„შვილებსა და შვილიშვილებს ერთმანეთისა და ადამიანების სიყვარულს ვასწავლი დღემდე“
სემინეთ ცეცხლაძე-დარჩიძე მალე დაბადებიდან 80 წლისთავს აღნიშნავს. განვლილ გზაზე იგი „აჭარასთან“ საუბრობს, რაც წინა და 21-ე საუკუნეში ქალმა, დედამ გადაიტანა.
– დავიბადე მაწყვალთელი ნუსხედინ ცეცხლაძის მრავალშვილიან ოჯახში. დედა – გული დავითაძე, სოფელ გუნდაურიდან გახლდათ. ყველა თანასოფლელის მსგავსად, რთული ბავშვობა გამოვიარე. ახლაც ყურში ჩამესმის ჩვენი ახლობლის ალი ცეცხლაძის სამჭედლოდან გრდემლისა და ჩაქუჩის მონოტონური კაკუნის ხმა. ცნობისმოყვარე გოგო-ბიჭები ვაკვირდებოდით, როგორ ჭედდა გავარვარებული ლითონისაგან სასოფლო-სამეურნეო იარაღებს, ოფლში იღვრებოდა. რამდენჯერ გამჩენია სურვილი, რომ გრდემლზე ჩაქუჩი მეც შემომეკრა. მაწყვალთის 8-წლიანი სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლე ვიყავი, როცა ოლადაურიდან მაწყვალთამდე საავტომობილო გზა გამოიყვანეს და სოფელში ავტომობილი პირველად შემოვიდა. ახლა ჩემი შვილიშვილები და შვილთაშვილები კვირაში ორჯერ ბათუმიდან სოფელში მიმოდიან. ჩვენთვის ქალაქის ხმაური, მოლივლივე ზღვა, მატარებელი სანატრელი იყო. 1964 წელს მახალაკიძეებში რომ გავთხოვდი, სოფლებში დენიც არ იყო. ამ სიკეთეს რამდენიმე წლის შემდეგ ვეზიარეთ. ჰოდა, განსაჯეთ, როგორი ბავშვობა მქონდა. ახლა შვილიშვილებს, შვილთაშვილებს რომ ვუცქერი, გული სიხარულით მევსება. ისინი ინტერნეტსივრცეში ისე დანავარდობენ, როგორც თევზები წყალში. პირველ კლასში რომ შევედი, დედაენის წიგნი, ქართული წერის რვეული სანთლით საძებარი იყო. სამ მოსწავლეს ერთი წიგნი გვქონდა. ჩანთა ჯვალოსგან იყო შეკერილი, ხან მელანი ჩაგვექცეოდა შიგ, ხან წვიმაში gviსველდებოდა. სწავლა მაინც არ გვეზარებოდა, კარგი მასწავლებელიც გვყავდა. სკოლიდან ვბრუნდებოდით თუ არა, ან პირუტყვს ვმწყემსავდით, ან ფარდულში თამბაქოს ფურცლების ანემსვით ვიყავით დაკავებული.
– კარგი მოსწავლე ყოფილხართ და უმაღლესი განათლების მიღება რატომ არ ისურვეთ?
– ოლადაურის საშუალო სკოლაში სწავლისას მახალაკიძეებელმა ოთარ დარჩიძემ დამადგა თვალი. ოჯახი ადრეულ ასაკში შევქმენი. არც ვნანობ. შრომამ წარმომაჩინა, საზოგადოებაში ავტორიტეტი მომიტანა. მაშინ ავტორიტეტის მოპოვება, სოფლის, ქვეყნის წინაშე თავის წარმოჩენა არც ისე იოლი იყო, დიდ ენერგიას, მიზანმიმართულ შრომას ითხოვდა. ინტელიგენტს ის წარმატება, აღიარება არ მექნებოდა, რაც მეთამბაქოეობაში შრომით მოვიპოვე – ქვეყნის უმაღლესი ჯილდო მერგო. ამას ისიც დაემატა, რომ 4 წლის განმავლობაში აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი ვიყავი.
– ალბათ, ოჯახი ხელს გიწყობდათ?
