ხიხანის ციხე – ახალი აღმოჩენის მოწმე

ავტორი:ოთარ ცინარიძე
ხიხანის ისტორიული ციხესიმაგრე მეზობელი ქვეყნის საზღვრის სიახლოვესაა. ციხის კომპლექსი მაღალი მთის თხემზე, დაახლოებით ოთხასი მეტრის სიგრძის მონაკვეთზეა განლაგებული, აჭარის მთიანეთის სხვა ისტორიული ძეგლების მსგავსად, ამ ციხესაც დაშლა-განადგურება ემუქრებოდა. სამი წლის წინათ სხალთა-ხიხანის ხეობის მოსახლეობამ აჭარის მთავრობას ხიხანის ციხის სარესტავრაციო სამუშაოების დაწყება სთხოვა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აჭარის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით დაიწყო პროექტზე მუშაობა. მისი ხელმძღვანელობა სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ცნობილ არქიტექტორს თამაზ დვალს ანდეს.

პროექტი უკვე მზადაა. მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი თხილვანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი შოთა ბოლქვაძე, თხილვანის თემის რწმუნებული როინ თურაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები.

პროექტი ციტადელის კედლების შემორჩენილი ნაწილების კონსერვაციას და გალავნის დანგრეული კედლების აღდგენას ითვალისწინებს. სარესტავრაციო სამუშაოების პარალელურად არქეოლოგიურ გათხრებსაც აწარმოებენ. პროექტის ავტორი ციხეზე შემონახული წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოს არა მარტო აღდგენას თვლის საჭიროდ, არამედ ახლო მომავალში მის ამოქმედებასაც არ გამორიცხავს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სხალთა-ხიხანის ხეობის მკვიდრი სერგო დუმბაძე თვლის, რომ აბუსერისძე ტბელს ამ ეკლესიის ასაგებად დიდი ძალისხმევა გაუწევია. ტაძრის ხუროთმოძღვრად კი სახელგანთქმულ კალატოზს ბოლოკ-ბარელს მიიჩნევს.

პროექტის მიხედვით განახლდება ციტადელი, ანუ აღმოსავლეთის კოშკები, სასახლე, სავარაუდოდ, ამ ტერიტორიაზე იყო მარანი. ხეობის უხუცესებს ახსოვთ, რომ მარანში 60-70 წლის წინათ ათამდე ქვევრის ნაშთები იყო შემონახული. რესტავრატორები მარნის შემორჩენილ კედლებს გაამაგრებენ და დააკონსერვებენ, ხოლო ნაგებობა ხის ძელებზე დაყრდნობილი მიწური ბანით გადაიხურება.

პროექტის ავტორის ფხიზელ თვალსა და მკვლევარის ალღოს არ გამოჰპარვია მნიშვნელოვანი ფაქტი. ბატონმა თამაზმა 2012 წლის ზაფხულში ხიხანის ციხისკენ მიმავალ გზაზე, ციხიდან ასიოდე მეტრის მოშორებით, საცალფეხო ბილიკის სიახლოვეს, უზარმაზარ ლოდზე უჩვეულო ნაკვალევი შენიშნა. ამ აღმოჩენის შესახებ სახელგანთქმულ პალეონტოლოგს, ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს აბესალომ ვეკუას მოუთხრო.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელები ხიხანის ციხეზე ჩამოსვლას აპირებდნენ, რათა ისტორიული აღმოჩენა ადგილზე ენახათ, თუმცა ბატონმა თამაზმა სტუდია ,,არსის” დახმარებით ლოდი თბილისში ჩამოიტანა. საქმეში ჩართეს გეოლოგები რუსუდან ჩაგელიშვილი და თამარ ბერიძე, კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის თანამშრომლები მურმან კვინიკაძე და ნინო ხუნდაძე. მეცნიერებმა ნაკვალევი 12-13 მილიონი წლის წინანდელ ხანას მიაკუთვნეს. ამის შემდეგ ბატონმა აბესალომ ვეკუამ ცხოველის სახეობა დაადგინა. გაირკვა, რომ ნაკვალევი დათვის უკანა ტერფისაა. მეცნიერების აზრით, ასეთი დათვი კავკასიის ტერიტორიაზე 12-13 მილიონი წლის წინათ ბინადრობდა. მკვლევარებმა ამ დათვს ამფიციონი დაარქვეს.

ნაკვალევის მიხედვით მისი ტერფის სიგრძე 18, ხოლო სიგანე 15 სანტიმეტრია. ამ დათვის ფიზიკური წონა საკმაოდ ჩამოუვარდება თანამედროვე მურა დათვის წონას.

პრეისტორიული დათვის ნაფეხური საქართველოს ტერიტორიაზე მესამე უნიკალური ნაკვალევია, საზოგადოებისთვის ცნობილია სათაფლიას დინოზავრების ნაკვალევი; მეორე – თერჯოლის რაიონში, სოფელ საზანოსთან, მდინარე გუსას ხეობაში აღმოჩენილი ნიანგის ნაკვალევი. მესამე ადგილს ხიხანის ციხის მიდამოებში თამაზ დვალის მიერ აღმოჩენილი კავკასიური ამფიციონის ნაკვალევი იჭერს. აღმოჩენის ავტორი თვლის, რომ ამ ნაპოვნმა თხილვანის მუზეუმში ან ხიხანის ციხისკენ მიმავალ გზაზე უნდა დაიდოს ბინა. ამ აზრს იზიარებს თხილვანის მუზეუმის დირექტორი შოთა ბოლქვაძე:

- ჩვენს მუზეუმში ხიხანის ციხის მრავალი ექსპონატი და ფოტოა. არქიტექტორ თამაზ დვალის აღმოჩენამ ჩვენი სოფლების ისტორია ათასწლეულებით გაამდიდრა, – ამბობს ბატონი შოთა.

P. S. მსგავსი ნაკვალევი სოფელ გომარდულშიცაა. ქვის უზარმაზარ ლოდზე ცხოველის ნაფეხური კარგად იკითხება. იმედია, მეცნიერები ამ ნაფეხურითაც დაინტერესდებიან.

About The Author

Related posts

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *