ანგარიშები დამაკმაყოფილებლად შეფასდა

ავტორი:მანანა მიქელაძე

ბათუმის საკრებულოს მორიგი, 16 აგვისტოს სხდომა მთლიანად ანგარიშებს დაეთმო – თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უმრავლესობამ ქალაქის 2011 წლის 6 თვის ბიუჯეტის და მუნიციპალური პროგრამების შესრულება დამაკმაყოფილებლად შეაფასა, რასაც საკრებულოს ოპოზიცია არ დაეთანხმა. 208,ირველი ანგარიშით დეპუტატების წინაშე ბათუმის მერიისსაფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე წარსდგა. მისი თქმით, ჩვენი ზღვისპირა ქალაქის ბიუჯეტის 6 თვის შემოსულობები 87 პროცენტით შესრულდა
- გეგმით გათვალისწინებული იყო 96 მილიონ 939 ათას 500 ლარი, თუმცა საშემოსავლო ნაწილი შესრულდა 84 მილიონ 420 ათას 600 ლარით. რაც შეეხება გადასახდელებს, აქ შესრულება 86 პროცენტია ანუ გეგმით, ნაშთის ცვლილების გათვალისწინებით, შეადგენდა 108 მილიონ 84 ათას 500 ლარს, ხოლო ფაქტობრივად, შესრულდა 93 მილიონ 416 ათას 700 ლარით,- აღნიშნა არჩილ ვანაძემ. მისი თქმით, საბიუჯეტო შემოსულობების ნაწილში გეგმის შეუსრულებლობა განაპირობა საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან დაგეგმილი ტრანსფერების შემოუსვლელობამ და ეს ლოგიკურად აისახა გადასახდელების ნაწილშიც.
ოპოზიციის ნაწილმა წარმოდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით თავისი უარყოფითი დამოკიდებულება განსაკუთრებით ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შეუსრულებლობის გამო გამოხატა. მერიის წარმომადგენლებმა ეს პირველ კვარტალში ბათუმისათვის დამახასიათებელი უამინდობით ახსნეს და აღნიშნეს, რომ ხშირი წვიმების დროს რიგი სამუშაოების შესრულება შეუძლებელია, ამას დაემატა რიგ შემთხვევაში ჩაშლილი ტენდერებიც, თუმცა, მომდევნო კვარტალებში სამუშაოთა ტემპები გააქტიურდა და ეს მომავალ მაჩვენებლებზეც აისახება.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ქრისტიან-დემოკრატმა ვაჟა ვერულიძემ უმრავლესობას ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის არასათანადოდ დაგეგმარების გამოც უსაყვედურა. გარდა ამისა, დეპუტატის აზრით, პროგრამული ანგარიშების დღეს არსებული ფორმებიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
- ის, რომ ტრანსფერების მიუღებლობის მიზეზით არ შესრულდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, გასაგებია, მაგრამ რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, საშემოსავლო ნაწილის შესრულების შემთხვევაშიც კი, ვერ შესრულდებოდა. ამის მიზეზად უამინდობა და ჩაშლილი ტენდერები დაასახელეს და ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ ხერხდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის სათანადოდ დაგეგმარება. რაც შეეხება პროგრამულ ნაწილს, ის შეუსაბამო იყო წარმოდგენლ მოთხოვნებთან, ფორმა და შინაარსი ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებულია, ამიტომაც მიმაჩნია, რომ ანგარიშის ფორმები სერიოზულად უნდა დაიხვეწოს,- განაცხადა ვაჟა ვერულიძემ.
არჩილ ვანაძის განცხადებით, კვარტალურ შესრულებასთან დაკავშირებით მაჩვენებლები ნორმალურია და მან, ისევე როგორც საკრებულოს წევრების უმრავლესობამ, უსაფუძვლოდ მიიჩნია ოპოზიციის პრეტენზიები. იგივე პოზიცია გამოხატა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემაც, თუმცა, იგი ქრისტიან-დემოკრატ დეპუტატს ანგარიშის ფორმებთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით დაეთანხმა.
- ანგარიშების შესაბამისი ფორმების შემუშავების მიზნით, დავალება მივეცით საფინანსო კომისიას და მათ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დავამტკიცებთ, – აღნიშნა გიორგი კირთაძემ.
ურბანული, კომუნალური ინფრასტრუქტურის, განათლების, კულტურის, სპორტისა და დასვენების ობიექტების რეაბილიტაციის, საბინაო ამხანაგობების განვითარების, ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამების შესრულების ანგარიშები ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ბაღათურიამ წარმოადგინა. მისი თქმით, ქალაქის რიგ ქუჩებში ქვაფენილების დაგებამ შესაბამის საბიუჯეტო პროგრამაში ცვლილებები გამოიწვია და ამ მიზნით გათვალისწინებული 15 მილიონი 7 მილიონ ლარამდე შეამცირა. რაც შეეხება სანიაღვრე არხების რეაბილიტაციას, ქალაქის გარკვეულ ნაწილში დაგეგმილია სრულიად ახალი სისტემის მოწყობა, ამასთან, შესაბამისი საკვლევი სამუშაოებით დადგინდა ისიც, რომ 7 წლის წინათ აშენებული სანიაღვრე პარკი არ საჭიროებს რეაბილიტაციას. ალექსანდრე ბაღათურიას თქმით, გზების კეთილმოწყობისა და სანიაღვრე არხების სამუშაოთა ნაწილის 60 პროცენტით შესრულება წვიმებმა და ჩაშლილმა ტენდერებმა განაპირობა, თუმცა, ამჯერად, მსგავსი პრობლემები არ არსებობს და ნოემბერში გეგმა აუცილებლად შესრულდება.
რესპუბლიკელმა ირაკლი ჩავლეიშვილმა პრიორიტეტების არასწორად განსაზღვრაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბათუმში ველოსიპედების შემოყვანაზე, ველობილიკების გაკეთებაზე 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯა, მაშინ როცა, ქალაქს ისევ არა აქვს სტადიონი და ბათუმის ,,დინამო” საწვრთნელი ბაზის გარეშე რჩება.
- მე არ ვარ ველოსიპედების წინააღმდეგი, მაგრამ ფეხბურთის ბაზის მშენებლობისთვის 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული და თავად განსაჯეთ, რამდენად სწორადაა განსაზღვრული პრიორიტეტები, – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა. იყო სხვა შენიშვნებიც და როგორც ყოველთვის, მათზე პასუხები მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებმა გასცეს.
ამავე სხდომაზე ანგარიშებით წარსდგნენ ქალაქის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურების ხელმძღვანელები.

About The Author

Related posts

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *