1937-38 წლებში რეპრესირებულთა შთამომავლების დნმ კვლევა გრძელდება
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
სოფელ ფერიის ამბულატორიაში 1937-38 წლებში რეპრესირებულთა შთამომავლების მორიგი დნმ კვლევა ჩატარდა. ამჟამად ანალიზი 37-მდე პირმა აიღო. ჯამში ტესტი 137-მა შთამომავალმა გაიკეთა.
აღსანიშნავია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2015 წელს იყო შექმნილი 1937-38 წლებში რეპრესირებულთა სამარხების მოძიების სამუშაო ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც ინახა მოწმე სოფელ კირნათში მცხოვრები, აწ გარდაცვილილი ზურაბ ჯიხაძე, რომელიც 1978 წელს იმ ტერიტორიაზე ცეცხლფარეშად მუშაობდა. სწორედ ამ ადგილას 2017 წელს გათხრების შედეგად რეპრესირებულთა პირველი სამარხი ინახა. მას შემდეგ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი აქტიურადაა ჩართული ამ საქმეში. 2016 წელს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი აღიმართა, რომელიც უშუალო კავშირშია ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე აღმოჩენილ სამარხებთან. სწორედ 2016 წლიდან ყოველი წლის 25 თებერვალს და 22 ივლისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მდებარე აღნიშნულ მემორიალთან საზოგადოება სათანადო პატივს მიაგებენ მათ ნათელ ხსოვნას.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ხათუნა დიასამიძე რეპრესირებულის შთამომავალია. სწორედ მისი დახმარებით შეძლეს ქედაში რეპრესირებულთა შთამომავლების მოძიებაც.
– მოგეხსენებათ, 3 ნეშტის იდენტიფიცირება უკვე მოხდა და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახებს გდაეცათ. ახლა უკვე შთამომავლების დნმ ანალიზები კეთდება. ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია „გაფას“ პრეზიდენტი ქალბატონი მერი გონაშვილი ჩამოდის ხოლმე და ყველანაირად გვერდში გვიდგას. იმედი გაგვიჩნდა, რომ შესაძლებელია ჩვენი წინაპრების ნეშთებიც ინახოს. შთამომავლების დიდი ნაწილი ძალიან დიდი სიხარულით ეგებება ამ ამბავს და სულმოუთქმელად ელიან პასუხებს, თუმცა ეს საკმაოდ რთული და დროში გაწელილი პროცესია. ჯერ შთამომავლების ანალიზი კეთდება, რომელიც ევროპაში იგზავნება, შემდეგ კი მათი დამუშავება ხდება. დამატებით 38 ნეშტის დნმ ანალიზიც გაკეთდა, წინა დღეებში კი 37-მა შთამომავალმა აიღო ანალიზი. სასიხარულო ამბავია, ადამიანები ძალიან დაინტერესებულნი არიან ამ საქმით. თქვენ ვერ წამოიდგენთ, როგორ ელიან პასუხებს, ზოგს საფლავიც აქვს გამზადებული. . . წინ ჯერ კიდევ დიდი შრომა გველის, რამდენიმე სამარხი კიდევ არსებობს, რომლებიც ეტაპობრივად უნდა გაიხსნას. საარქივო მასალებიც უამრავი გვაქვს, მისამართებიც ვიცით. რაც უფრო მეტი შთამომავალი აიღებს დნმ ტესტს, მით უფრო გამარტივდება ეს პროცესი. 2019 წლიდან ბატონი თორნიკე რიჟვაძის მიერ შექმნილია სამთავრობო კომისია, რომელსაც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობს. რეპრესირებულთა პანთეონის გახსნასთან დაკავშირებული პროცესი მიდის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, და ასევე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ზაზა დიასამიძეს, რომელიც ყოველთვის გვერდში გვიდგას. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან თავიდანვე ჩავერთეთ ამ პროცესში, რადგან ერთ-ერთი სამარხი სწორედ აქ არის ნაპოვნი. მეც რეპრესირებულთა შთამომავალი ვარ, ბაბუაჩემიც ამ რეპრესიებს შეეწირა და როგორც საკრებულოს წევრი, ძალიან აქტიურად ვმონაწილეობ. კონტაქტებიც მაქვს და ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოვიძიო. ერთობლივად ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებთ და იმედია, ყველაფერი შედეგიანად დასრულდება, – გვითხრა ხათუნა დიასამიძემ.
აღსანინავია, რომ ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია „გაფას“ და „აჭარის მემორიალს“ შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების (მემორანდუმის) საფუძველზე, ორგანიზაცია „აჭარის მემორიალი“ იძიებს 1937-38 წლებში რეპრესირებულთა შთამომავლებს, ხოლო „საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია“ პერიოდულად იღებს დნმ-ის ანალიზს, რათა დადგინდეს, ვის მიეკუთვნება აღმოჩენილი ნეშტები.
“აჭარის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ შთამომავალთა სოციალური დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია “მემორიალი” რეპრესირებულთა შთამომავლებს თხოვს, გამოეხმაურონ აღნიშნული “მემორიალის” ხელმძღვანელ ზურაბ ზაქარიაძეს ყოველდღე 18:00 საათიდან მობილურის ნომერზე 595721416, რათა ორგანიზებულად ჩატარდეს დნმ-ის ანალიზის აღება რეპრესირებულთა ოჯახის წევრებისაგან.