რაზე წყდება გული გამორჩეულ ფეხბურთელს?
მანანა ძიძიშვილი: 598 24 94 97 –
რევაზ ჩელებაძე – 65
გაზეთ „აჭარის“ სტუმარია სახელოვანი ფეხბურთელი, ბათუმის „დინამოს“ სტადიონის დირექტორის მრჩეველი სპორტულ საკითხებში რევაზ ჩელებაძე, რომელსაც 2 ოქტომბერს საიუბილეო თარიღი შეუსრულდა.
იყო გამორჩეული თავდამსხმელი. თამაშობდა ჯერ ქობულეთის „შუქურაში“, მერე ბათუმის „დინამოში“, თბილისის „დინამოსა“ და ლანჩხუთის „გურიაში“. საბჭოთა კავშირის ნაკრებში მისი მონაწილეობით ჩატარებულ შვიდ მატჩში სამი გოლი გაიტანა. არის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი. თბილისის „დინამოს“ საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ყოფნის პერიოდში 158 მატჩში ითამაშა და 52 გოლი გაიტანა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, მეორე და მესამე პრიზიორი, თასის მფლობელი და ფინალისტია. რევაზ ჩელებაძე თბილისის „დინამოს“ იმ შემადგენლობაში იყო, რომელმაც 1976 წელს პირველად მოიგო საბჭოთა კავშირის თასი. მაშინ ერევანში ფინალურ თამაშში ერევანის „არარატს“ დასამახსოვრებელი გოლიც გაუტანა. საქართველოს „სპორტის რაინდის“ წოდების მფლობელი 1977 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის.
ქობულეთში დაიბადა. აკაკი წერეთლის სახელობის ქობულეთის საშუალო სკოლა დაამთავრა. იქვე, გვერდით სტადიონი იყო. თუმცა პირველად კალათბურთმა გაიტაცა. სახლთან ახლოს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი იყო, რომელიც შემდეგ სამხედრო ტურბაზად გადაკეთდა, აქ სამხედროებმა სხვადასხვა სპორტული მოედანი მოაწყვეს – კალათბურთის, ფრენბურთის, ჩოგბურთის, ასევე, სარბენი ბილიკები მძლეოსნებისთვის. . . მოკლედ, სპორტულ უბანში აღმოჩნდა, სადაც ყველა სპორტულად ცხოვრობდა. აქ არაერთმა დაუკავშირა სპორტს თავისი ბედი, მაგალითად, ასლან ბალაძემ, გურამ გოგმაჩაძემ. . . რევაზ ჩელებაძეს მეშვიდე კლასამდე გუნებაშიც არ გაუვლია თბილისის „დინამოში“ თამაში. კალათბურთსა და სპორტის ბევრ სხვა სახეობაშიც კარგად თამაშობდა. მეათე კლასში, საშუალო სკოლის დამთავრებამდე, კალათბურთში აჭარის ნაკრების ძირითადი მოთამაშე იყო.
შემდეგ ბიძამ, ბიჭიკო ჩელებაძემ ფეხბურთელთა გუნდში ათამაშა – სოფელ ალამბრის ფეხბურთელებს ანგარიშოთ 11:0 მოუგეს და აქედან 7 გოლი სწორედ რევაზმა გაიტანა. ბიძამ, რომელიც ჯერ ტაქსის, შემდეგ ავტობუსის მძღოლად მუშაობდა და ბოლოს ავტოსატრანსპორტო სამსახურს ხელმძღვანელობდა, ძალაინ გაიხარა. ეხვეწა, ფეხბურთს სერიოზულად მოჰკიდებოდა, თანაც უწინასწარმეტყველა, რომ ოთხ წელიწადში საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი გახდებოდა. ბატონი რევაზი ღიმილით ამბობს, რომ ბიძას შეეშალა ერთი წელი – მეხუთე წელს მართლაც შეიყვანეს საბჭოთა კავშირის ნაკრებში.
