ბათუმის თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გაემგზავრა
დღეს, დილით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გაემგზავრა, სადაც, 26 სექტემბერს, სპექტაკლით „ზურმუხტქალაქის ჯადოქარი“ (რეჟისორი – იოსებ ბაკურაძე) წარსდგება მაყურებლის წინაშე. სწორედ ამ სპექტაკლმა გაიმარჯვა ბათუმის პირველ საერთაშორისო თოჯინების თეატრალურ ფესტივალზე (2023 წლის 8-13 თებერვალი) ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკა“ (კომპოზიტორი – სანდრო ნიკოლაძე). სპექტაკლის პრემიერა 2022 წლის 15 დეკემბერს შედგა და თეატრში ბოლო ათი წლის რეკორდი მოხსნა ბილეთის გაყიდვის რაოდენობით საახალწლო სპექტაკლებთან შედარებითაც კი.
თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს სცენას მოძრაობის თეატრი (თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #182, მუშტაიდის ბაღი) დაუთმობს. 26 სექტემბერს, 14:00 საათზე ჯერ არასაფესტივალო ჩვენება გაიმართება, ხოლო 16:00 საათზე – საფესტივალო. ქართული პროგრამა – თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ერთ-ერთი პრიორიტეტული ნაწილია, რომელიც საერთაშორისო კულტურულ სივცეში თანამედროვე ქართული თეატრის პოპულარიზაციას ემსახურება. ეს ქართული პროგრამა 23-იდან 27 სექტებრის ჩათვლით მიმდინარეობს, ხოლო აღნიშნული ფესტივალი 22 სექტემბერს დაიწყო და 18 ოქტომბრის ჩათვლით გასტანს. ფესტივალის არტდირექტორია ეკა მაზმიშვილი.
„ზურმუხტქალაქის ჯადოქარი“ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ფრენკ ბაუმის ნაწარმოების მიხედვით დაიდგა, ინსცენირების ავტორია იოსებ ბაკურაძე, მხატვარი – გიორგი გოგიტიძე, ქორეოგრაფი – ნინო კვიტაიშვილი, სიმღერის ტექსტის ავტორი – დალი თედორაძე, რეჟისორის თანაშემწე – ნანა თოლორდავა. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: სალომე ცაგურია, მერი დიასამიძე, ქეთევან სამხარაძე, ეკატერინე გვარამია, ლევან მიდილიში, რევაზ ხოფერია, თედო ტუღუში, ალექსანდრე გაბაიძე, მინდია ჩოხარაძე, ირინე ღლონტი, ნინო დავითაშვილი, სოფიო ცინცაძე, მარიკა ბულეიშვილი. ასაკობრივი ზღვარი – 4+
ბათუმის თეატრის დასთან ერთად საფესტივალო დელეგაციაში შედიან დირექტორი იმედა თავდგირიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარეხ ტუღუში, რეჟისორის თანაშემწე ნანა თოლორდავა და სცენის ტექნიკური პერსონალი.