ერაყიდან საქართველოს 70 მოქალაქე დაბრუნდა
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93
ერაყიდან სამშობლოში საქართველოს 70 მოქალაქე დაბრუნდა. აჭარის მთავრობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იორდანიაში საქართველოს საელჩოს კოორდინაციით, ერაყის რესპუბლიკის ქურთისტანის რეგიონიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ჩარტერული რეისი განხორციელდა.
რეისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია „რეკან გრუპ ჯორჯიამ“ დააფინანსა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნებს შორის დაკეტილია სახმელეთო საზღვრები და გართულებულია გადაადგილება. შესაბამისად, სპეცრეისით საქართველოში დაბრუნდნენ მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ერბილიდან, ერაყიდან ჩამოსვლას.
აღნიშნული რეისით 24 მარტს ერაყში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეც ჩამოასვენეს. ახალგაზრდა კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. ის საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.
-სახელმწიფო, ხელისუფლება თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში აგრძელებს ზრუნვას იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ სამშობლოში დაბრუნების სურვილს. მორიგი ასეთი რეისი შესრულდა და ერაყიდან გადმოყვანილია საქართველოს 70 მოქალაქე, მათ შორის, გარდაცვლილი პირი. რეისი აჭარის მთავრობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იორდანიაში საქართველოს საელჩოს კოორდინაციით განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ზრუნვა გაგრძელდება ყველა სხვა მიმართულებითაც, სადაც გამოითქმება სურვილი, რომ ჩვენი მოქალაქეები დაბრუნდნენ სამშობლოში. ისინი, სტანდარტულად, გადაინაცვლებენ საკარანტინე ზონაში, სადაც გამოიკვლევენ, 14-დღიანი პერიოდის შემდგომ კი დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს, – განაცხადა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.