საქართველოს ფალავნობა ბათუმში გაიმართება
ოთარ ცინარიძე 599852114
„იუნესკოს“ მიერ ქართული ჭიდაობისთვის მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებიდან მე-5 წლისთავის აღსანიშნავად აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ წელს მეოთხედ ჩაატარა რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს 24 მუნიციპალიტეტის, 2009-2011 წლებში დაბადებული, 250-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ტურნირი, რომელიც პირველ, ორ და სამ დეკემბერს მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარეობდა, გახსნა და ამ ისტორიული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ წულუკიძემ. „ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ღირებულია და მეტად უწყობს ხელს ქართული ჭიდაობის ფენომენის პოპულარიზაციას, განვითარებას და საერთაშორისო არენაზე გატანას, მას შემდეგ, რაც ქართული ჭიდაობა ქვეყნის ფარგლებს გასცდა“, – თქვა ჯემალ წულუკიძემ.
ჯემალ წულუკიძემ, „იუნესკოს“ მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების, აჭარაში ქართული ჭიდაობის განვითარების, პოპულარიზაციის და ხელშეწყობის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ფედერაციის მადლობის სიგელები გადასცა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ გელა ბერუაშვილს, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროს ირმა ნიჟარაძეს, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველს, აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტს, ღირსების ორდენის კავალერ გიორგი ბიწკინაშვილს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის დირექტორ შოთა დავითაძეს, აჭარის სპორტის მემატიანეს და სპორტის გამოცდილ ორგანიზატორ ლევან ჯიოშვილს, ვეტერანი სპორტსმენის, ვასილ გაროზაშვილის თანამებრძოლ მიხეილ გადაევს და მწერალს, პუბლიცისტსა და ჟურნალისტ ოთარ ცინარიძეს.
ტურნირის საზეიმო გახსნა მუსიკალურად გააფორმა ბათუმის კულტურის ცენტრის (დირექტორი – ირაკლი შაფათავა) ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა.
მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე.
7 წონით კატეგორიაში გამართულ საინტერესო და სანახაობრივ ორთაბრძოლებში საპრიზო ადგილებზე გავიდნენ:
35 კილოგრამ წონით კატეგორიაში – ბადრი ნებიერიძე (ზესტაფონი), ანდრია ქიტიაშვილი (ხაშური), გიორგი მანჯავიძე (კასპი);
40 კგ. – ნუგზარ კეკენაძე (ხაშური), დათო ხარიბეგაშვილი (გორი), ნუგზარ ნოზაძე (ხაშური);
45 კგ. – ლაშა სეხნიაშვილი (გორი), ლუკა ბურძენიძე (საჩხერე), გიორგი კაპანაძე (ხაშური);
50 კგ. – გოგა შარვაშიძე (კახეთი), გიორგი დვალი (ზესტაფონი), საბა სულამანიძე (თერჯოლა);
55 კგ. – ლუკა მღებრიშვილი (კასპი), ტატო საბაშვილი (გორი), გელა მაისურაძე (კახეთი);
60 კგ. – გიორგი ჟღერია (ვანი), საბა ჩხაპელია (თბილისი), ნიკოლოზ შალიკიანი (ქუთაისი);
აბსოლუტურ წონაში – ლუკა გაბუნია (ქუთაისი), ცოტნე გელაშვილი (თბილისი), გიორგი ხვადაგიანი (ქუთაისი).ტურნირის პრიზიორები აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ თასებით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა, ხოლო საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ – ფასიანი საჩუქრებით (ვაუჩერები).
– ტრადიციული ტურნირი, აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, – გვითხრა გელა ბერუაშვილმა,- ყველა პირობა და სპორტული ბაზა არსებობს, რომ გაისად საქართველოს ფალავნობას ბათუმმა უმასპინძლოს.

