ახალგაზრდული თეატრის იმპროვიზაციებში წვიმამაც კი თავისი როლი ითამაშა

 

ავტორი:მარინა მითაიშვილი

ადგილი, რომელიც ახალგაზრდული დასის ხელმძღვანელმა, რეჟისორმა ოთარ ქათამაძემ სპექტაკლის საჩვენებლად შეარჩია, მართლაც, ზედმიწევნით შეესაბამებოდა პროექტს ,,ზაფხულის ღია ახალგაზრდული თეატრი”, რასაკვირველია, არა მხოლოდ ღია ცის ქვეშ ყოფნით – ბათუმის პიაცას გვერდით, ხულოსა და გორგასლის ქუჩების კვეთაში ორ ბათუმურად კოხტა სახლს შორის ლამაზად მოწყობილი სცენა ორგანულად ჩაეწერა სივრცეში. აქ მაყურებლისთვისაც, რომელიც დიდ დარბაზს შეავსებდა, საკმაო ადგილი იყო, ხოლო სცენის უკანა მხარეს ვიწრო ქუჩა კულუარების როლს თამაშობდა მერიის მიერ დაფინანსებული ამ პროექტის ფარგლებში ოთარ ქათამაძემ ორი სპექტაკლი – ,,სასეირო ოინი” (კარლო გოლდონი) და ,,ოთხი ტანგო” დადგა, სადაც პირველი წარმოდგენა – ,,სასეირო ოინი” ნახა მაყურებელმა. ,,Comedia del arte”-ს სტილში დადგმული ეს წარმოდგენა, მართლაც ევროპული სახალხო თეატრის გაცოცხლებაა. ამგვარი თეატრის მსახიობების თამაშიც და სპექტაკლის რეჟისურაც ბოლომდეა მორგებული ქუჩის გარემოს და ხალხის მოთხოვნებს. ყოველგვარი ხმაური, მაყურებლის მოუთოკავი ემოციაც კი მისაღები და გათვალისწინებულია. თუმცა, ,,სასეირო ოინის” მონაწილეები არავის მოუთოკავ ემოციას არ შეუწუხებია. წვიმამაც კი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აშინებდა ღია ცის ქვეშ სპექტაკლის მომწყობთ, დასაწყისამდე 15 წუთით გადაიღო და მხოლოდ მაშინ წამოვიდა, როცა მსახიობები უკვე ,,პაკლონზე” გამოდიოდნენ.
მთავარი, რაც სპექტაკლის მახასიათებლად გამოგვადგება, ის ცოცხალი ძარღვია, რომელიც მისი მსვლელობის მანძილზე არ განელებულა და ყოველი მაყურებელი ბოლომდე დატოვა მის მოყურადედ. რეჟისორმა და მსახიობებმა წარმოდგენის დასაწყისიდანვე შეგვაჩვიეს მოულოდნელობებს.
კარლო გოლდონი, მოგეხსენებათ, ცნობილია კომედიური ჟანრის სწორედ მოულოდნელობებით სავსე სიუჟეტებით, ცოცხალი და მხიარული პერსონაჟებით, ფარსით, რომელსაც ხალისით იღებს მაყურებელი. ოთარ ქათამაძემ, შეიძლება ითქვას, გოლდონისეული ,,ონავრობა” კვადრატში აიყვანა საკუთარი ონავრული მიგნებებით, რომლებსაც მსახიობებიც თავის მარილს უმატებდნენ, რის გამოც მაყურებელს მოსაწყენად არ ეცალა.
უდავოდ, მოულოდნელობას წარმოადგენდა ისიც, რომ სპექტაკლში დაკავებული მსახიობების დიდი უმრავლესობა არაპროფესიონალია ან სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი. იქნებ სწორედ ესაა იმ უშუალობის, ძალდაუტანებლობის, იმპროვიზების და სიახლის სიოს მიზეზი, რომელიც ასე შეუნელებლად ,,ქროდა” სცენიდან. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ ყმაწვილ მსახიობთა თამაშის მანერაში თეატრის მოყვარულები ცხადად ხედავდნენ თავად რეჟისორის – მსახიობ ოთარ ქათამაძის მანამდე ნანახი მხატვრული სახეების აჩრდილებს.
