რაში გვეხმარება ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია?
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
როგორც ცნობილია, 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია 4 დიდ ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.
მოსახლეობას გაუჩნდა კითხვები, თუმცა გართულდა სამთავრობო ცხელ ხაზთან დაკავშირება. როგორც ჩვენი რესპონდენტი ნათია გორგაძე გვიყვება, სამი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა 144-ზე დარეკვას.
-,,ყველა ოპერატორი დაკავებულია’’, – ასეთი იყო პასუხი. ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ქალაქების ჩაკეტვის შემდეგ მცირეწლოვანი ბავშვი ბებიასთან, გურიაში დამრჩა. მეუღლეს 27 აპრილს სურს წასვლა და შვილის ჩამოყვანა, მაგრამ მისი იურიდიული მისამართიც ოზურგეთია. უბრალოდ, მაინტერესებდა, ქალაქიდან გასვლის შემდეგ ჩემს მეუღლეს უკან შემოსვლის პრობლემა ხომ არ შეექმნებოდა. ვერცერთ უწყებაში სათანადო პასუხი ვერ გამცეს. საპატრულო პოლიციამ განგვიმარტა, რომ უკან შემოსვლას ვერ შეძლებდა და საჭირო იყო საშვი. სამთავრობო ცხელ ხაზზე კვლავ ვცდილობდი ინფორმაციის დაზუსტებას, თუმცა უშედეგოდ . . . ყველა იმედი რომ გადამეწურა, მომცეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცხელი ხაზის ნომრები. მინდა მობილურის ნომრები თქვენც იცოდეთ, დარწმუნებული ვარ, დაგჭირდებათ (574060927 ანა, 595 91 84 31 მაია). პირველივე ზარზე მიპასუხეს. ამიხსნეს, რომ პრობლემა არ შეგვექმნება, უბრალოდ, უნდა დავიცვათ ავტომობილში ჯდომის ახალი წესები და ვიქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. მადლობა – მათ გაწეული დახმარებისთვის, – გვითხრა ნათია გორგაძემ.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია 24-საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობს და დაფიქსირებულ ზარებზე უმოკლეს დროში რეაგირებს. სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში მონაწილეობს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების განხორციელებასა და მონიტორინგში. პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვის გამო, ინსპექციის ავტომობილებით მოქალაქეებს ეხმარებიან გადაუდებელი აუცილებლობის ნივთების მომარაგებასა და გადაადგილებაში. სამართალდამცველების პარალელურად, ინსპექციის თანამშრომლები ჩართულნი იყვნენ საეკლესიო დღესასწაულების დროს სოციალური დისტანციის დაცვასა და თავშეყრის ადგილების მონიტორინგში.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია 4 დიდ ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს, სხვა მიზნებით კი აკრძალულია. კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. რაც შეეხება, ზოგადად, საქალაქთაშორისო გადაადგილების და მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვებს, პრემიერ გიორგი გახარიას განმარტებით, არ იხსნება და აღნიშნული ორი დღის შემდგომ ეს შეზღუდვები გაუქმდება.