
საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში
ოთხ დღეს მიმდინარეობდა საქართველოს ვაჟთა და ქალთა შორის ჩემპიონატი ჭადრაკში შშმ პირთა შორის, რომელსაც სასტუმრო „იბის სტაილს ბათუმმა“ უმასპინძლა.
ღონისძიება საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ტურნირი ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 8 ტურად მიმდინარეობდა.
ჩემპიონატი გუშინ დასრულდა და გამარჯვებულებიც იქვე დასახელდა.
ვაჟთა შორის პირველ ადგილზე ამირან მალანია (ქობულეთი) გავიდა, მეორეზე – ლერი ტალიკაძე (ქუთაისი), მესამეზე – ბადრი ცეცხლაძე (ხულო).
გოგონებში პირველი ადგილი ქუთაისელმა ანანო გოგონაძემ დაისაკუთრა, მეორე – თეკლა გახოკიძემ (თბილისი), მესამე – ანა მგელაძემ (ბათუმი).
საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები მედლებითა და დიპლომით დაჯილდოვდნენ, ჩემპიონებს ასევე თასი გადაეცათ. ფასიანი საჩუქრით ტურნირის ყველა მონაწილე დაასაჩუქრეს.
გამარჯვებულები აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ივანე მაისურაძემ, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა სალომე მელიამ და სასტუმრო „იბის სტაილს ბათუმის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორმა მაია დუმბაძემ დააჯილდოვეს.
– ასეთ ტურნირში პირველად ვმონაწილეობდი, საუკეთესოდ იყო ორგანიზებული, მადლობა სალომე მელიას, რომ ტურნირებს ყოველთვის კარგად ატარებს, – აღნიშნა აჭარისწყლის მკვიდრმა ზურაბ ზაქარიაძემ.
– რადგან სპორტული სასტუმროს წარმომადგენლები ვართ, ვცდილობთ, ამ სფეროს მიმართულებით ყველა ღონისძიებას ხელი შევუწყოთ, სპორტის განვითარებაში პატარა წვლილი ჩვენც შევიტანოთ. განსაკუთრებით ვუდგავართ მხარში აჭარის ჭადრაკის ფედერაციას, რომელმაც თანამშრომლობისთვის პირველმა მოგვმართა. მაქსიმალურად ვცდილობთ, თანასპონსორობის ფარგლებში, ამა თუ იმ ღონისძიებას ვუმასპინძლოთ. გვიხარია, რომ შშმ პირთათვის ჩემპიონატიც ჩვენთან ჩატარდა. ოთხი დღის განმავლობაში ჩვენც და თავად მონაწილეებმაც ძალიან ვისიამოვნეთ, – გვითხრა მაია დუმბაძემ.
– ხშირად ვმონაწილეობ ამ ტურნირში, მართალია, წელს საპრიზო ადგილზე ვერ გავედი, მაგრამ გული არ მწყდება. ჩემთვის მთავარი მონაწილეობაა, – გვითხრა ქედის რაიონის მკვიდრმა რომან წითელაძემ.
– პროფესიონალი მოჭადრაკე გახლავართ, არაერთ ტურნირში ვმონაწილეობდი, მაგრამ ამ კატეგორიაში პრველად ვითამაშე. ვარ მოთამაშე-მწვრთნელი. აქ შვიდიდან შვიდივე თამაში მოვიგე, – თქვა ამირან მალანიამ.
– ეს ჩემპიონატი დაარსებიდან ჩვენს ქალაქში იმართება. წელს 14 სპორტსმენი მონაწილეობდა, შარშანდელზე ოთხით მეტი. აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი იყო ჩართული. ამ სასტუმროში უკვე რამდენიმე ღონისძიებას ვატარებთ, ხელმძღვანელობა ყოველთვის გვერდში გვიდგას. მადლობა მათ და ყველას, ვინც ამ ტურნირის ჩატარებაში გვერდით დაგვიდგა. ასეთი ღონისძიებები შშმ პირებისთვის აუცილებელია, – გვითხრა სალომე მელიამ.
მანანა ძიძიშვილი