მსხვერპლის ფონზე მოკლული სამხედროების ოჯახებში უკმაყოფილებაა, თუმცა როგორც ბრიტანული დაზვერვა იუწყება, მათ გასაჩუმებლად ფულის დარიგება დაიწყეს. ამ ფონზე მომდევნო წელს რუსეთის არმიის ზრდა იგეგმება – 170 ათასი ადამიანზე 500 ათასამდე დანამატზეა საუბარი. აშკარა დიდი მსხვერპლის ფონზე, რუსეთის არმიას შევსება სჭირდება. ბოლო კვირებია, უკრაინისათვის იარაღის ერთ-ერთი უმთავრესი მიმწოდებელი გერმანიაა. პრაქტიკულად, თავდაცვის იარაღიდან დაწყებული, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით დამთავრებული, გერმანია უზრუნველყოფს უკრაინის მოკლევადიან შეიარაღებას, სანამ აშშ არ დაბრუნდება დახმარების ახალი პაკეტებით. ჯერჯერობით პოზიციური ბრძოლები და საარტილერიო დუელები მიმდინარეობს მდინარე დნეპრის სანაპიროზე, ხერსონის ოლქში. მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა მდინარის ფორსირება რამდენიმე ადგილას შეძლეს, რუსებს დამატებითი ძალები ჰყავთ შეყვანილი და სიტუაციის კონტროლს ცდილობენ, თუმცა მათ წინააღმდეგ უკრაინული არტილერია აქტიურია, – აღნიშნავს გიორგი კობერიძე.