მათ, ვისაც სასკოლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურთ
I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა. მსურველ პირებს გამოცდაზე დარეგისტრირება 2024 წლის 27 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით შეეძლებათ, ხოლო გამოცდები 2024 წლის 18 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით გაიმართება.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდაზე გასვლის უფლება იმ შემთხვევაში აქვს პირს, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.
ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებას რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად რესურსცენტრში შემდეგი წესის დაცვით წარადგენს:
თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში, განცხადებას წარადგენს იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;
თუ პირი არ სწავლობს სკოლაში, განცხადებას წარადგენს ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

