2024 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უპრეცედენტო ბიუჯეტით ხვდება
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
დღეს სასტუმრო „მარიოტში“ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მედიცინის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგინეს სამინისტროს მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის პრიორიტეტები. ასევე, დაჯილდოვდა რეგიონის წარმატებული 8 მედიკოსი: ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ზეინაბ ფაღავა (ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო), ონკოლოგი ქეთი ასანიძე (მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი „მედცენტრი“), უროლოგი, უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გელა ლომაძე (ბათუმის სამედიცინო ცენტრი), ბავშვთა ქირურგი ნათელა ჯაბუა (ბავშვთა საავადმყოფო), ანგიოლოგი იოსებ მარგალიტაძე (მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი „მედცენტრი“), ბავშვთა რეანიმატოლოგი ვახტანგ აფხაზავა (მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი), რეანიმატოლოგი ლამზირა აბაშიძე (ხულოს მუნიციპალიტეტი) მთავარი მედდა გულნაზ ჩაჩავა (ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი).
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, მინისტრები, დეპუტატები, სამედიცინო სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე ,,უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის“ პროგრამის ბენეფიციარები.
– დღეს მედიცინის დღეა და 2023 წელს ჯანდაცვის სფეროში შესრულებული სამუშაოების ერთგვარი შეჯამებაც გავაკეთეთ. დავაჯილდოვეთ და მადლობა გადავუხადეთ თითოეულ ექიმს და ექთანს განსაკუთრებული წვლილისთვის, მათ „წლის ექიმის“ სიმბოლური ჯილდოები გადავეცით. გარდა ამისა, ვისაუბრეთ 2023 წელს მნიშვნელოვან შესრულებულ სამუშაოებზე და 2024-ში დაგეგმილ ,ასევე, მნიშვნელოვან ცვლილებებზე. ჩვენი ბიუჯეტი 51 მილიონ ლარს აღემატება და დაახლოებით, 25 მილიონი ლარი მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულებით გაიხარჯება, 16 მილიონი ლარი – სოციალური მიმართულებით. საუბარია ბევრ მიმართულებაზე: ონკოლოგია, კარდიოქირურგია, საზღვარგარეთ მკურნალობა, სოციალური მიმართულება, რომელ პროგრამებშიც განხორციელდა ძირეული ცვლილებები და გაიზარდა დაფინანსების მოცულობა. დღესასწაულს ვულოცავ თითოეულ ექიმს, ექთანს, სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელს, წარმატებებს ვუსურვებ მათ. რა თქმა უნდა, გვეიმედება თითოეული მათგანი, ვთანამშრომლობთ მათთან და 2024-ში მათი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. გამოწვევები მუდმივად იარსებებს ჯანდაცვის სისტემაში, თუმცა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, მინიმუმამდე დავიყვანოთ ადამიანების ფინანსური რისკი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ მზადყოფნაშია მოქალაქეების დასახმარებლად, – გვითხრა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად, ჯამში 36 პროგრამას ახორციელებს. 2023 წელს სხვადასხვა სერვისით 90 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა. სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდისათვის აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2023 წელი 4 300 000 მილიონ ლარამდე გაზრდილი ბიუჯეტით დაიწყო.
2024 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უპრეცენდეტო ბიუჯეტით ხვდება. უწყების მთავარი ფინანსური დოკუმენტი 2023 წლის საწყის ბიუჯეტთან მიმართებაში – 18 020 000 ლარით გაიზრდება და 51 255 000 ლარი იქნება.
ყოველწლიურად მზარდია აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მოსახლეობის საჭიროებების დაფინანსება. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით 2023 წელს რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 1 326 მოქალაქეზე გამოიყო 4 420 678 ლარი. სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად მიმდინარე წელს გამოიყო 4 676 395 ლარი, ფინანსური დახმარება გაეწია 520 ოჯახს. 2023 წელს ამოქმედდა ახალი პროგრამები: ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურება, თვალის ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობა, შშმ სტატუსის მქონე მშობლის და ორსულის ერთჯერადი მატერიალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით. დაიწყო გეგმიური და ქირურგიული ოპერაციების თანაგადახდის დაფარვა, ასევე ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდგომი აუცილებელი კვლევების და თირკმლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში დონორისა და რეციპიენტის თავსებადობის განსაზღვრის საჭირო კვლევების დაფინანსება, გაიზარდა ორგანოთა ტრანსპლნტაციების დაფინანსება: კერძოდ, ღვიძლის ტრანსპლანტაცია და ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია 125 000 ლარამდე, ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია 200 000 ლარამდე, ხოლო ჰაპლოიდური ტრანსპლანტაცია 235 000 ლარამდე, გულის ტრანსპლანტაცია 220 000 ლარამდე.