– მახალაკიძეებელ დარჩიძეებს საამაყო ბევრი აქვთ. 21-ე საუკუნეში ბადრი, ავთანდილ, ეთერ დარჩიძეების სახით, წარმატებული ხელოვანები გვყავს. ჩემი მიზანი იყო, შვილებიც წინაპრების ადათ-წესების კვალზე გამეზარდა. რომან და გენადი დარჩიძეების სახით, კარგი შვილები გავზარდე. ისიც მახსოვს, პატარებისთვის ერთი აკვანი თამბაქოს ფარდულში რომ მედგა. მეუღლე, დედამთილ-მამამთილი ხელს მიწყობდნენ. სიამტკბილობა სუფევდა ჩემსა და დედამთილს შორის. ახლა ის სიყვარული ჩემს რძლებზე გადამაქვს. წუთისოფელში ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის გატანაა ყველაზე ძვირფასი განძი. ახლაც, ოთარი და მე, 80 წელს ვუახლოვდებით და ერთმანეთს ვეფერებით, რაც შვილებისა და შვილიშვილებისთვის მისაბაძია. ვამაყობ, რომ მახალაკიძეებში მცხოვრები, თუნდაც აქედან გადასული დარჩიძეების გვარში, სისხლის სამართალის პასუხისგებაში მიცემული პიროვნება არ გვყავს. მაზლი ზურაბი მახალაკიძეების საჯარო სკოლის დირექტორია. ერთ ხანს, ამ საგანმანათლებლო კერას ჩემი შვილიც ედგა სათავეში. რომანი ამჟამად შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიაში საქმიანობს. შვილიშვილებიც დასაქმებულები არიან როგორც საჯარო სამსახურებში, ასევე, კერძო სექტორშიც.
– ოთხი შვილიშვილის, 7 შვილთაშვილის მომსწრე ხართ…
– 75 წლის რომ გავხდი, მას შემდეგ ფუნქციები გავცვალეთ – ახლა ჩემი შვილები და შვილიშვილები ზრუნავენ ჩემზე. სითბოს, სიყვარულს, ყურადღებას არ მაკლებენ და სხვა რა უნდა მოხუცს. ვცხოვრობ შვილიშვილების სიყვარულით და ვტკბები მათი ცქერით. გაზაფხულს, ზაფხულსა და შემოდგომას სოფლად ვატარებთ მე და ოთარი. შვილიშვილები ხშირად გვსტუმრობენ, გვანებივრებენ სითბოთი და სიყვარულით. მათი ძირძველ კერაზე ერთად შეკრება სიცოცხლეს მიხანგრძლივებს. ეზოში მანქანა რომ გაჩერდება და იქიდან გადმოდიან, გული სიხარულით მევსება. ვაჟებთან ერთად, გოგონებიც კარგად მართავენ მანქანას, ჩემს ახალგაზრდობაში კი ქალი საჭესთან სირცხვილად ითვლებოდა.
– თქვენი თაობის ადამიანები კომუნისტურ ხანას აძაგებენ?
– როცა საქმე საბჭოთა კავშირს ეხება, ადამიანები სამ კატეგორიად იყოფიან. ერთნი ამბობენ, რომ ცხოვრება კარგი იყო, 37 მანეთად დაფრინავდი მოსკოვში, სახლი, სამსახური, საჭმლის ფული ყველას ჰქონდაო. მეორენი ამტკიცებენ, რომ სოციალიზმი მონობაა და მთელი 70 წლის განმავლობაში ხალხი სწორედ რომ მონობაში ცხოვრობდაო, მესამენი კი – „საბჭოთა კავშირი ცუდი იყო, მაგრამ“… მე ვფიქრობ, ადამიანი ყველა პერიოდში იქნება კარგად, თუ ის მშრომელია. კომუნისტების პერიოდში შრომით მოვიპოვე არაერთი დამსახურებული ჯილდო. ახლაც, თვალს რომ ვავლებ ჩვენ ირგვლივ ხალხს, ვინც შრომობს, მას აქვს ყველაფერი და კარგად ცხოვრობს, ზარმაცი კი ყველა დროში უქონელია. ცხოვრებას ყოველთვის უნდა აუწყო ფეხი, მიჰყვე მის ტემპს.
– შთამომავლობას რას ასწავლით?
– ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ერთმანეთის და ადამიანების სიყვარულს ვასწავლი დღემდე. უნდა იყო კაცთმოყვარე, ღვთის მოშიში, რომ უფლისგან ბოძებული სიცოცხლე ჭეშმარიტად შეირგო. მთელი შეგნებული ცხოვრება ვცდილობდი, ადამიანების სიყვარული და პატივისცემა მომეპოვებინა, მსურს, შთამომავლობამაც ასე იცხოვროს. ადამიანებში უბრალოება მიყვარს. წარმატებების მიუხედავად, თავი ცარიელი თავთავივით მაღლა არ ამიწევია.

