ახალი კორონავირუსის კიდევ 207 შემთხვევა – აჭარაში
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
აჭარა ახალი კორონავირუსის გავრცელების მხრივ კვლავ ლიდერობს. გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 207 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 5 პაციენტი: 4 რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 1 – ბათუმის სამედიცინო ცენტრში. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის ინფორმაციით, რეგიონში 248 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად კოვიდკლინიკებში 542 პირი მკურნალობს, აქედან 19 ბავშვია 23 კი ორსული. რეანიმაციაში 51 პირი მკურნალობს.
– გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 248 კოვიდდადებითი პაციენტი. დადასტურებულია ახალი კორონავირუსის კიდევ 207 შემთხვევა. კოვიდკლინიკებში მკურნალობას გადის 542 პირი, აქედან 19 ბავშვია და 23 ორსული. რეანიმაციაში იმყოფება 51 პირი. კოვიდსასტუმროებში მეთვალყურეობის ქვეშ 794 პაციენტია, აქედან 70-მდე გახლავთ ბავშვი, ხოლო ბინაზე მკურნალობას გადის 900-მდე პირი. ამჟამად, თავისუფალი საწოლების რაოდენობა სამოცზე მეტია. სამწუხაროდ, აჭარაში 5 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს, აქედან ორი ქალბატონი და სამი მამაკაცია. ოთხი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში იმყოფებოდა, ერთი კი ბათუმის სამედიცინო ცენტრში. დღეისათვის, არსებული ინფორმაციით, საწოლფონდი საკმარისია. ამჟამად რეგიონში მუშაობს 9 კოვიდკლინიკა, – განაცხადა ნონა ეფაძემ.
ახალი კორონავირუსით გარდაცვლილ 70 წლის მამაკაცს კოვიდ-19-თან ერთად სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა აღენიშნებოდა, 78 წლის ქალს – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, აორტოკორონალური სტენტირება, ორივე ქვედა კიდურის ენდოპროტეზირება, 57 წლის მამაკაცს – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის გაჩერება, არტერიული ჰიპერტენზია, 73 წლის მამაკაცს – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, 68 წლის ქალს – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესეციური ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, – აცხადებენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
სულ საქართველოში ახალი კორონავირუსის 569 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 12841-ს მიაღწია. ქვეყანაში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა კიდევ 329 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 6 867-ს შეადგენს.
ვირუსის ახალი შემთხვევების გადანაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: აჭარა – 207, თბილისი – 168, იმერეთი – 117, შიდა ქართლი – 25, ქვემო ქართლი – 7, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 24, გურია – 8, კახეთი – 5, მცხეთა მთიანეთი – 5, სამცხე ჯავახეთი – 3.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 590 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდსასტუმროში კი 1 393 პირი რჩება.