რევაზ ჩელებაძემ თამაში 1972 წლის სექტემბრიდან, 16 წლის ასაკში, ქობულეთის „შუქურაში“ დაიწყო. ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩაბარებაზე უარი ჯერ კიდევ კალათბურთით გატაცების პერიოდში განაცხადა (მაშინ ყველა წარმატებული სპორტსმენი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ხვდებოდა უმაღლეს სასწავლებელში). ფეხბურთის თამაშის დაწყებიდან მეორე წელსვე ქობულეთის „შუქურის“ ძირითად შემადგენლობაში გადაიყვანეს. გუნდის მწვრთნელად ცნობილი ვალერიან ჩხარტიშვილის მოსვლიდან ყოველი დღე მას დიდ ფეხბურთს აახლოებდა. მალევე საქართველოს ნაკრებში აიყვანეს, რომელიც „იმედის თასზე“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა (1973 წელი). 1974 წელს ვალერიან ჩვხარტიშვილი დააწინაურეს, ბათუმის „დინამოს“ უფროს მწვრთნელად გადაიყვანეს და მან პერსპექტიული ფეხბურთელი, რევაზ ჩელებაძე, თან წაიყვანა.
ბათუმის „დინამოში“ თამაშის პირველივე წელს, ჩემპიონატში მონაწილეობისას, მან 21 გოლი გაიტანა. ბათუმის „დინამოში“ კიდევ ერთი სეზონი გაატარა, „საუკეთესო მომბარდირის“ ტიტულიც დაისაკუთრა და 1975 წლის 30 დეკემბერს ქვეყნის მთავარ გუნდში – თბილისის „დინამოში“ ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით ვარჯიშს შეუდგა.
– ბატონო რევაზ, ვინ დაგხვდათ მაშინ ჩვენს უსაყვარლეს გუნდში?
– ყველა, ვისი სახელებიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა – დავით ყიფიანი, მანუჩარ მაჩაიძე, ალექსანდრე ჩივაძე, გორგი ჭილაია, ზორბეგ ებრალიძე, რეზო ძოძუაშვილი, ვახტანგ ჭელიძე, ფირუზ კანთელაძე, ვახო კოპალეიშვილი, თემურ ჩხაიძე, ზურაბ წერეთელი, დავით გოგია, მალხაზ გაგოშიძე, ნოდარ ხიზანიშვილი, ვიტალი დარასელია. . . ძალიან ძლიერი შემადგენლობა იყო. ამ შემადგენლობით საბჭოთა კავშირის თასი მოვიგეთ 1976 წელს. ამ გამარჯვებაში მეც მიმიძღვის წილი – საგოლე პასიც მქონდა და გოლიც გავიტანე. 1977 წელს მოვიდნენ რამაზ შენგელია, თამაზ კოსტავა, ოთარ გაბელია, 1978 წელს კი თენგიზ სულაქველიძე.
– ალბათ იმ წლებს ძალიან თბილად იგონებთ. . .
