„ჩვენ ვართ აპოლიტიკურები, მაგრამ ადამიანებს პოლიტიკაში წასასვლელად ვამზადებთ“
თამარ ლამპარაძე 595 85 80 06 –
სასტუმრო „ლე მერიდიანში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსას“ ორგანიზებით გენდერული თანასწორობისა და პოლიტიკური დიალოგის ფორუმი გაიმართა.
„საორსამ“, კანადის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და განვითარების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი „ახალგაზრდა გოგონათა და ქალთა პოლიტიკური კარიერა და ლიდერობა, გენდერული თანასწორობა – გადაწყვეტილების მიღების მოდელირება აჭარაში“, რომლის მიზანია სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა გოგონებისა და ქალების პროფესიული და სპეციალიზებული უნარ-ჩვევების გამომუშავება, განვითარება და გაძლიერება პოლიტიკურ ლიდერობასა და მენეჯმენტში, რომელიც ხელს უწყობს პოლიტიკურ კარიერაში მათ პროაქტიურ ჩართულობას, დაწინაურებასა და კარიერულ წინსვლას. პროექტის ფარგლებში შეირჩა 36 ახალგაზრდა გოგონა და ქალი აჭარის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან: ქობულეთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო. პროექტი 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. „საორსამ“
ფორუმზე წარადგინა ქალთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა სახელწოდებით – „უნივერსალთა ლიგა“. მათი მთავარი მიზანია, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.
„უნივერსალთა ლიგის“ დამფუძნებელ ნონა ბაგრატიას თქმით, მათი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის შესახებ, საზოგადოებში მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია საზოგადოებაში ნებისმიერი ძალადობის აღმოფხვრა და ცნობიერების გაზრდა.
„უნივერსალთა ლიგამ“ ფორუმზე წარმოადგინა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც სოციალური სამართლიანობის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის მოტივებზეა დაფუძნებული.ფორუმზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალთა უფლებები აუცილებლად უნდა იყოს დაცული და განიმარტა, რატომ არის მნიშვნელოვანი და ღირებული პოლიტიკურ ცხოვრებაში, მენეჯმენტში ქალების აქტიური ჩართულობა და გადაწყვეტილების მიღებისა და ლიდერობის შესაძლებლობა.
აღნიშნულ თემაზე პროექტის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ.
ლია ფუტკარაძე, ,, საორსას“ დამფუძნებელი:
– სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღეს, ჩვენ ვმასპინძლობთ გენდერული თანასწორობისა და პოლიტიკური დიალოგის ფორუმს, რომელიც აერთიანებს აჭარის რეგიონში მცხოვრებ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს. ჩვენთან იმყოფებიან დასაქმებულებიც და სამუშაოს მაძიებლებიც, საჯარო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს „უნივერსალთა ლიგის“ პრეზენტაციაა, რომელიც პირველი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობაა აჭარის რეგიონში. ,, უნივერსალთა ლიგა“ იმუშავებს სამი ძირითადი მიმართულებით და მისი გამოძახილი – დაასრულე ძალადობა, მოითხოვე ჯანმრთელობა და დაიცავი ბუნება, გააერთიანებს ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, ქვეყნისა და რეგიონის განვითარების პროცესებში აქტიურად ჩაერთოს. ყველა თქვენგანს შეუძლია ჩაერთოს ამ მოძრაობაში ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
ნონა ბაგრატია, ,,უნივერსალთა ლიგის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი:
– პოლიტიკურ აკადემიაში, რომელიც დააარსაა ,,საორსამ“, შევიკრიბეთ ქალები, რომლებსაც გვაქვს ძლიერი სურვილი, სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ. ამ მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩამოგვეყალიბებინა მოძრაობა სახელწოდებით ,,უნივერსალთა ლიგა“. აქ არიან შეკრებილი განსხვავებული აზროვნების და ძლიერი ადამიანები, რომლებსაც სურთ ტრანსფორმირებულ სამყაროში ინკლუზიური უფლებების მქონე ადამიანების უფლებების დაცვა, მათი პოლიტიკურად გაძლიერება და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდები მოვამზადოთ პოლიტიკისთვის. ხაზგასმით ვამბობ, ჩვენ ვართ აპოლიტიკურები, მაგრამ ადამიანებს პოლიტიკაში წასასვლელად ვამზადებთ. მათ უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს დებატები, ან თუნდაც – ნათქვამის გააზრებულად აღქმა. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რისთვისაც დავაფუძნეთ ეს მოძრაობა. რაც შეეხება გეგმას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა.
მალვინა აბაშიძე, ,,უნივერსალთა ლიგის“ წევრი, პროექტის მონაწილე:
– გენდერული თანასწორობისა და პოლიტიკური დიალოგის ფორუმზე ვისაუბრეთ ჩვენი გუნდის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. ჩვენს სამომავლო გეგმებში შედის რაც შეიძლება მეტი ძლიერი, თავდაჯერებული, მიზანსწარფული ქალბატონი გამოვიყვანოთ ასპარეზზე, მივცეთ იმის საშუალება, შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება და საზოგადოების წინაშე საკუთარი თავის, აზრის წარმოჩენა. ძალიან მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ და კიდევ დიდხანს გავაგრძელებ მათ გვერდით ყოფნას. გეპატიჟებით ყველას ჩვენს გუნდში.