აჭარაში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და სამინისტროს თანადაფინანსებით, სრულად იფარება გულის ქირურგია. მიმდინარე წლიდან 100 %-მდე გაიზარდა სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, ასევე გულის და კორონალური არტერიების გეგმიური ანგიოგრაფია. 2023 წელს აღნიშნული მიმართულებით გამოიყო 3 მილიონამდე ლარი, მომავალ წელს კი დაფინანსება 200 000 ლარით გაიზრდება. ასევე, სრულად ფინანსდება ონკოქირურგიული ოპერაციები, ქიმიო და სხივური თერაპია. 2023 წელს გაიზარდა სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების ნუსხა და წლიური ლიმიტი 35 000 ლარამდე.
2024 წელს თითოეული პაციენტის დაფინანსების წილი გაიზრდება 50 000 ლარამდე. დაიწყო პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის დაფინანსება 100%-მდე. მიმდინარე წელს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობისათვის გამოიყო 7 მილიონი ლარი. 2024 წელს 25 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, გაიზრდება თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი და გაფართოვდება მოსარგებლე პირთა ჩამონათვალი. დაგეგმილია ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადების და მეტაბოლიზმის დარღვევებით გამოწვეული მკურნალობის დაფინანსება მაღალეფექტური მედიკამენტებით. 2024 წელს იზრდება სოფლის ექიმებისა და ექთნების დანამატი. თანხა სახელმწიფო პროგრამის პარალელურად გაიცემა. ჯამში, გაზრდილ ანაზღაურებას 107 ექიმი და 110 მედდა მიიღებს.
სოციალური დაცვის მიმართულებით გაიზარდა პროგრამების ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა. 2023 წელს 4 600 000 ლარამდე გამოიყო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის. მომავალ წელს აღნიშნული მიმართულებით დაფინანსება გაიზრდება 13%-ით. გაიზარდა გასაცემი ელექტროეტლების რაოდენობა და დამხმარე საშუალებების ნუსხა, სამინისტრო ჯამში, 25 სახეობის დამხმარე საშუალებას გასცემს. წელს მოსახლეობის გარკვეული კატეგორიის თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამას დაემატება მე-4 საცხოვრისი. 2024 წელს სოციალური დაცვის მიმართლებით დაფინანსება გაიზრდება 20-%-ით, ჯამში, გამოიყოფა 15 700 000 ლარამდე. იგეგმება ინოვაციური დამხმარე ტექნოლოგიების და საკორექციო საშუალებების დაფინანსება. 15 000 ლარამდე გაიზრდება საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ოჯახების ფინანსური დახმარება.
ამოქმედდა ახალი პროგრამები – მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისათვის, ახალშობილთა მეტაბოლური სკრინინგი და სპორტსმენ ბავშვთა კარდიოლოგიური სკრინინგი. 2024 წელს დაიწყება აჭარის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისა და მემთეურების ავადობის კვლევა. 2023 წელს ეკომიგრანტი ოჯახების თანადაფინანსება გაიზარდა 40 000-ლარამდე, უსაფრთხო საცხოვრისი შეიძინა 90-მა ოჯახმა. 2024 წელს სამინისტროს დაფინანსების წილი შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო პროგრამის ბიუჯეტი გაიზრდება 5 216 840 ლარამდე.
2023 წელს დასაქმების სააგენტოს სერვისებით ისარგებლა 13 886-მა მოქალაქემ. ბიუჯეტი გაიზარდა 33%-ით. დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამას დაემატა საჭირო სამუშაო იარაღებით უზრუნველყოფა. 2024 წელს ბიუჯეტი გაიზრდება 1 340 800 ლარამდე. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, იწყება მასშტაბური სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. დაგეგმილია რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე – პედიატრიული დეპარტამენტის, დიალიზის ცენტრის, ასევე №1 პოლიკლინიკისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობების მშენებლობა და ფტიზიო-პულმოლნოლოგიური დეპარტამენტისთვის შენობის რეაბილიტაცია.

