ჩვენს შესახებ

90 წელი მიითვალა გაზეთმა ,,აჭარამ’’ დაარსების დღიდან ამ ხნის განმავლობაში სახელიც ბევრჯერ იცვალა, ფერიც და შინაარსიც, ერთი რამ დარჩა უცვლელი – ,,აჭარა’’ დღემდე ხალხის გაზეთია.

სიძველისგან გაყვითლებული, თითქოსდა უსიცოცხლო ფურცლები აცოცხლებენ აჭარის ლამის საუკუნოვან ისტორიას, გაზეთის მდიდარ ბიოგრაფიას, რომელიც ასე დაიწყო…

1921 წლის 18 მარტს, აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველივე დღეს გამოვიდა ბათუმის საოლქო რევკომისა და მეთერთმეტე წითელი არმიის პოლიტგანყოფილების ყოველდღიური გაზეთი ,,იზვესტია,, რუსულ და ,,უწყებები’’ ქართულ ენაზე. ,,უწყებები’’ თავდაპირველად ორ გვერდზე იბეჭდებოდა 400 ცალი ტირაჟით და უფასოდ რიგდებოდა დაწესებულებებში. შემდეგომ მას კიდევ ორი გვერდი დაემატა. ,,უწყებების’’ პირველ ნომრებს ხელს აწერდა სარედაქციო კოლეგია. 1922 წლის 1 ივლისს გაზეთს სახელი გადაერქვა და ,,პროლეტარული ბრძოლა’’ ეწოდა. იგი ფართოდ ასახავდა აჭარაში მომხდარ ცვლილებებს, მშრომელთა საქმიანობას. 1923 წლის დამდეგს გაზეთის გამოცემა მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, რამდენიმე თვით შეწყდა. იმავე წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის დახმარებით გამოიცა განახლებული გაზეთი სახელწოდებით ,,ბრძოლა’’. 1924 წელს ,,ბრძოლას’’ ,,ფუხარა’’ (ღარიბი) დაერქვა, გაზეთი ახალ სტადიაში გადავიდა და მუშათა ცხოვრებასთან ერთად, წინა პლანზე სოფლად მიმდინარე გარდაქმნების თემატიკა წამოსწია. ,,ფუხარა’’ თანდათან იკრებდა სოფლკორთა აქტივს. აჭარის სოფლებში გაზეთის 800 ეგზემპლარი ვრცელდებოდა.

1924 წლის დეკემბერში დიდი ზეიმით აღინიშნა , ,ფუხარას’’ მეათასე ნომრის გამოშვება, 1928 წელს კი მისი მეორიათასე ნომერი გამოვიდა. საიუბილეო ნომერში გამოქვეყნებული სტატიები, მილოცვები, მუშკორთა და სოფლკორთა მოგონებები, მათი ფოტოსურათები ფასდაუდებელი მასალაა აჭარაში ბეჭდვითი სიტყვის განვითარების ისტორიისთვის. 1929 წლის მარტში ,,ფუხარამ’’ სახელი შეიცვალა და ,,საბჭოთა აჭარისტანი’’ ეწოდა, 1936 წლის თებერვლიდან უკვე ,,საბჭოთა აჭარის’’ სახელწოდებით გამოდის, დღევანდელი ,,აჭარა’’ კი 90-იანი წლების პირმშოა.

არ მომხდარა რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი მხარის, ქვეყნის ცხოვრებაში, რომელსაც გაზეთი არ გამოხმაურებია. იგი ყველაფერს პირუთვნელად, სიყალბის გარეშე ასახავდა, რითაც მკითხველთა სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა, ამასთან, წარსულთან ფესვებს არ კარგავდა. ასე მოვიდა იგი დღემდე. გაზეთის პოპულარობა პირველ რიგში იმ ადამიანების დამსახურება იყო, რომლებიც აქ მუშაობდნენ, უყვარდათ თავისი პროფესია, რომლებმაც ცხოვრების საუკეთესო წლები და მრავალი თეთრად გათენებული ღამე შეალიეს გაზეთს. თითოეულ მათგანზე ცალკე წიგნიც კი შეიძლება დაიწეროს. მათი კვალი ნათელი არ იკარგება, ტრადიციები თაობებს გადაეცემა.

1928 წელს საიუბილეო გაზეთი ,,ფუხარა’’ წერდა:, ,კიდევ უფრო გრძელია გზა 2000 ნომერს იქით – უსაზღვროებისაკენ, მაგრამ მომავალი ჩვენია’’… ეს გზა გრძელდება.

რედაქციის მთელმა კოლექტივმა თავის ერთგულ მკითხველთან, გულშემატკივართან, საზოგადოებასთან ერთად სახელოვანი იუბილე იზეიმა.

2011 წლის 19 მარტს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაზეთების ,,აჭარისა’’ და ,,ადჟარიას’’ 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო იყო ნათელი სურათი იმისა, რომ საუკუნოვანი ისეტორიის გამოცემა მკითხველის სიყვარულითა და პატივისცემით კვლავაც სარგბლობს, ეს კი უპირატესად, ჩვენი რედაქციის მთელ შემადგენლობას მათ წინაშე უდიდეს პასუხესიმგებლობას გვაკისრებს.

გაზეთი ,,აჭარა” და ,,ადჟარიას” რედაქცია