რიკოთის ახალი, 1800-მეტრიანი გვირაბი გაიხსნა
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1800 მ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა. ახალი გვირაბი რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებულ და მშენებარე გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია.
„ახალი გვირაბი სრულად არის აღჭურვილი საგზაო უსაფრთხოების აბსოლუტურად ყველა, მექანიკური თუ ელექტროსისტემით. რა თქმა უნდა, სავენტილაციო, პირდაპირი კავშირების, შეტყობინებების სისტემებით. ასევე, მიმდინარეობს ამ სისტემების მართვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი პარალელური გვირაბი ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება სამი საევაკუაციო, მათ შორის, ერთი სამანქანო გასასვლელით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის საქართველოს ყველაზე გრძელი გვირაბები აღჭურვილი იქნება საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი სისტემებით“, – აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის ახალი გვირაბის დათვალიერებისას.
მინისტრის თქმით, დღეიდან ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ახალი გვირაბით, ძველ გვირაბში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. განახლდება გზის საფარი, გამოიცვლება სანათები, დამონტაჟდება საგზაო უსაფრთხოების აუცილებელი სისტემები.
ირაკლი ქარსელაძემ, ასევე, ისაუბრა რიკოთის ჩქაროსნული გზის დარჩენილ სამუშაოებზეც, რომელიც ინტენსიურად გრძელდება.
„დასკვნით ეტაპზეა შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა და ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები ჩუმათელეთ-ხევის მონაკვეთზე. ზოგიერთი დიდი ფერდის დამუშავება უკვე დასკვნით ეტაპზეა. რა თქმა უნდა, გამოწვევა არის მეწყრულ მონაკვეთზე, სადაც მოეწყობა ახალი გზა, რომელზეც გადაერთვება მოძრაობა. სამუშაოები გაგრძელდება და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საფარის დაგებაც დაიწყება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ამით მთლიანად რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა იქნება დასრულებული“, – აღნიშნა მინისტრმა.

