კვლევის თანახმად, საქართველოში ყოველი მეოთხე ქალი პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გამხდარა
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ევროკავშირის მხარდაჭერით, ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კვლევა ჩაატარა, რომელშიც ნათქვამია, რომ
საქართველოში ყოველი მე-4 ქალი პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გამხდარა. მათივე ინფორმაციით, საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია, 24%-ს – ფსიქოლოგიური ძალადობა, 8%-ს – ეკონომიკური ძალადობა, 6%-ს – ფიზიკური ძალადობა, 4%-ს კი სექსუალური ძალადობა.
„საქართველოში ყოველ მე-4 ქალს სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს. ქალები ამბობენ, რომ ამ შემთხვევების 41% ქუჩაში ხდება, 28% – საზოგადოებრივ ტრანსპორტში, 11% – სკოლაში ან უნივერსიტეტში, 8% – სამუშაო ადგილზე.
საქართველოში სულ უფრო ნაკლებად მიაჩნიათ, რომ ცოლ-ქმარს შორის ძალადობა მხოლოდ მათი პირადი საქმეა, თუმცა ყოველი მე-5 ქალი და მე-3 კაცი კვლავაც ფიქრობს, რომ სხვისი ოჯახის საქმეში არ უნდა ჩაერიოს.
ქალების უმრავლესობა განცდილ ძალადობაზე არ ლაპარაკობს. ამ თემაზე 38.2 %-ს არავისთან უსაუბრია, რომელიმე ორგანიზაციისთვის დახმარება 10-დან 2 ქალს უთხოვია, პოლიციისთვის კი 10-დან 1-ს მიუმართავს“, – ნათქვამია კვლევაში.
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კვლევისთვის როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებსა და სოფლებში, 15-69 წლის ასაკის 3300 ქალი და 1100 კაცი გამოკითხა. თვისებრივმა კვლევამ 15 ინტერვიუ, 16 ფოკუს ჯგუფი და 40 სიღრმისეული ინტერვიუ, ჯამში 171 რესპონდენტი მოიცვა.

