By
რას მიაღწევენ ამ ფასად?!
ნინო ცხვარაძე: 595 96 63 65 – დღეს, საღამოს პარტია „ეროვნული ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართეს. ენმ-ს მომხრეებს, რომლებმაც დემონსტრაციული სვლის შემდეგ ბათუმის ზღვისპირა პარკის კოლონადებთან მოიყარეს თავი, მოუსვლელობის გამო პოსტ-გზავნილით მოუბოდიშა პარტიის ერთ-ერთმა რეგიონალურმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ, რომელსაც მამა გარდაეცვალა და ბუნებრივია, ვერ დაესწრებოდა მისთვის ამ მნიშვნელოვან თავყრილობას. ენმ-ს წევრმა გიორგი კირთაძემ შეხვედრა სწორედ ზემოთ აღნიშნული გზავნილის შინაარსის გაცნობით დაიწყო, შემდეგ კი დარწმუნებით განაცხადა, რომ თხუთმეტიოდე დღეში ოპოზიცია გაიმარჯვებს და „ქართულ ოცნებას“, მისი თავმჯდომარიანად მმართველობის სადავეებს ჩამოაშორებენ.
- ორიოდ კვირა დარჩა ბიძინა ივანიშვილის სახლში გასაშვებად, 15 დღე და წარსულს ჩაბარდება კრიმინალი, რომელმაც დაიპყრო მთელი საქართველო და არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი. კორუფცია, რომელიც ასე მძვინვარებს ჩვენს ქვეყანაში, ნეპოტიზმი, უმოქმედობა და უუნარობა სამწუხარო რეალობაა. ძალიან მალე ჩვენ გვეყოლება ხელისუფლების გუნდი, რომელიც დაამარცხებს ყველაზე დიდ გამოწვევას ამ ქვეყანაში – გაჭირვებას და უმუშევრობას, – ჩვეული პათოსით წარმოთქმული ამ მოკლე სიტყვის შემდეგ გიორგი კირთაძემ მომხრეებს აჭარიდან საქართველოს პარლამენტში, ასევე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა, რომლებსაც წინასწარვე უწოდა „გამარჯვებულებიც“. აი, ისინიც: ლევან ვარშალომიძე, გიორგი კირთაძე, გია აბულაძე, მიშა ბოლქვაძე, ბონდო თედორაძე, ელგუჯა ბაგრატიონი (პარტიული სიის პირველი ნომერი).