ნენიაში ნორმალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც აქვთ და მოსწავლეთა კონტინგენტიც არ მცირდება
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
ჩვენი სტუმარია შუახევის მუნიციპალიტეტის ნენიის საჯარო სკოლის დირექტორი ნუგზარ ქამადაძე.
– ბატონო ნუგზარ, კიდევ რამდენიმე დღე და მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრი დასრულდება. როგორ განვლეთ ეს პერიოდი?
– პირველ რიგში, ვსარგებლობ შემთხვევით და თქვენი გაზეთით სრულიად საქართველოს, ამ ქვეყნის ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქეს ვულოცავ ევროპისკენ გადადგმულ ნაბიჯს. არ მინდა ყურადღების მიღმა მოახლოებული ახალი წელი დამრჩეს. ვისურვებდი, მომავალიც ისეთივე წარმატებული იყოს, როგორიც წლევანდელი. რაც შეეხება ჩვენს სკოლას – ნორმალური მატერიალური ბაზა, კვალიფიციური პედაგოგები და მოსწავლეთა კონტინგენტი (სხვა სკოლებთან შედარებით) საშუალებას იძლევა, რომ სწავლება სასკოლო რეფორმის შესაბამისად წარვმართოთ. სკოლაში, 43 მოსწავლიდან, დაბალი აკადემიური მოსწრების არავინ გვყავს.
– წლებია, სკოლაში სათანადო დონეზეა კლასგარეშე მუშაობა.
– მარტო საგაკვეთილო პროცესი არ არის საკმარისი 21-ე საუკუნის ახალგაზრდობის აღზრდისათვის. ნორმალური სპორტული ბაზა, ღია და დახურული მოედნები, სოფლის მშვიდი გარემო ხელსაყრელია ფიზიკურად ჯანსაღი თაობის აღზრდისთვის. მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშებშიც წარმატება მოიპოვეს. სისტემატური კავშირი გვაქვს მოსწავლეთა მშობლებთან, ისინიც ჩართულნი არიან იმ სასწავლო-შემოქმედებით ექსკურსიებში, მასობრივ ღონისძიებებში, რომლებსაც საღვთო და საერო დღესასწაულებზე ვატარებთ.
საზოგადოებას კარგად ახსოვს სკოლის თეატრალური დასის წარმატებებიც. . . ერთი ადგილის ტკეპნა სასკოლო საქმიანობას სასიკეთოდ არ წაადგება. პედაგოგები და უფროსი კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ სხვადასხვა სახის პროექტებში, რაც ხელს უწყობს მათი სოციალური უნარების განვითარებას.
– მოსწავლეთა კონტინგენტის სიმცირის გამო ბევრი სკოლა დახურვის პირასაა. თქვენთან რა მდგომარეობაა?
– კარგად მახსოვს, როგორ გადაყავდათ მშობლებს შვილოები ახლად გახსნილ საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სკოლაში. არც მაშინ და არც შემდგომ წლებში ჩვენგან მოსწავლეები არ გადასულან. ადგილზე იღებენ იმ უნარ-ჩვევებს, განათლებას, რაც ეროვნული გამოცდების პირობებს აკმაყოფილებს. შარშან სკოლა 9 მოსწავლემ დაამთავრა, რომელთაგან 7 სტუდენტი გახდა, მათგან ხუთმა 100-პროცენტიანი სოციალური დაფინანსება მიიღო. ვართ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გრანტის მფლობელები. სოფლის სკოლა რომ წარმატებული იყოს, პირველ რიგში კვალიფიციური პედაგოგები უნდა ასწავლიდნენ, რაც ჩვენთან პრობლემა არაა.
– წლებია სკოლას ხელმძღვანელობთ. საკმაო რაოდენობით გყავთ სერტიფიცირებული პედაგოგები. როგორია მათი ჩართულობა სასკოლო საქმიანობაში?
– მასწავლებელს, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობას წყვეტს, სკოლაში არაფერი ესაქმება. მეთოდური და მხატვრული ლიტერატურა არ გვაკლია, მოწინავეთა გამოცდილებას მასწავლებლები სემინარებზე დასწრებითა და ონლაინრეჟიმში ეცნობიან. მისასალმებელია, რომ პედაგოგები რამდენიმე წელია, წარმატებით გამოდიან ინტელექტუალურ თამაშებზე და საპრიზო ადგილებს ინაწილებენ.
– ქართულ ენას, მწერლობას სათანადოდ აფასებთ. ქართველ მწერალთაგან ვინაა თქვენი იდეალი?
– ილია ჭავჭავაძე. ნენიელებს ქართველი მწერლები გამორჩეულად გვიყვარს. ჟურნალისტი ნოდარ ქამადაძე სოფელში რამდენჯერმე მასპინძლობდა თბილისსა და ბათუმში მომუშავე მწერლებს, პოეტებს. ახლა მის გზას აგრძელებს ლევან ქამადაძე. ქართული სიტყვის ოსტატების წინაშე ვალში არც მე მინდა დავრჩე. მიმდინარე სასწავლო წელს ერთი ღონისძიება მაქვს ჩაფიქრებული და მაშინ უკეთ წარმოჩნდება ჩემი დამოკიდებულება სიტყვის ოსტატებისადმი.
– მასწავლებელთა პრესტიჟის ასამაღლებლად, წარმატებული პედაგოგების გამოსავლენად დაწესებულ ჯილდოებზე რას იტყვით?
– ამას წინათ განვაცხადე: შუახევის, ჭვანისა და მახალაკიძეების სკოლების შემდეგ, დროა, ნენიაშიც გვყავდეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, რაც დიდი სტიმულია პედაგოგებისთვის. მომავალი წლიდან სახელფასო დანამატიც იზრდება. მასწავლებლები სკოლიდან უკვე აღარ გარბიან, პირიქით, სკოლებს უბრუნდებიან. მათი შრომის ამგვარი დაფასება იმის საწინდარია, რომ უმაღლეს სასწავლებლებში პედაგოგიურ სპეციალობებზე მეტი ახალგაზრდა ისწავლის.
– ჯილდოსთვის დაწესებულ კრიტერიუმებს რამდენად აკმაყოფილებენ ნენიელი მასწავლებლები?
– სკოლაში 20 პედაგოგი მუშაობს, მათგან 17 სერტიფიცირებულია. სხვა სკოლებისგან განსხვავებით, ახალგაზრდების რიცხვიც საკმაოა. იმედია, მალე მენტორი მასწავლებელიც გვეყოლება. უკვე დასრულდა საპროექტო სამუშაოები და გაისად სოფელში არსებულ ალტერნატიულ ბაღს ბიუჯეტზე მყოფი სკოლამდელი დაწესებულება ჩაანაცვლებს. ესეც სწავლების ხარისხს გააუმჯობესებს.
დიდ დახმარებას გვიწევს შუახევის მუნიციპალიტეტის მერია და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. შარშან დავასრულეთ ღია ტიპის კალათბურთის, ფრენბურთის და ფეხბურთის მოედნების მოწყობა. თანხა სამინისტროს ბიუჯეტიდან იყო მობილიზებული.
– სპორტში მაჩვენებლებმა თუ იმატა?
– ნენიაში თავისუფალი ჭიდაობის კარგი ტრადიციები გვაქვს. ახლა ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციას ვიწყებთ.