ისიამოვნეთ, მაგრამ გახსოვდეთ!!!

ავტორი: ნანა მიქაძე

ზაფხული, ზღვა და სანაპირო გართობისა და დასვენების ექსტრემალური საშუალებების გარეშე წარმოუდგენელია. ადრენალინის ჭარბი დოზის გამომწვევ საშუალებებში დამსვენებელთა შორის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ე.წ. მცირე ზომის მცურავი საშუალებები – კატარღები, მოტონავები, ჰიდროციკლები, წყლის ველოსიპედები (კატამარანი), ნავები და ა.შ. მაგრამ სიამოვნებასაც აქვს ზღვარი და თუ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ, ის უსიამოვნებად შეიძლება გვექცეს. ამის მაგალითები წინა წლებში არაერთხელ დაფიქსირდა ჩვენს სანაპირო ზოლში. ყველას კარგად გვახსოვს შემთხვევები, როცა სკუტერებით მოსეირნე დამსვენებლებმა სანაპიროზეც კი დააზიანეს ადამიანები, იყო მსხვერპლიც.
საბედნიეროდ, მსგავსი შემთხვევა, ამ საკურორტო სეზონზე არ ყოფილა და ეს, ცხადია, იმ ღონისძიებების შედეგია, რომლებიც გატარდა. ჯერ კიდევ 2007 წელს ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს 19 ივლისის განკარგულებით, ექსტრემალებისთვის მთელი რიგი შეზღუდვები დაწესდა. პირველ რიგში, მსგავსი მცურავი საშუალებების პარკირებისათვის განისაზღვრა შესაბამისი ადგილები და მათ მფლობელებს მხოლოდ საამისოდ გამოყოფილ ტერიტორიაზე მიეცათ მგზავრთა აყვანის უფლება.
მცირე ზომის მცურავი საშუალებებით მოძრაობა, ამავე განკარგულებით, შესაძლებელი გახდა მხოლოდ სპეციალურად საამისოდ მოწყობილი საზღვაო დერეფნების გავლით. ამასთან, განისაზღვრა ზღვაში თავისუფალი მოძრაობის, გადაადგილებისა და სეირნობისათვის საჭირო დისტანციაც, რომელიც სანაპიროდან არანაკლებ 80-100 მეტრის (სპეციალური ნიშნულების) იქით, ზღვის სიღრმეშია დაშვებული.
კონტროლი დასვენებისა და გართობის ამ ექსტრემალური საშუალებების მოძრაობის უსაფრთხოებაზე თავის დროზე წყალზე სამაშველო სამსახურს დაეკისრა, ისევე როგორც მცირე ზომის მცურავი საშუალებებისათვის პარკირების, გასასვლელი საზღვაო დერეფნებისა და გადასაადგილებელი (სასეირნო) ტერიტორიების ოპერატიულად გამოყოფა, ასევე შესაბამისი ნიშნულების მოწყობა-განთავსება, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული სწავლება-კონსულტირება, პროპაგანდა და პოპულარიზაცია.
ქალაქის თვითმმართველობის განკარგულების შეუსრულებლობისათვის დაწესებულია შესაბამისი ოპერატიული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებებიც.
ამავე განკარგულების თანახმად, წყალზე სამაშველო სამსახური დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ხელმძღვანელობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კუთხით შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების დადგენასა და დროულად გატარებას ითვალისწინებს.

About The Author

Related posts

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *