„თუ პატრიოტი ხარ, ერისა და ქვეყნის ისტორია უნდა იცოდე“
ოთარი ცინარიძე 599 85 21 14 –
შარშან გამართულ „შუახევობის“ სახალხო დღესასწაულზე, დაბადებიდან 65 წლისთავთან დაკავშირებით შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსს გულიკო ანთაძე-მიქელაძეს „საპატიო შუახეველის“ წოდება მიანიჭეს. იგი ჩვენი სტუმარია.
– ქალბატონო გულიკო, ელოდით, რომ ამ წოდებას მოგანიჭებდნენ?
– ადამიანს შრომა თუ გიყვარს, კარგად გაქვს გათავისებული დაკისრებული მოვალეობა, სათანადო აღიარების მოლოდინიც უნდა გქონდეს. 1978 წლიდან მოყოლებული, მე და ნენიელი როინ მიქელაძე ერთად მოვდივართ. გურიაში დავიბადე, იქ მივიღე საშუალო და პროფესიული განათლება, თუმცა აჭარის მთიანეთი თავისი მკაცრი ბუნებითა და კეთილი, სტუმართმოყვარე ადამიანებით, ჩემთვის ძალიან ახლობელი აღმოჩნდა. სიყვარულსა და სიკეთეზეა ჩვენი ოჯახიც დაფუძნებული. არც შუახეველების მხრიდან მომკლებია სიყვარული, მადლობა მათ, ვინც ამაგი „საპატიო შუახეველის“ წოდების მონიჭებით დამიფასა. უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, დადგე ამ წოდების მატარებელი ისეთი ქალბატონების გვერდით, როგორებიც არიან და იყვნენ პროფესორი შუშანა ფუტკარაძე, ომის ვეტერანი შურა ლორია, პროვიზორი თამარ გიუაშვილი, შუახეველთა დიდი ქომაგი დალი დურმიშიძე.
– რა საქმეებით დაამახსოვრეთ თავი საზოგადოებას?
– პროფესიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ უმაღლესი განათლებაც მივიღე. შუახევში გამოთხოვებისთანავე მუშაობა საკოლმეურნეობათაშორისო სამშენებლო ორგანიზაციის საბჭოში, სპეციალობის მიხედვით დავიწყე. არ დამავიწყდება ის თავაზიანი, დამრიგებლური დამოკიდებულება, რასაც ამ ორგანიზაციის მაშინდელი ხელმძღვანელი ისაკ ქამადაძე ჩემდამი იჩენდა. იგი მამამთილის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ახმედ მიქელაძის თანასოფლელი და მეგობარი იყო. რაკი მამამთილი ვახსენე, უფალმა სამუდამო სასუფეველი დაუმკვიდროს, ვიტყვი, რომ იგი მადლით მოსილი პიროვნება იყო. სიკეთით სავსე დედამთილი, მული და მაზლები მყავს. საქმე მიყვარდა, რაც რაიონის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ შეამჩნია და შუახევის რაისაბჭოს ბუღალტერიაში გადმომიყვანეს. აქ დიმიტრი ქამადაძისა და გულნარა კეჟერაძის სახით საქმისმცოდნე კოლეგები შევიძინე და მათგან კარგი გამოცდილებაც მივიღე. გონიერი მუშაობის წყალობით, არც კულტურის განყოფილებაში და არც ახლა, მერიაში მუშაობისას, დარღვევები არ მქონია.
– დამრიგებლები ახსენეთ. თქვენ თუ გადასცემთ გამოცდილებას სხვებს?
– თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე სხვაგვარ მიდგომას ითხოვს, თუმცა ციფრები, გაანგარიშება დიდად არ შეცვლილა. ვმუშაობ ძალიან ერუდირებულ სპეციალისტებთან ერთად. ნინო ივანაძე, მალხაზ უსტიაშვილი, თემურ ზოსიძე, რომან მიქელაძე, სამსახურის უფროსი ანზორ ცეცხლაძეც კი ჩემს გამოცდილებას იზიარებენ, აზრს მეკითხებიან, საქმეც კარგად მიდის. ხშირად ჩემი თაობის სპეციალისტები ახალგაზრდებს სიზარმაცეში სდებენ ბრალს. მე ამას ვერ ვამჩნევ.
