გიორგი რომანაძე: ანტიკრიზისული გეგმა იყო დროული და საკმაოდ მოცულობითი ჩვენი ბიუჯეტის ფონზე
ნინო ცხვარაძე 591 98 24 30
ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წარმოადგინა, ბუნებრივია, ყველასთვის მისაღები და შეღავათის მიმცემი არ არის პანდემიის პირობებში, რადგან ქვეყნის ბიუჯეტი მეტის საშუალებას არ იძლევა. შემოღებული შეზღუდვების პირობებში, უდავოდ, ყველაზე მეტად დაზარალდებიან თვითდასაქმებულები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი თავის იმედად იყვნენ. ვინ რა სარგებელს ნახავს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმისგან, ამაზე და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე „აჭარასთან“ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძემ ისაუბრა.
– ბუნებრივია, მოსახლეობისთვის არ არის საკმარისი ის დახმარება, რასაც მათ სახელმწიფო ამ ეტაპზე სთავაზობს. ხალხმა დაკარგა სამსახური, ბევრი მათგანი თვითდასაქმებული იყო. ქვეყნის ბიუჯეტი არ იძლევა საშუალებას, სრულად ანაზღაურდეს ის თანხები, რასაც ისინი ყოველთვიურად გამოიმუშავებდნენ სახელმწიფო თუ კერძო სექტორში, ასევე, თვითდასაქმებით. მიუხედავად ამისა, მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, ვფიქრობ, იყო დროული და ბიუჯეტის ფონზე საკმაოდ მოცულობითი, – გვითხრა გიორგი რომანაძემ.
– ბატონო გიორგი, დასაქმებულებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მინიმალურად მაინც დაეხმარება. თვითდასაქმებულებს რა ეშველებათ, რომლებიც მხოლოდ ერთჯერად, 300-ლარიან დახმარებას უნდა დასჯერდნენ?
– სამწუხაროდ, ეს არის ის, რისი შეთავაზების შესაძლებლობაც აქვს სახელმწიფოს. ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ვერ იქნება იდეალური, რადგან ჩვენი ეკონომიკა და ბიუჯეტი ვერ იძლევა იმის მთლიანად კომპენსაციის საშუალებას, რასაც მოსახლეობა ყოველთვიურად ღებულობდა. თუმცა კონკრეტული სეგმენტისთვის შეთავაზებული კომუნალური პაკეტი საკმაოდ სერიოზულია. ძალიან ბევრი, დაახლოებით, 200 ათასი ადამიანი, გათავისუფლდა დასუფთავების, წყლის და ელექტროენერგიის, ხოლო 700 ათასი – ბუნებრივი აირის გადასახადისგან, რაც ასევე შეღავათია. გეთანხმებით, რომ 6 თვის განმავლობაში 200-ლარიანი დახმარება და ერთჯერადი – 300 ლარი საკმარისი ვერ იქნება ოჯახებისთვის.
– ამასთან, დღის წესრიგში დადგება იდენტიფიცირების პრობლემა, თუ ვის ეკუთვნის ერთჯერადად 300-ლარიანი დახმარება და პროცესიც დროში გაიწელება. ავიღოთ თუნდაც სამთავრობო ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეები ფაქტობრივად, ვერ ახერხებენ დარეკვას, იმის დამტკიცება კი, რომ შემოსავალი ჰქონდა, საკმაოდ რთული იქნება.
– არ იქნება ადვილი იდენტიფიცირება იმიტომ, რომ ეს ადამიანები არ არიან ჩვეულებრივი დასაქმებულები, რომელთა ვინაობაც ბაზაშია შეტანილი, ისინი საშემოსავლოს არ იხდიან და ა.შ. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რაღაც მექანიზმი შემუშავდება, რომ ის მინიმალური 300 ლარი დროულად მიიღონ.
– ხელისუფლება 3 მილიარდ დოლარზე მეტის მობილიზებას აპირებს. რა შეღავათი ექნება ბიზნესს? დავიწყოთ სამშენებლო ბიზნესით, მსხვილი კომპანიების გარდა, თითქმის ყველა გაჩერებულია. პირად საუბრებში ამბობენ, რომ რეგისტრაციაც ვერ მოახერხეს მუშაობის გაგრძელების უფლების მისაღებად.
– დავიწყოთ იმით, რაც ბატონმა გიორგი გახარიამ თქვა. ჩვენ ამ ეტაპზე ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება მინუს 4 პროცენტი. მთლიანად, ბიუჯეტის შესავსებად, სავარაუდოდ, 3 მილიარდ ლარზე მეტი დაგვჭირდება. აშშ-ისა და ევროკავშირის დიდი დახმარებით, შეთანხმებულია პროექტები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და, საერთო ჯამში, მოგვცეს 3 მილიარდი დოლარის მიღების მყარი გარანტია. მილიარდ-ნახევარი დოლარი მიმართული იქნება კონკრეტულად ბიუჯეტში, მეორე მილიარდ-ნახევარი დოლარი კი კერძო სექტორში, კონკრეტულად – ბანკებში. მჯერა, მალე დავამარცხებთ პანდემიას, მაგრამ ყველაზე რთული იქნება პოსტკრიზისული პერიოდი. პირველი, რასაც მთავრობა აკეთებს, დღგ-ის ავტომატურად დაბრუნებაა. არანაირი ბიუროკრატია არ იქნება საჭირო, არც განცხადების დაწერა და სხვა. 600 მილიონი ლარის რესურსი იქნება ხელმისაწვდომი ბიზნესისთვის, მათ შორის, სამშენებლო ბიზნესიც იგულისხმება.
– ხელმისაწვდომობაში რას გულისხმობთ, რა შემთხვევაში შეეძლებათ ისარგებლონ ამ სიკეთით? ახალი მშენებლობების წამოწყებისას იქნება ეს შეღავათები?
-სამწუხაროდ, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ინფორმაცია ჩემთვისაც ახალია, მაგრამ როგორც სამშენებლო ბიზნესში ჩახედულმა, ასე გავიგე: ეს იქნება 600 მილიონი ლარი დღგ-ის დასაბრუნებლად. სამშენებლო ბიზნესი დამოკიდებულია საბანკო სექტორზე, იმ მილიარდ-ნახევარი დოლარიდან, საკრედიტო ხაზებზეა საუბარი და შემდეგ მთავრობა გამოყოფს გრძელვადიან რესურსს მიზნობრივი პროექტებისთვის, რითაც პირდაპირ თუ ირიბად სამშენებლო ბიზნესი ისარგებლებს. აღნიშნული ბიზნესი დამოკიდებულია გაყიდვებზე, ხოლო ის კომპანიები, რომლებიც ქალაქის პირველ ზოლში აშენებენ, მთლიანად უცხოელებზე არიან დამოკიდებულები. ვფიქრობ, აქ იქნება პრობლემა. რაც შეეხება საკრედიტო-საგარანტიო სქემას, როგორც ვიცით, ბანკები საკმაოდ პესიმისტურ გათვლებს აკეთებენ იმ ბიზნესების ასამუშავებლად, რომლებიც გაჩერებულია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ისინი მალე გააგრძელებენ საქმიანობას, ვინაიდან გაჩერებული ბიზნესს დიდი რისკია, რომ ბანკებმა უარი უთხრან კრედიტზე. მთავრობა ასეთი ბიზნესის დასახმარებლად, დაახლოებით, 2-მილიარდიან საკრედიტო პორტფელზე საუბრობს. გარდა ამისა, პროექტის „აწარმოე საქართველოში“ სესხების და ლიზინგის ვადები იცვლება. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე იზრუნა ხელისუფლებამ. ფერმერებმა საკმაოდ დიდი დარტყმა მიიღეს, ამიტომ მიზნობრივი ნაბიჯები გადაიდგა. საგრანტო პროგრამები, რომელთა მოცულობა 5 ათასი ლარია, მათთვის, ვინც ბიზნესს წამოიწყებს, 30 ათას ლარამდე იზრდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირველადი სასურსათო ბაზის შესაქმნელად, ერთწლიან კულტურებზე იქნება საგრანტო პროგრამები, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“. ვისაც ჰქონდა ბიუჯეტის დავალიანება 2020 წლამდე, მთლიანად ჩამოეწერება და როგორც იუსტიციის მინისტრმა თავის დროზე თქვა, სამი თვის განმავლობაში აუცილებლად მოხდება დაურეგისტრირებელი მიწების რეგისტრაცია, შესაბამისად ნაკლები მიწა დარჩება დაუმუშავებელი, რაც ეკონომიკას წაადგება. მინდა ვთქვა, რომ კოვიდ-19-თან საბრძოლველად ბიუჯეტში იქნება 3 მილიარდ-ნახევარი ლარი. ეს თანხა არ ეხება პოსტკრიზისულ ცვლილებას. ანტიკრიზისული ბიუჯეტიდან დაფინანსდება მოქალაქეებზე ზრუნვა როგორც სოციალური მიმართულებით, ისე ერთჯერადი დახმარებების სახით და ეს დაახლოებით მილიარდ 35 მილიონი ლარი იქნება, ეკონომიკის მიმართულებით – 2 მილიარდ 10 მილიონი ლარი და ჯანდაცვის მიმართულებით – 350 მილიონი ლარი.
