ბოლო ცნობებით – უკრაინაში. . .
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ხარკოვის მერ იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსებმა ამ ქალაქის მიმართულებით ორი რაკეტა ბელგოროდის ოლქიდან გაუშვეს. ხარკოვში რუსების სარაკეტო დარტყმების შედეგად 3 საცხოვრებელი კორპუსი, 2 საოფისე შენობა და 33 ავტომობილი დაზიანდა.
აშშ-ის სენატმა 95 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის თითქმის 61 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
– მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცებისთვის, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სენატის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარამდე მოცულობის დახმარების პაკეტის დამტკიცებას. პრეზიდენტი მადლობას უხდის უმრავლესობის ლიდერ ჩაკ შუმერს, „რესპუბლიკელ“ ლიდერ მიჩ მაკკონელს და ყველა ამერიკელ სენატორს, რომელმაც აღნიშნული კანონპროექტის სასარგებლოდ მისცა ხმა.
„მე ასევე მადლობელი ვარ ყველა ამერიკელის, ვინც აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და აღიარებს, რომ ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა სცილდება პოლიტიკას. ასევე, ვაფასებ პრეზიდენტ ბაიდენის მხარდაჭერას, მოუთმენლად ველი კანონპროექტის სწრაფ ხელმოწერას და სამხედრო დახმარების შემდგომ პაკეტს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.