დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია
დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან ე.წ. უდოს საფუძველზე გათავისუფლდა. ცნობისათვის: დეკანოზი თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ, შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა რომ ის საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას „ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით. „ჩვენი პირველი ნაბიჯია ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. შემდეგ საზოგადოებას მივაწვდით ეტაპობრივად ინფორმაციას „ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით, თუ ვინ დგას რეალურად ამ საქმის უკან. ეს არ იქნება უბრალოდ საუბარი, ფაქტებზე იქნება დამყარებული. ჩემს ძმას უფლება აქვს, ისაუბროს იმ ფაქტებზე, რაც სასამართლომ დახურა. პასუხგაუცემელ კითხვებს პასუხი გაეცემა. ნახეთ, რომ საღ გონებაზეა, სამწუხაროდ, ფიზიკურად არის დაუძლურებული, რაც მკურნალობას ექვემდებარება. არ ვაპირებთ მიმალვაში ყოფნას. ჩემს ძმას დაპატიმრებიდან პროკურატურა ეუბნებოდა ბრალი ეღიარებინა და იმ წუთას გამოვიდოდა, რაზეც ხელი არ მოაწერა. მას არც ვინმესთან უვაჭრია და არც ივაჭრებს”, – აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.