ბარამიძეების ოჯახი ექიმებს დაუდევრობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს
თამარ ლამპარაძე 595 85 80 06 –
ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს ბრიფინგი 3 თებერვალს ბათუმის სამედიცინო ცენტრში ბი ემ სი ჩვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გაიმართა. აქ დამიანე ბარამიძის მშობლები და ახლობლები შეიკრიბნენ. ოჯახის წევრების თქმით, ბი ემ სის გინეკოლოგიური განყოფილების ექიმების ვაჟა ცირეკიძისა და მაია ძნელაძის უპასუხისმგებლობის გამო ჩვილი დაიღუპა. როგორც მათ გვითხრეს, ორსულობის პერიოდი კარგად მიმდინარეობდა, დედასაც და ჩვილსაც არავითარი პრობლემა არ ჰქონია, ოჯახის ახლობელ ნანა გორგილაძის თქმით , ექიმების დაჟინებული და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად გოგონა დაითანხმეს ბუნებრივ მშობიარობაზე მიუხედავად იმისა, რომ 8 თვის განმავლობაში საუბარი იყო საკეისრო კვეთაზე. მისივე თქმით, გოგონას მშობიარობის დამაჩქარებელი პრეპარატი დაალევინეს, თან უთხრეს, რომ ამის შესახებ არავისთვის ეთქვა. ბარამიძეების ოჯახი ფიქრობს, რომ სწორედ დამაჩქარებელმა პრეპარატმა, რომლის გამოყენება საჭირო არ იყო, გამოიწვია ახალშობილის გარდაცვალება და ეს არის ექიმების დანაშაული. აღსანიშნავია ისიც, რომ მშობიარობის შემდეგ უჟანგბადობის გამო ახალშობილი ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ გადაიყვანეს. ექიმების თქმით, გარდაცვალების მიზეზი უჟანგბადობა გახდა.
ბარამიძეების თქმით, აქამდე იმიტომ ვერ მიმართეს ვერც ჯანდაცვის სამინისტროს და ვერც რომელიმე მედიასაშუალებას, რომ ოჯახში გლოვა ჰქონდათ და ამ ყველაფერს თან დაერთო იმერეთსა და აჭარაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა გლოვაც.
მათი მოთხოვნაა, ჯანდაცვის სამინისტრო და სამედიცინო რეგულირების სააგენტო ჩაერთონ საგამოძიებო საქმეში და გამოიკვეთოს ექიმების ბრალეულობა, რათა მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს.
აღნიშნულ საკითხზე ჩვენ უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძეს გავესაუბრეთ.
– ჩვენ გვაინტერესებს, რამ გამოიწვია ჩვილის დაღუპვა იმ ფონზე, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა. ვთხოვ ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატს, რომ ჩაერთონ ამ პროცესში, რადგან ოჯახს აქვს უფლება, იცოდეს სიმართლე, ასევე – ჩვენ. თუ სამედიცინო პერსონალის დანაშაულთან გვაქვს საქმე, სათანადოდ დაისაჯონ, რათა ხვალ და ზეგ ისევ არ მოხდეს მსგავსი შემთხვევა.
ჩვენ დავუკავშირდით ბათუმის სამედიცინო ცენტრის პრესსამსახურს. მათი თქმით, ახალშობილის გარდაცვალების საქმე უნდა შეისწავლოს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა კომისიამ.
– ბუნებრივია, აღნიშნული შემთხვევის შესახებ ბრიფინგამდეც ცნობილი იყო ბათუმის სამედიცინო ცენტრისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილი გარდაიცვალა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. მოქმედი რეგულაციით, ახალშობილის გარდაცვალება სავალდებულოდ ითვალისწინებს შემთხვევის შესწავლას ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი კომისიის მიერ. ბათუმის სამედიცინო ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს კომისიასთან შესწავლის პროცესში და იმოქმედებს კომისიის დასკვნისა და მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, დამატებითი კომენტარი არ გაკეთდება, – აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

