სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას ტოვებს
ნინო ცხვარაძე 591 98 24 30
– გუშინ სამ პაციენტს პირველი კვლევა ჩაუტარდა. ტესტმა კოვიდ-19-ზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. 24 საათში პაციენტებს განმეორებით კვლევისას არ დაუდასტურდათ კორონავირუსი. შესაბამისად, ისინი კლინიკას ტოვებენ, – გვითხრა ჰოსპიტალური ქსელი „მედალფას“ რეგიონალურმა დირექტორმა ლევან ანთაძემ. მისივე თქმით, 40 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცებს ევროპაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ და ინფექცია მათ შემთხვევაში მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობდა.
– სამივე პაციენტი საკარანტინე ზონიდან იყო გადმოყვანილი. მათგან ერთს ჰქონდა მსუბუქი ფორმის წილობრივი (ცალმხრივი) პნევმონია. პაციენტები კლინიკის დატოვების შემდეგ თავიანთი სურვილის შესაბამისად, ან თვითიზოლაციაში გადავლენ, ან კარანტინში დარჩებიან ორი კვირის განმავლობაში, – გვითხრა ლევან ანთაძემ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე „მედალფაში“ კოვიდ- 19-ის დიაგნოზით 9 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
– ყველა პაციენტი, რომელსაც კოვიდ- 19-ი დაუდასტურდება, ჯერჯერობით სამკურნალოდ გადმოვა ჩვენთან. მალე პაციენტების მართვაში რესპუბლიკური საავადმყოფოც ჩაერთვება, – ამბობს ლევან ანთაძე.
მისივე თქმით, 80 წლამდე ქალბატონის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია, თუმცა აღენიშნება ორმხრივი წილობრივი პნევმონია. რაც შეეხება ერთ მამაკაცს, ის ისევ რჩება მართვით სუნთქვაზე.