ბუნებრივია, გაგვიჩნდა შეკითხვები, რომლებითაც მას მივმართეთ. თუმცა, ამ საინტერესო ინტერვიუს უკვე გაზეთის შემდეგ ნომერში მოგაწვდით.
მანამ კი გირჩევთ აუცილებლად ნახოთ შემდეგი სპექტაკლიც, ,,ოთხი ტანგო”, რომელიც 20 აგვისტოს, 21 საათზე 6 მაისის პარკში გაიმართება. ეს უტექსტო წარმოდგენა ტანგოს ოთხ მელოდიაზე შექმნილი ოთხი სხვადასხვა ამბავია, რომლებიც პლასტიკის ენით ქმნიან განსხვავებულ განწყობილებებს, რაშიც რეჟისორს ქორეოგრაფი ამირან მახარაძე დაეხმარა.
სექტემბრამდე ოთარ ქათამაძის დასი ზემოთ აღნიშნული სპექტაკლებით სულ 9-ჯერ წარსდგება მაყურებლის წინაშე, ყოველთვის ღია ცის ქვეშ და აუცილებლად ძველი ბათუმის ,,ინტერიერში”, რომელიც შესანიშნავი ცოცხალი დეკორაციაა სპექტაკლებისათვის.
ქუჩაში წარმოდგენის გამართვისას, ბუნებრივია, აქ მდებარე სახლების მცხოვრებლებიც მაყურებლებად იქცევიან საგანგებოდ მოსულ თეატრალებთან ერთად. რეჟისორმა ისინი თანამონაწილეებადაც კი აქცია – სპექტაკლის ფინალში თავწაკრული ქალბატონის მეზობელი სახლის აივანზე გამოჩენამ და ,,საყვედურებმა”, რომ მსახიობებმა მყუდროება დაურღვიეს, ხოლო მოპირდაპირე სახლის აივნიდან მეორე ქალის საპირისპირო ემოციებმა მაყურებლის განსაკუთრებული მხიარულება და მოწონება გამოიწვია.
ძნელია როლების შემსრულებელთაგან რომელიმე განსაკუთრებულად გამოარჩიო, რადგან ყოველი მათგანის თამაში სავსეა იმპროვიზაციით, ხალისითა და საკუთარი თავის ბოლომდე დახარჯვით. ესენია: ცელქი და კეკლუცი ჟანინას შემსრულებელი მარი ხითარიშვილი, კონსტანციას მკაფიო ინდივიდუალიზმით გამორჩეული სახის შემქმნელი ნინო კახიძე, ოინბაზი ფილბერტოს როლში – გივი გიგინეიშვილი, ნონა სურმანიძე – მოახლე, სესილი თედორაძე – სუფლიორი, გიორგი ჩხაიძე, იაგო მორთულაძე – რიკარდო, გიორგი მოდებაძე – გარსკონი, ვაჟა გოგიავა, დათო დიასამიძე -ოფიცერი, დათო კახიძე, გიორგი მოწყობილი – მსახურები, ნატალია გალოგრე, შორენა იაკობაძე – უკმაყოფილო მეზობლები.
ახალგაზრდული თეატრი ზაფხულის განმავლობაში ზემოთ ხსენებული სპექტაკლების გარდა ბათუმის ქუჩებში, ძველსა თუ ახალ ბულვარში მინიატურებსა და თეატრალურ მსვლელობებსაც მოაწყობს. 25 აგვისტოს კი მისი თაოსნობით ბათუმელი ახალგაზრდები საქართველოს პირველი ლედის ინიციატივას – ჯანსაღი ცხოვრების წესი – შეუერთდებიან. ისინი მსვლელობას გამართავენ უსაფრთხო მოძრაობის მხარდასაჭერად.
პროექტი ,,ზაფხულის ღია ახალგაზრდული თეატრი” ბათუმის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების ნაყოფია და მას ახლად შექმნილი ორგანიზაცია ,,არტ-ლაბორატორია” ახორციელებს. იგი ახალგაზრდული თეატრალური დასის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, რაც თავისთავად გულისხმობს ახალგაზრდა, ნიჭიერ შემოქმედთა წარმოჩენასა და მხარდაჭერას. პირველივე სპექტაკლი – ,,სასეირო ოინი”, რომელიც ვნახეთ, მკაფიოდ მეტყველებს, რომ პროექტმა მიზანს მიაღწია.

 

About The Author

Related posts

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *