„რა გადაარჩენს სამშობლოს?“ – „მიწა გვპატრონობს და გვარჩენს“
ნაირა ფუტკარაძე: 27 48 93 –
ხათუნა ღურჭუმალიძე მშრომელი ქალის მაგალითია თავის სოფელშიც და მთელ რეგიონშიც. მარტო ზრდის სამ შვილს, პედაგოგად მუშაობს და ამასთან, ფერმერობასაც უმკლავდება. დღეს იგი ჩვენი სტუმარია და მოგვიყვება სოფელ ნასპერზე, რომელიც საინტერესო ისტორიითაა ცნობილი, გვიამბობს, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული სოფელში ცხოვრება.
– ალბათ არაფერია სოფელში ცხოვრებაზე რთული, მაგრამ ბუნებაში ცხოვრებაზე დიდი ბედნიერებაც არ არსებობს. . . სოფელი დაკარგული სამოთხეა დედამიწაზე – შიმშილსა და სიღარიბეს მაშინ გადამარჩინა, როცა ქვეყანაში არეულობა იყო. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერში გავიზარდე. მეოთხე გოგონა ვარ ოჯახში. საინტერესოა ჩემი დაბადების ისტორია. ბაბუა პორფილე ღურჭუმალიძე მაშინ 97 წლის იყო. ჩემი დაბადების მახარობლად მასთან დეიდაჩემი მისულა და უთქვამს, არ ვარ კარგი მახარობელი, გოგო გვეყოლაო. გამოსულა ბაბუაჩემი გარეთ და თოფი დაუცლია, ჩემი რძალი მიყვარს, მისი შვილიც კარგი იქნებაო. 1975 წლის 26 მარტს დავიბადე. იმავე თვის ბოლოს ბაბუ გარდაიცვალა და სანამ დაგვტოვებდა, დავულოცივარ, რომ მამის ფუძე, არ მომეშალა, კერია არ გამეციებინა, ობლობაში აშენებული მისი სახლი ნასახლარად არ მექცია და გავმრავლებულ-ავშენებულიყავი. ამის გამო დავბრუნდი სოფელ ნასპერში 19 წლისა ქალაქ ქუთაისიდან, სადაც სკოლა და უნივერსიტეტი დავამთავრე. ოჯახიც აქ შევქმენი. სამი შვილის დედა ვარ. ამჟამად ნასპერის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად ვმუშაობ. გარდა ამისა, ვარ მეწარმე, რომლის მთავარი მიზანი დავიწყებული ლეჩხუმური სამზარეულოს რეცეპტების აღდგენა და აგროტურიზმის განვითარებაა. ჩემზე ამბობენ, საწებლისა და აჯიკის დედოფლიაო, მოსწონთ, როგორც ჩანს, ჩემი ნახელავი. ნასპერი ლამაზი სოფელია, დიდი ისტორიით. სოფელში წარმართული ხანის სალოცავია – ისკელიტა. აქვე აღმოჩენილია ძვ.წ. აღ. V-VII საუკუნეების არქეოლოგიური არტეფაქტები. მეამაყება, რომ ჩემს სოფელში თესავდნენ ხორბლის სახელგანთქმულ სახეობებს – მახასა და ზანდურს. ადგილს, სადაც ამ ჯიშებს თესავდნენ, ნაზანდურებს ვეძახით. ხეხილის მყნობა მამამ მასწავლა. ვეძებ ლეჩხუმში ძველად გავრცელებულ და დავიწყებულ ვაშლის ჯიშებს – აბილოურს, თურაშაულს, ყინულას, სამეფოს. სოფლად ყველაზე რთული გაზაფხულია. ამ დროს შვილებთან ერთად ვაკეთებ სათბურს, ვთესავ პომიდორს, ბადრიჯანს, ბულგარულ წიწაკას, გამომყავს ნერგები და მომყავს ვარდისფერი, ხარიგულა, საადრეო, სატომატე პომიდორი. მათგან სხვადასხვა საწებელს ვამზადებ, ასევე – მკვახე ტყემალს, მწიფე უკურკო ტყემალს და ძველი წესით ვინახავ მარანში, თირში (ქვევრის მსგავსი ჭურჭელი, რომელიც თეთრი თიხისგან მზადდება და მიწაშია ჩაფლული). ძველი ჩანაწერების მიხედვით აღვადგინე და ვამზადებ ლეჩხუმურ საწებლებს – წოს, ადესულას, რომელიც შავი ადესისა და ბროწეულის წვენით მზადდება. ძველი სამზარეულოდანაა გაზაფხულის აჯიკებიც, რომელთა შესაკმაზად იყენებენ ხმელ საკმაზს (სუნელებს) და ნიგოზს. ზაფხულის აჯიკას ნედლ აჯიკას ვეძახით და მისი მომზადებისას თითქმის ყველა ბოსტნეულს ვიყენებთ, შემოდგომის აჯიკა კი ნედლი და ხმელი საკმაზისა და ნიგვზის ერთობლიობაა. გაზაფხულზე, როდესაც ახალი ბოსტნეული ითესება, დიასახლისები დარჩენილ მწვანილს აიღებდნენ, ნიგვზით და მშრალი წიწაკით შეაზავებდნენ, თიხის ან ხის ჭურჭელში ინახავდნენ. ეს საკმაზი გამოიყენებოდა როგორც ხორცთან, ისე კარტოფილთან, ჭყინტ ლობიოსთან. ლეჩხუმურ აჯიკაში ნიგოზი ლიდერია. ლეჩხუმი მდიდარია ნიგვზით. ვხდი ნიგვზის ზეთსაც, რომელსაც სალათებში ვიყენებ. ოჯახში დიდი ხანია ვამზადებთ ხალმის ყველსაც, მას თიხის ჭურჭელში ვინახავთ. თიხის ჭურჭელში ვამწნილებ ბოსტნეულსაც. შარშან სტუმრად მყავდა კულინარიული ექსპედიცია ქეთი კვიჭიძის ხელმძღვანელობით. ფრანგი მკვლევარი ერიკ ბოიარდი აღტაცებული დარჩა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით, თონეში შემწვარი გოჭითა და თონის ლობიანით, რომელიც ღორის მუცლის ქონით მზადდება. მას ლეჩხუმში კორხირი ჰქვია, ღორის ხორცის შებოლვის დროს ისიც იბოლება. შემოდგომაზე ლეჩხუმელი დიასახლისები ლეჩხუმურ „ბებოს მარილს“ ამზადებენ – ეს არის ხმელი საკმაზების ნაზავი, რომლებსაც გაზაფხულიდან მოყოლებული, შემოდგომამდე აგროვებენ, მერე ფქვავენ და აზავებენ ქართული ნივრით. ეს დედაჩემის დედამ მასწავლა, სონა საღინაძემ, რომელიც 103 წლისა გარდაიცვალა. აქ უგემრიელესი ხილი მოდის, რადგან ხეხილს არავინ წამლავს. მე და ჩემი შვილები მთელი ზაფხული ვაგროვებთ ხილს და ვამზადებთ ვაშლის, ქლიავის, ჭანჭურის, ატმის, კომშისა და მსხლის ჩირებს და ტკბილ კვერებს, ტყემლის წვენისგან კი კვაწარახს. ყოველთვის ვცდილობდი, მომეძებნა ძველი ლეჩხუმური რეცეპტები, ამისთვის „ფეისბუქის” გვერდიც შევქმენი.
– ქალბატონო ხათუნა, სკოლაზეც გვესაუბრეთ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ახლა რეგიონში, ზოგადად რა სირთულეებს აწყდებით სწავლების დროს ?
– 18 წელია სკოლაში ვასწავლი. წელს მეცხრამეტე თაობას ვუშვებ, მაგრამ ასეთი წელიწადი ნამდვილად არასდროს მქონია. მასწავლებელი ვიყავი იმ დროს, როდესაც წიგნები და რვეულები არ ჰქონდათ ჩემს პატარებს. მახსოვს, როგორ ვუხაზავდი რვეულებს, როგორ ვწერდი წიგნებს ხელით. მახსოვს ისიც, მთელი წელი ხელფასი რომ არ გვეძლეოდა, მაგრამ ეს პერიოდი მართლაც განსაკუთრებულად რთულია. უპირველესად, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მაღალმთიანი სოფლის სკოლას აქვს ინტერნეტი და ეს ძალიან კარგია. კორონავირუსის გავრცელების გამო დისტანციური სწავლების შემოღება საკმაოდ რთული გამოდგა მოსწავლეებისთვის და ჩემთვისაც. თუმცა მოვინდომე, გავიარე ონლაინტრენინგი და დავიწყე ინტერნეტით გაკვეთილების ჩატარება. სანამ მოსწავლეები ისწავლიდნენ ამ ფორმატს, ვასწავლე მშობლებს, რადგან პირველკლასელები მყავს და ისინი სათანადოდ ვერ ფლობდნენ ინტერნეტმასალას. მყავდა მოსწავლეები, რომლებსაც არ ჰქონდათ ინტერნეტი. ახლა კი ძალიან მიჭირს გაკვეთილის ჩატარება, რადგან ისე არაფერი ამდიდრებს გაკვეთილს, როგორც ცოცხალი ურთიერთობა. რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ, რომ მოსწავლეები გავახარო. წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დააჯილდოვა ისინი და სტუმრად მიიწვია თბილისში. მე კი დამასაჩუქრეს ჯილდოთი „მთის შვილი“. პედაგოგობა მაღალმთიან სოფელში მხოლოდ გაკვეთილის ჩატარება არაა. მასწავლებელი უნდა ცდილობდეს, მეწარმეობის ანბანის სწავლებასაც, რადგან მომავალში ამით საკუთარ თავსაც გამოადგება და ქვეყანასაც.
– ფერმერი ქალბატონის სახელით გიცნობთ საზოგადოება, ამ მიმართულებით საკმაო მიღწევებიც გაქვთ, საჩუქრად ხილისა და ბოსტნეულის საშრობიც მიიღეთ, გვიამბეთ ამაზე.
– სოფელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი ტასოს“ სათემო მუშაკის მოვალეობის შესრულება ვითავე და შევქმენი ქალთა ჯგუფები, რომლებმაც ჩემი ძალისხმევით მიიღეს მონაწილეობა „ფონდი ტასოს“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში და აიღეს გრანტები – ჩირის საშრობი და წიწილების გამოსაჩეკი. ეს საკმაოდ კარგია, რადგან ამ ქალებს უკვე საქმე აქვთ და აპირებენ გაფართოებას. ჩემი მეწარმეობაც დაიწყო აგროფესტივალიდან, სადაც მიმიწვიეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ქალბატონმა ანუკი კანთელაძემ და მისმა წარმომადგენელმა ცაგერში ბატონმა ბონდო ხეცურიანმა. აგროფესტივალზე წარვადგინე ლეჩხუმური სამზარეულოს ის ნიმუშები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე. იქვე ვატარებდი მასტერკლასს, სადაც გავიცანი ქეთი კვიჭიძე – რესტორატორი, ქართული კულინარიის ექსპერტი. ფრანგი მკვლევარი ერიკ ბოიარდი ძალიან დაინტერესდა რაჭული სამზარეულოთი. იგი ქართული და ფრანგული კულინარიის ფესვებს იკვლევს, საკმაოდ კარგი ნაშრომი გამოვიდა ჩვენს შესახებ. ამის შემდეგ მესტუმრა ტელეარხი „პირველი“ და კულინარების ჯგუფთან ერთად მოვამზადე კერძები, ჩავატარეთ მასტერკლასები. გარკვეულ ხანში კი მიმიწვია ფერმერთა ასოციაციამ, გავიარე ტრენინგები. დავიწყე მცირე მეწარმეობა, ჩემი პროდუქციის სახელწოდებაა „ლეჩხუმელი დიასახლისი“. ვაწარმოებ „ბებიას მარილს“, საწებლებს, აჯიკებს. სოფელში რომ დავბრუნდი, მაშინ იგი უფრო დიდი, ხმაურიანი იყო, ბევრი მეზობელიც მყავდა, ახლა კი ისე მოხვალთ ჩემს ჭიშკრამდე, თუ ზუსტად არ იცით, სად ვცხოვრობ, შეიძლება გზის მომასწავლებელიც არ შეგხვდეთ. 1864 წლის ჩანაწერებით, ჩემს სოფელში პურის გარდა, ღომსაც თესავდნენ. მინდა წლეულს მეც დავთესო და აქ მოსულ სტუმარს ღომის ღომიც მივართვა. ამ საქმეში მეზობლებსაც ჩავრთავ. ახლა ისინი ჩემთან ერთად სწავლობენ ინგლისურს. გაკვეთილები სოფლის სკოლაში ჩემი ინიციატივით ტარდება. ეს წამოწყება ცაგერის მერის შემწეობით დაფინანსდა. ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ უცხოელ სტუმარს დაბნეულები არ დავხვდეთ, დალაპარაკება შევძლოთ.
– მოსახლეობის რაოდენობის შემცირება არა მარტო თქვეთან, ზოგადად სოფლების, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონების პრობლემაა, ამას ალბათ თავისი სირთულეები ახლავს, არა?
– გასულ ზამთარს მგელმა საჩეხში დამწყვდეული ცხვრები მომტაცა. დიდი თოვლი რომ მოვიდეს, სახლების უმრავლესობის სახურავები ჩატყდება, რადგან გადმომთოვლავი კაცები აღარ არიან სოფელში.
ხშირად მეკითხებიან, რა მოგცა სოფელმაო? ბევრი რამ! მან მაქცია იმად, ვინც ვარ. აქ გავზარდე სამი შრომისმოყვარე, უღალატო, ერთგული და რაც მთავარია, სოფლისა და მიწის მოყვარული შვილი. სოფელმა ადამიანების სიყვარული, სიკეთე, უანგარო დახმარება, თავის გატანა, ფუძისა და ადათ-წესების სიყვარული, წარსულის პატივისცემა და მომავლის იმედი მასწავლა. ოღონდ, სულ მგონია, რომ ვალი მაქვს ჩემი მამიდების, მშობლების, მეზობლების, მეგობრების, ტყის, ჩემი ბინულის წყლის, მიწის, ჩემი ბზუილა ფუტკრის, მორჩილი პირუტყვის, მოკლედ, ყველასი და ყველაფრის, რაც ასე ძალიან მიყვარს და რომლის გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია.
– დღეს რა გამოწვევების წინაშე დგას თქვენი რეგიონი, მოსახლეობა ?
– საკმაოდ ბევრი გამოწვევაა დღეს ვირუსის ფონზე, მაგრამ აქაც ჩემი წილის გაკეთება შევძელი. . თავად ვაწარმოებ ბოსტნეულის თესლბრუნვას და როცა სოფლად თბილისიდან დაბრუნდნენ ოჯახები, საჩუქრად გადავეცი პომიდვრის, წიწაკის და სხვა ბოსტნეულის თესლები. არც ახლა დამიყრია ფარ-ხმალი და ვფიქრობ, როცა სახელმწიფოს ასე სჭირდება, ექიმების მსგავსად მეწარმეებმაც, ყველამ, უნდა ვიტვირთოთ ჩვენი წილი საქმე. წელს ვიშოვე მოცვისა თუ სხვა მცენარეების ფოთლოვანი ჩაი და არასამთავრებო ორგანიზაციის მიერ საჩუქრად გადმოცემულ ბიოსაშრობში გავაშრე. ახლა მოდუნების დრო არ არის. ღვთიური მიწის პატრონები ვართ და მიწის გოჯიც არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი. რა გადაარჩენს სამშობლოს? ხელებდაკაპიწებული შრომა. ჩვენ მიწათმოქმედი ხალხი ვართ. ჩვენი მიწა გვპატრონობს და გვარჩენს, დედა-მიწაა.
– დაბოლოს – თქვენი სურვილები. . .
– ჩემი სურვილები? ბევრია. . . მინდა სკოლებში ისწავლებოდეს მყნობა თესვა, მოყვანა ამა თუ იმ კულტურის. რატომ? იმიტომ რომ ახლა ძალიან უჭირთ მათ, ვინც მიწას დაუბრუნდა, არ იციან მისი პატრონობა.