– რა თქმა უნდა, გუნდის თითოეული წევრი ჩემი მეგობარი და ძმა გახდა. . . ამჟამად ზოგი იმქვეყნადაა წასული, ნათელი მათ სულებს. . . გუნდის ბევრ მაშინდელ წევრთან, რა თქმა უნდა, დღესაც ვურთიერთობ. ასე ნელ-ნელა მივუახლოვდი იმ ასაკს, რომელიც პენსიონერის სახელს „განიჭებს“. 1976 წელს მოსკოვის „დინამოს“ ვეთამაშებოდით, ეს ჩემპიონატის ბილო თამაში იყო და ანგარიშით 3:1 მოვუგეთ. აქედან ორი გოლი მე გავიტანე. სწორედ ამ გამარჯვებით აიღო თბილისის „დინამომ“ ბრინჯაოს მედალი. მეორე დღეს თბილისი „დინამოს“ ბაზაზე უნდა შევკრებილიყავით. გავაჩერე ტაქსი. მძღოლს ეტყობოდა, რომ თბილისელი სომეხი იყო. ფეხბურთზე ჩამოაგდო ლაპარაკი. კარგი თამაში მოვიგეთ და ცოტა „გაბრექილი“ ვზივარ, გუცაევი მაგარი ფეხბურთელიაო, მეუბნება, ჩელებაძე-მეთქი? ჩელებაძის დედაცო. . . მაგის ფეხბურთელობას რა ვუთხარიო. . . ვფიქრობ, განაწყენებული იყო – ერევანში თასზე თამაშის ფინალში „არარატს“ გოლი გავუტანე, ისეც მქონდა გოლი გატანილი. . . არადა, ჩემი მადლიერი უნდა ყოფილიყო, რადგან, ერევანში კარს ერთი მაგარი დარტყმული ბურთი ავაცდინე… ბაზას რომ მივადექით, შიგნით შეყვანა ვთხოვე, კარი ჩავკეტე და ვუთხარი, ჩელებაძე ვარ-მეთქი. . . გაშრა, შემეცოდა და ვაპატიე. . . რას მერჩოდა, არ ვიცი, დედა რატომ შემაგინა?
– საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოხვედრა არ იყო ადვილი. . .
-1977 წელს პირველად მოვხვდი საბჭოთა კავშირის ნაკრებში. მატჩი ვითამაშეთ საფრანგეთის ნაკრებთან, რომლის წევრიც მაშინ პლატინი გახლდათ. დასამახსოვრებელი მატჩი იყო. მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ პოლონეთის ნაკრებს ვოლგოგრადში 4:1 მოვუგეთ (მეორე ტაიმში მათამაშეს). . . ძალიან წარმატებული წელი მქონდა.
– მაშინ საბჭოთა კავშირის ნაკრებში თქვენთან ერთად ქართველებიდან ვინ თამაშობდა?
– დათო ყიფიანი და შოთა ხინჩაგაშვილი. ჩემს შემდეგ აიყვანეს ნაკრებში შენგელია, ჩივაძე, დარასელია. . . მაშინ ნაკრების უფროსი მწვრთნელი ნიკიტა სიმონიანი იყო.
– გაიხსენეთ ჩვენს დიდი ფეხბურთელებთან ურთიერთობა.
– დათო ყიფიანთან, ამ საოცარ ადამიანთან დიდი მეგობრობაც მაკავშირებდა და მოყვრობაც – ჩემი უფროსი ქალიშვილის ნათლია გახლდათ, ოჯახებით ვმეგობრობდით, ჩემი უსაყვარლესი უფროსი ძმა იყო. ის დიდი პროფესიონალი, უდიდესი პიროვნება გახლდათ, ჩემი ოჯახის წევრი იყო. დღესაც მის ოჯახთან დიდი და თბილი ურთიერთობა გვაქვს. ჩემი უახლოესი მეგობარი გახლდათ რამაზ შენგელია. იგი სულ ამბობდა, ჩელებაძე რომ არ ყოფილიყო, მე დიდ ფეხბურთს ვერ ვითამაშებდიო. ძალიან ბევრს შრომობდა და მაღალი კლასის პროფესიონალი გახდა. ვმეგობრობდი ვიტალი დარასელიასთან, ძალიან დიდი ფეხბურთელი და დიდი პიროვნება გახლდათ. ჩემი დიდი მეგობარი იყო საშა ჩივაძე, ასევე, გიორგი ჭილაია, ვახტანგ ქორიძე. ამ სიბერეშიც გრძელდება ჩემი და ტუხას მეგობრობაც და არა მხოლოდ მასთან, ოთარ გაბელიასთან. . . ის თბილი ურთიერთობები დღესაც მათბობს.
– რამდენი წელი თამაშობდით დიდ ფეხბურთს?
– 1973- 87 წლებში დავამთავრე?
– არ თვლით, რომ ადრე წახვედით?
– კი. . . გვიან დავიწყე და ადრე დავამთავრე.
– რატომ?
– ჩემი დიდი შეცდომა იყო, რომ 1982 წელს ბატონ ნოდარ ახალკაცზე გავნაწყენდი. შესაძლოა, არც თვითონ იყო მთლად მართალი. . . ჩემს გარდა მან 10-12 ისეთი ფეხბურთელი გაუშვა გუნდიდან, რომ . . . 26 წლის ბიჭმა დავანებე ფეხბურთს თავი. თუმცა შემდეგ ლანჩხუთის „გურიის“ მწვრთნელმა მთხოვა დახმარება და იქ ვითამაშე, მერე -ბათუმის „დინამოში“ სამი წელი. ვფიქრობ, მაშინ გუნდს ძალიან დავეხმარე – პირველ ლიგაში შევიდა და დამკვიდრდა. მერე, როცა ნოდარ ახალკაცი ისევ დაბრუნდა თბილისის „დინამოში“, 30 წლის ასაკში მეც დამაბრუნა.
– როგორ და რატომ დაგაბრუნათ?
– 1982 წელს მე რომ გამიშვა, ერთ წელიწადში თვითონაც წავიდა. მერე, როცა „დინამოს“ საფეხბურთო სამმართველოს უფროსი გახდა, უკვე ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, ოჯახებითაც დავმეგობრდით. მაშინ მე ბათუმის „დინამოში“ ვთამაშობდი და . . . ერთმანეთთან ყველაფერი გავარკვიეთ, ალალად ვაღიარეთ შეცდომები და დავივიწყეთ ყოველგვარი წყენა. გუნდში რომ დაბრუნდა, პირველი მე დამაბრუნა. თუმცა ორ წელიწადში ისევ დავასრულე აქ თამაში.
– და ისევ ბათუმს დაუბრუნდით . . .
– 1988 წელს დავინიშნე აჭარის „დინამოს“ საბჭოს თავმჯდომარედ. . . ისე, თავმჯდომარედ შინაგან საქმეთა მინისტრი ითვლებოდა და მე მოადგილედ, მაგრამ ფაქტობრივად, მე ვხელმძღვანელობდი.
– მალე ახალი, ნანატრი სტადიონი გაიხსნება, მაგრამ ალბათ ძველზე, როგორც მე და ასობით გულშემატკივარს, გული გტკივათ?
– რა თქმა უნდა, მაგ სტადიონის დანგრევით ძალიან დიდი შეცდომა მოუვიდათ. მისი ნაწილი ჯერ ასლან აბაშიძემ დაანგრია, მერე, ლევან ვარშალომიძის დროს, როგორც ყური მოვკარი, მის ადგილზე სასტუმროს აშენება უნდოდათ. . . ცოტა წინააღმდეგობა გავუწიე, რამაც უმუშევარი დამტოვა. ლევანს როცა შევხვდი, მითხრა, ნახევარი დანგრეულია, თანაც სად გინახია, რომ სტადიონი ქალაქის ცენტრში იყოსო. მე კი მქონდა ნანახი. სასწაულ ადგილზე იყო ჩვენი სტადიონი. ასეთ მაგარ ადგილზე თითქმის არსადაა. . . მხოლოდ ოდესაში, სადაც ძველი კი დაანგრიეს, მაგრამ იქვე ააშენეს ახალი, უნიკალური სტადიონი, რაც ჩვენთან არ გაკეთდა – აქ დაანგრიეს და ვიღაცის კუჭის ამოსაყორად რაღაც მაღლივი შენობა აახოხოლეს, რომელმაც ქალაქს ზღვის ჰაერი ჩაუკეტა. არადა, აქ შეიძლებოდა ბათუმელებისთვის (და არა მხოლოდ) უნიკალური სპორტული ცენტრი აშენებულიყო, სადაც სტადიონიც იქნებოდა.
– ახალი სტადიონის ავსაც და კარგსაც, უდავოდ, სხვებზე უკეთ ხედავთ, რას გვეტყვით მასზე?
– ასეთი სტადიონი მთელ ამიერკავკასიაში არ არის, თუმცა. . . პატარ-პატარა მინუსები აქვს, რომლებსაც ასწორებენ, ვხვდები ახალ ხელმძღვანელობას და ყველაფერი გვარდება.
– მაინც რა გამოიკვეთა?
– მინდორი არ იკვებება მზით, ბალახს მზის სხივები არ ხვდება. არსებობს ახალი ტექნოლოგია – „ხელოვნური მზე“. უკვე გადაწყვეტილია და შეიძენენ, რომელიც მინდორს საათობრივად დაანათებს. ჯერჯერობით მინდვრის ერთი მესამედი ლპება. რაც არ უნდა ბრწყინვალე სტადიონი იყოს, თუ მას იდეალური მინდორი არ ექნება, კარგ სტადიონად ვერ ჩაითვლება. მთავარი მინდვრის საფარია და თუ ეს არ მოგვარდება, მაშინ სტადიონი, ჩათვალე, არ არის. ასეთი შესანიშნავი ინფრასტრუქტურა ბევრი ქვეყნის სტადიონს აქვს, მთავარია მინდორი, ვენტილაცია ცუდ დღეშია. . . მაგრამ აჭარის მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ მინუსების გამოსასწორებლად. . . ეს ნაკლი ბოლოს გაირკვა, როცა მინდვრის მონაკვეთი დალპა. ყველაფერს მაღალ დონეზე მიაქციეს ყურადღება. ევროპაშიც არის სტადიონები ამ დღეში, მაგრამ „ხელოვნურმა მზემ“ ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაში მოიყვანა და აქაც ასე იქნება.
– დასანანი არ არის, რომ სარბენი ბილიკი აღარსად გვაქვს, როგორიც ძველ სტადიონს ჰქონდა?
-აუცილებლად უნდა გაკეთდეს მძლეოსნებისთვის კომპლექსი. მსოფლიოში ახლა ყველგან ასეა მიღებული – სტადიონი არის მხოლოდ საფეხბურთო, მაგრამ მძლეოსნებისთვის, ათლეტებისთვის უნდა გაკეთდეს ცალკე კომპლექსი.
– ანუ, ასეთი კომპლექსი საჭიროა.
– რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გაკეთდეს და იცით, რატომ? ყველა სპორტი, მათ შორის ფეხბურთი, მძლეოსნობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. თუ კარგად არ დარბიხარ, სიმაღლეზე ვერ ახტები. გამძლეობა და ჯანი თუ არ გექნება, ფეხბურთს როგორ ითამაშებ? სპორტსმენებისთვის ეს აუცილებელი ნორმატივებია. ამიტომ ბათუმში, ჩაქვში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში ასეთი კომპლექსი აუცილებლად უნდა გაკეთდეს.
– დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე რას გვეტყვით?
– შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ დღევანდელ ქართულ ფეხბურთს ძალიან უჭირს, ისევე, როგორც მთელ ქვეყანას. სანამ საქართველო სათანადოდ არ დადგება ფეხზე, ქართული ფეხბურთიც წელში ვერ გაიმართება. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი ფეხბურთი ცოცხლობდეს. ამის მაგალითი ბათუმის საფეხბურთო სტადიონის აშენებაცაა. დიდი მადლობა მას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და გააკეთა, მაგრამ რაზე უნდა ილაპარაკო, როცა თუნდაც სამეზობლოში საომარი ქმედებები მიმდინარეობს. ცუდია, რომ საშუალება არ არის, პროფესიონალს იმდენივე გადაუხადო, როგორც თუნდაც შოთა არველაძეს სხვაგან უხდიან. რატომ უნდა თამაშობდეს იგი ტაშკენტის „ფახტაქორში“ და არა – თბილისის ან ბათუმის საფეხბურთო გუნდებში?! ქვეყანას უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ასეთ პროფესიონალებს სათანადო ანაზღაურება ჰქონდეთ. ცუდია, რომ ფეხბურთელი 19 წლიდან საქართველოდან გაქცევაზე ფიქრობს, მაგრამ მას იშვიათად ეძლევა დიდი ფეხბურთის თამაშის შანსი და, რა თქმა უნდა, 1000 დოლარს 10 და 100 ათასი დოლარი ურჩევნია. 10-15 წელი უნდა ითამაშოს და რა ურჩევნია, მის ოჯახს მილიონერი დაუბრუნდეს, დაეხმაროს, ფეხზე წამოაყენოს, თუ აქ მათხოვარივით იარსებოს? სანამ ქვეყნის ეკონომიკა არ გაუმჯობესდება, ქართული ფეხბურთის საქმეც ვერ გამოსწორდება. ისიც სათქმელია, რომ ბიჭები ეროვნულ ნაკრებს უნდა გამოადგნენ. ჩვენს გუნდებში ფეხბურთის დონე ძალიან დაბალია.
– რატომ?
– თქვენ კარგი მასწავლებელი გირჩევნიათ თუ ცუდი? ძლიერ გუნდებთან ჯობს შეხვედრა თუ სუსტთან? ჩვენს ჩემპიონატებში ფეხბურთელი ვერ გაიზრდება მანამ, სანამ ქვეყანა ეკონომიკურად არ დადგება ფეხზე და ბავშვთა ფეხბურთში დიდი თანხა არ ჩაიდება. თუ შენი მოწინააღმდეგე სუსტია, ვერც შენ იქნები ძლიერი, ვერ გაიზრდები. ჰოდა, ვეშვებით დაბლა და დაბლა. ქვეყანა რომ გაძლიერდება, ფეხბურთიც მომძლავრდება. ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. . . რასაც გვაძლევენ ფეხბურთისთვის, იმის მადლიერი უნდა ვიყოთ, დინებას უნდა მივყვეთ. . .
– 65 წელს გადააბიჯეთ, რაზე გწყდებათ გული?
გული მწყდება იმაზე, რომ ბევრად უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, ნიჭი გავფანტე. . . შრომაც იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ რასაც მივაღწიე, უფრო ნიჭის წყალობით. მინდა ახალგაზრდებმა მეტი გააკეთონ, სანამ ამის საშუალებას წლები აძლევთ. დღეს ბევრად უფრო კარგი მომავალი შეიძლება შეიქმნა, მეტი თავისუფლებაა. 26 წლის ასაკში რომ ახალკაცს გავუბრაზდი, ასეთი რამ არ უნდა მოგივიდეს. ყველაზე კარგ წლებში გავჩერდი, დავკარგე. ყველაზე დიდი სიხარული კი იყო საბჭოთა კავშირის თასის მოგება. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და არაჩვეულებრივი სიმღერის „დინამო!“, „დინამოს“! დაწერაში წვლილი მეც მიმიძღვის. ეს სიმღერა ვაჟა აზარაშვილმა სწორედ იმ, გამარჯვების, ღამეს დაწერა. ფეხბურთელი შრომიმოყვარე უნდა იყოს, ყველაფერი უნდა გაიღოს კარიერის ასაწყობად, ამით ხალხის სიყვარულსაც მოიპოვებს. ჩემზე ამბობენ, ბევრს მიაღწიაო, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას – უფრო მეტის მიღწევა შემეძლო. რაც უნდა ნიჭიერი იყო, შრომის გარეშე არაფერი გამოგივა, ვერაფერს მიაღწევ.
გაზეთი „აჭარა“ მრავალრიცხოვან გულშემატკივართან ერთად ულოცავს რევაზ ჩელებაძეს საიუბილეო თარიღს და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს მას.