– საბუღალტრო სამსახური რომ არა. . .
– საშუალო სკოლა ნასაკირალში დავასრულე. ძალიან მიყვარდა მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლალი თავაძე. ვერც ვლასი თალაკვაძესა და ნოდარ ირემაძეს დავუკარგავ ამაგს. მიყვარდა ისტორიული რომანების კითხვა. დღეს, სამსახურებრივი და ოჯახური საქმეებით დატვირთული, ანალიტიკურ-შემეცნებითი გადაცემების სანახავად დროს „ვიპარავ“, ისტორიულ ფილმებსაც ვუყურებ. სამშობლოს, ადგილის დედის სიყვარული ლიტონი სიტყვებით არ უნდა გამოხატო, თუ პატრიოტი ხარ, ერისა და ქვეყნის ისტორიაც კარგად უნდა იცოდე. ახლანდელი პროფესია რომ არა, ისტორიის მასწავლებლობას ვისურვებდი. ცნობისმოყვარე გოგონაც ვიყავი. მიყვარდა გურიაში, სოფლის შუკაში ჩამომჯდარი, სიბრძნითა და წლებით დახუნძლული ადამიანების საუბრების მოსმენა. ახლა იქაც და აჭარის მთიანეთშიც სოფლები დაცარიელებულია.
– გურულ-აჭარელი ბებიის როლი როგორ გაითავისეთ?
– საქართველოში ბებია ყველგან კეთილი, თბილი, მოსიყვარულე, შვილიშვილების დამრიგებელი, რძალ-შვილის მიმხედავი უნდა იყოს. ორ შვილიშვილს მოვესწარი. რძალი დარინა აბულაძე ქედის რაიონის სოფელ პირველი მაისიდანაა. იცის ოჯახისა და შვილების ფასი. მე და როინი მათი იმედით ვცოცხლობთ და ვხარობთ.
– სამსახური თუ გიტოვებთ დროს რომ სოფელს მიხედოთ?
– ოჯახში სამი დედმამიშვილი გავიზარდეთ. მშობლები ბავშვობიდანვე სოფლის საქმეებს გვაჩვევდნენ. ჩემთვის მოუნელებელი ტკივილია 27 წლის ასაკში ძმის დაკარგვა. მისგან ორი ვაჟი დაგვრჩა. ძმის სითბო და სიყვარული ახლა ძმისშვილებზე გადამაქვს. მშობლები სოფლის მეურნეობაში მუშაობით იყვნენ დაკავებულნი. სამსახურებრივი დატვირთვის მიუხედავად, მაზლის ცოლთან – მზიასთან ერთად, 450-500 კილოგრამ ხმელ თამბაქოს ვამზადებდი. ასაკში რომ შევედით, იმ რაოდენობის თამბაქოს ვეღარ ვაწარმოებთ. ნენია კარგი და მოსავლიანი სოფელია, მიწა მუშაობას არ დაგიკარგავს. სხვა სოფლებისგან განსხვავებით, ჩვენთან გამოკეტილი და მიტოვებული სახლი ცოტაა.
– მრავალ ხელმძღვანელთან იმუშავეთ, თანაც უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე. მათთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?
– კარგი. არცერთ პოზიციაზე დარღვევა არ მქონია, რაც ჩემი პრინციპულობითაც იყო განპირობებული. დანაშაულს, თანხების უმიზნოდ ხარჯვას არავინ გაპატიებს, შენც ამ დონემდე არ უნდა მიიყვანო საქმე. ვლადიმერ მამულაძის, ტარიელ ებრალიძის, ფრიდონ ფუტკარაძისა და ომარ ტაკიძის სახით, საქმიანი, ობიექტური ხელმძღვანელები მყავდა.

