უმაღლეს საბჭოს კვლავ დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს
ნინო ცხვარაძე: 595 96 63 65 –
დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას 21 დეპუტატიდან მხოლოდ 14 – მმართველი გუნდის წარმომადგენელი ესწრებოდა. ოპოზიცია, რომელსაც 7 მანდატი აქვს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში, უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარს აცხადებს, თუმცა ოფიციალური განცხადებით ამ დრომდე არ მიუმართავთ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისთვის.
საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა უსკოს თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონიამ გახსნა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე უმაღლესი საბჭოს უხუცესი წევრი დავით თედორაძე გაუძღვა.
დღის წესრიგის შესაბამისად, აირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი და დროებითი სამანდატო კომისიები, შემდეგ კი უსკოს თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ანგარიში წარმოადგინა. პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, არჩევნებში მონაწილე 26 პოლიტიკური სუბიექტიდან 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გადალახა ორმა – „ქართულმა ოცნებამ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – ძალა ერთობაშია“. მათგან „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით – 11, ხოლო მაჟორიტარულით – 3 მანდატი აქვს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი 7 მანდატი. დოკუმენტაცია უსკოს თავმჯდომარემ დავით თედორაძეს გადასცა.
დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილმა უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესწავლის თაობაზე დასკვნა წარმოადგინა. დადგენილების შესაბამისი პროექტი 14 ხმით დამტკიცდა. სხდომათა დარბაზში აჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი.
უმაღლესი საბჭოს პირველივე სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ გიორგი მანველიძე, მოადგილედ კი ირაკლი ჭეიშვილი დაამტკიცეს.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით გაბაიძის კანდიდატურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი მანველიძემ ფრაქციის სახელით წარადგინა. თავმჯდომარის არჩევამდე დავით გაბაიძემ მადლობა გადაუხადა ამომრჩეველსა და პოლიტიკურ გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისათვის. სიტყვით გამოსვლისას მან წინა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
ფარული კენჭისყრით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ, 14 ხმით, დავით გაბაიძე აირჩიეს. 14 ხმით აირჩიეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ ტიტე აროშიძე.
სხდომაზე უმაღლესი საბჭოს კომიტეტების წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესახებაც იმსჯელეს. კომიტეტებში წევრთა რაოდენობა ექვსით განისაზღვრა, აქედან ოთხი კვოტა გადანაწილდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე, ორი კი უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებზე.
დადგენილების პროექტის დამტკიცების შემდეგ, ფარული კენჭისყრით, კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩიეს. აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტს ფრიდონ ფუტკარაძე უხელმძღვანელებს, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტს – ცოტნე ანანიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტს – დავით ბაციკაძე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს – ვლადიმერ მგალობლიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს – მარინე გვიანიძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს – ილია ვერძაძე.
უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. სამართალდამცავებმა აქციის შვიდი მონაწილე დააკავეს.
– უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ამომრჩეველს და ჩემს კოლეგებს კიდევ ერთხელ ნდობის გამოცხადებისთვის. შევეცდები, გავამართლო თითოეული მათგანის იმედები. რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენელთა სხდომათა დარბაზში არყოფნას, მგონია, რომ ისინი, პირველ რიგში, შეცდომას უშვებენ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც ამომრჩეველი მანდატს გაძლევს, ამ მანდატით უნდა ისარგებლო. მანდატი, პირველ რიგში, პასუხისმგებლობაა და არა პრივილეგია. დღეს უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო საკანონმდებლო ორგანომ, თუკი რომელიმე მათგანი მომმართავს უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ბუნებრივია, ჩვენ გავივლით რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურებს. დაისვა კითხვა, თუ როგორ შეიძლება მოვისმინოთ ალტერნატიული აზრი და მხოლოდ უმრავლესობის აზრი ხომ არ იქნება გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტის დროს. მუდმივი კონსულტაციები გვექნება საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გარდა ამისა, ვაპირებ გარკვეული დარგობრივი მიმართულებებით შევქმნა სათათბირო ორგანოები. ისე კი, მაინც მგონია, საბოლოო ჯამში, გაიმარჯვებს რაციონალური აზრი, ჩვენი კოლეგები დაიკავებენ მათთვის განკუთვნილ ადგილებს საკანონმდებლო ორგანოში და შეასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, – განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ.