„ოცნების ქალაქის“ პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო
„ოცნების ქალაქის“ პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო. მშენებლობის სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ჩადო.
პროექტი ქალაქ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირ №88-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს (მეორე ეტაპი) ითვალისწინებს.
მშენებლობის პროექტის მიხედვით, სამშენებლო კომპანია “ანაგი” 9 მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ააშენებს. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპზე დამატებით 1077 ბინა მოეწყობა. პროექტი 36 თვეში დასრულდება.
საცხოვრებელი სახლები გაზმომარაგების, წყლის, წყალარინების და ყველა საჭირო საინჟინრო-კომუნალური ინფრასტრუქტურით აღიჭურვება. ტერიტორიაზე მოეწყობა პარკინგი, ასევე ეზოების გამწვანება და კეთილმოწყობა განხორციელდება. შენობა შშმ პირებზე ადაპტირებული იქნება.
„ოცნების ქალაქის“ პროექტის მეორე ეტაპის განაშენიანების დეტალური გეგმა მომზადდა. ქალაქმშენებლობითი დოკუმენტის მიხედვით, პროექტის ახალი ეტაპი უკვე მთლიანი
ტერიტორიის სწორ ურბანულ განვითარებას, საცხოვრებელი, საგანმანათლებლო და
რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს. საცხოვრებელი ბინების მშენებლობასთან ერთად ტერიტორიაზე საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდება. მოქალაქეებს ადგილზე ასევე სხვადასხვა სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა ექნებათ.
„ოცნების ქალაქის“ მშენებლობის პირველ ეტაპზე, თანამედროვე სტანდარტების, სამი, 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა. 582 ოჯახს ბინა საკუთრებაში უკვე გადაეცა, რითაც 800-მდე ბავშვისთვის ჯანსაღი საცხოვრებელი პირობები შეიქმნა. მოქალაქეებს ე.წ თეთრი კარკასით და ყველა კომუნალური სისტემით გამართული ბინები საკუთრებაში გადაეცათ. მოეწყო საბავშვო ატრაქციები და ეზოების გამწვანება განხორციელდა.