– პრემიერმა პენსიების ზრდა დააანონსა, რაც მომავალი წლიდან ისედაც იყო დაგეგმილი.
– არ იყო კონკრეტული თანხა გამოცხადებული. ახლა უკვე ვიცით, მომავალი წლიდან რამდენით გაიზრდება პენსია. 2021 წლიდან – 20 ლარით ყველა პენსიონერისთვის და 70 წელს ზემოთ – 25 ლარით.
– ვიცით, რომ ბრენდული სასტუმროები საკარანტინო ზონებისთვის იქირავა სახელმწიფომ და ამით ერთგვარი შეღავათი მისცა მათ, მაგრამ ზოგადად, ანტიკრიზისულ გეგმაში თუ იყო ტურიზმის მიმართულებით რაიმე გათვლა?
– ბრენდული სატუმროებისთვის საკმაოდ რთული პერიოდი იქნება. არა მხოლოდ ტურისტი იყო მათი ძირითადი შემოსავლის წყარო, სათამაშო ბიზნესიდან სოლიდურ თანხებს იღებდნენ. როგორც ვიცით, 27 აპრილიდან საუბარია შეზღუდვების მოხსნაზე და დიდი იმედი მაქვს, მანამდე გაძლება მოუწევთ. უხეში ნათქვამია, მაგრამ, ალბათ დროულად დავამარცხებთ პანდემიას.
– ტურიზმის სფეროში გიდებიც იყვნენ დასაქმებულნი.
– დიახ, იყვენენ ფიზიკური პირები, რომლებიც შემოსავლებს ღებულობდნენ და დღეს შემოსავლების დადასტურებასაც ვერ მოახერხებენ. მათ სუბსიდირებას სახელმწიფო ვერ შეძლებს. სამწუხაროდ, გვექნება მძიმე, დასაძლევი პერიოდი. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სახელმწიფო კომპანიებს, რომლებმაც თანამშრომლები შეინარჩუნეს. საბედნიეროდ, არის ჩვენს ქვეყანაში კომპანიები, რომლებმაც კრიზისულ სიტუაციაში ხელფასებიც კი გაუზარდეს დასაქმებულებს. ამიტომ, მთავრობამ 750 ლარამდე თანხა მთლიანად გაათავისუფლა საშემოსავლო გადასახადისგან, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში – ნახევარ საშემოსავლოს არ გადაიხდიან. ამას გარდა, სოციალურად დაუცველები და შშმ პირები გარკვეული დახმარებით ისარგებლებენ 6 თვის განმავლობაში, რაც შეღავათი იქნება მათთვის.
– ფაქტია, ყველაზე მეტად თვითდასაქმებულები დაზარალდებიან, რომლებიც საკუთარი საარსებო წყაროსთვის სახელმწიფოს არ აწუხებდნენ.
-გეთანხმები, სწორედ ამ ადამიანებს მიადგებათ ყველაზე მძიმე დარტყმა, მაგრამ არა მხოლოდ თვითდასაქმებულები დაზარალდებიან, არამედ ისინიც, ვისაც კარგი ხელფასები ჰქონდათ, მუშაობდნენ კაზინოებში, რესტორნებში და სხვა. მიუხედავად პროგრამებისა. თუ ასე წავალთ პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, უკეთესი შედეგები გვექნება და იმაზე ადრე ამოქმედდება ყველა სფერო, ვიდრე გამოცხადდა.
– სახელმწიფომ ძირითად პროდუქტებზე ფასების ზრდა შეაჩერა, მაგრამ მაინც ბევრი აუცილებელი პროდუქტია, არა მარტო საკვები, რომლებიც დღითი დღე ძვირდება.
– სამწუხაროა, რომ ბევრმა ცუდად ისარგებლა შექმნილი მდგომარეობით. გაიზარდა ფქვილის ფასი, ის ვინც სულით და გულით ვაჭარია, მისთვის მეორეხარისხოვანია პანდემია, ვინ მშიერია და ვინ მწყურვალი. მთავარია, მეტად იხეიროს ამ გაჭირვებით. ნიორი რომ 30 ლარი ეღირება, რა უნდა ვთქვათ. როცა ფასების დაზღვევაზე ვსაუბრობთ, აქ იგულისხმება იმპორტიორები და ძირითად 9 პროდუქტზე მოხდა ფასების დაზღვევა. ამასთან, მნიშვნელოვანია მიმდინარე და გამოსაცხადებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელსაც არანაკლები პრობლემა შეექმნა ფასების მიმართულებით. სამშენებლო მასალების ფასი გაძვირდა და დაახლოებით 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული სამშენებლო მასალების ფასების დაზღვევაზე. გამოცხადებული და სატენდეროდ გამზადებული პროექტებია მხედველობაში. ამით საკმაოდ დიდი ტვირთი მოიხსნება. ამასთან, ავტოიმპორტიორებისთვის გადავადდა განბაჟება. სესხები გადაუვადდათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ასეთი კრიზისი გვქონდა 2008 წელს, ავბედითი აგვისტო გვახსოვს, სამწუხაროდ. მაშინდელი მთავრობა არ ჩაერია ბანკებთან მოლაპარაკებაში. ასე ოპერატიულად რომ მომხდარიყო საფინანსო ორგანიზაცებთან შუამდგომლობა, გადავადებულიყო სესხები, არ გვეყოლებოდა იპოთეკარები. ვინც მოითხოვა რესტრუქტურიზაცია, გადარჩა, ისინი კი ვინც სახელმწიფოს იმედად დარჩნენ, რომ ვალებს ჩამოაწერდნენ თუ სხვა, ყველაზე მეტად დაზარალდნენ – არაკეთილსინდისიერმა საფინანსო ორგანიზაციებმა ისარგებლეს ვითარებით და ის უძრავი ქონება, რომელიც უზრნველყოფაში იყო ჩადებული და „ქაჩავდა“ სესხის თანხას, სესხიან-პროცენტიან-ჯარიმიანად ერთ სესხად გაუერთიანეს, ერთ სესხად „აუნთეს“ და დღემდე მოსდევთ ადამიანებს იმდროინდელი დავალიანებები. იმ პერიოდში ზოგი წავიდა კერძო მევახშესთან და ამ ყველაფერს რაც მოჰყვა, ყველამ ვიცით. დღემდე მაინც მოუგვარებელია იპოთეკარების პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩაერთო და მოხდა პროცენტის სუბსიდირება. დღეს კი საკმაოდ დროულად გადავადდა სესხები და არ მივიღებთ იგივე იპოთეკარების ტალღას.
– რამდენად გამჭვირვალე იქნება ფინანსებთან წვდომა?
– დიდი იმედი მაქვს, როგორც აქამდე მოვდიოდით, ასე წავალთ და პროცესი გამჭვირვალე იქნება. ვნახოთ, აღდგომა და ხვალეო. დაბოლოს, მესმის, ადამიანები დაიღალნენ მოწოდებით – დარჩნენ სახლებში, მაგრამ თუ ასე არ იქნება, მეტი რისკია ინფიცირებულთა რიცხვის გაზრდისა. ნუ ვიქნებით გულგრილები, ვენდოთ პროფესიონალებს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.