„სამინისტრომ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ინტერნეტპაკეტები რომ დაუფინანსოს, არ იქნება ურიგო“
ცეცილი ირემაძე 27 48 93 –
2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც სკოლებსა და უნივერსიტეტებს ვირტუალურ სწავლებაზე გადასვლა მოუწიათ, ბევრი ამბობდა, მომავალი საბოლოოდ დადგა და ონლაინსწავლება ნორმა ხდებაო, თუმცა თვეების შემდეგ მასწავლებლები სწავლების ტრადიციული მეთოდების დაბრუნების საჭიროების დასკვნამდე მივიდნენ. მათი თქმით, პანდემიის დროს ონლაინსწავლებამ მისი სუსტი მხარე გამოავლინა.
აქტუალურია ინოვაციური პედაგოგიური ტექნოლოგიების გამოყენების პრობლემაც. ამჟამად ლიდერი პოზიცია უკავია სწავლების მეთოდების იმ ფორმებსა და მეთოდებს, რომლებიც დაკავშირებულია კომპიუტერთან. ამ მიდგომამ ძირეულად შეცვალა განათლების თეორიაცა და პრაქტიკაც. ამიტომაც, თანამედროვე პირობებში, სასწავლო პროცესის წარმატებით ორგანიზებისთვის, მასწავლებელს უწევს სწავლების ახალი ფორმების, მეთოდებისა და მასალის მიწოდების ახალი საშუალებების ძიება.
რომ გაგვეგო პრაქტიკოს პედაგოგთა აზრი ამ კუთხით, მოვაწყვეთ მცირე პრესგამოკითხვა ვირტუალურ სწავლებასთან დაკავშირებით. გთავაზობთ საუბრის ჩანაწერს, სადაც კარგად ჩანს, თუ რას ფიქრობენ ინტერნეტსწავლებაზე რიგითი მასწავლებლები, რომლებსაც რეალურად უწევთ ბავშვებთან ვირტუალური კონტაქტი.
თამარ ნადარაია, მათემატიკის მასწავლებელი: „როგორც ჩემთვის ცნობილია, სამინისტროში, სასწავლო წლის დაწყებამდე შეეცადნენ არსებული ონლაინსერვისის გაუმჯობესებას, მაგრამ ახალი სისტემის მუშაობის თავისებურებები და სუსტი მხარეები გასაგები ჯერ კიდევ გაზაფხულზე გახდა. კერძოდ, ისმის ყველაზე აქტუალური კითხვა – როგორ უნდა შეაყვარო შენი საგანი კლასს, თუ გაკვეთილს ვირტუალურად ატარებ? ეკრანის წინ, თემის ახსნისას, ორატორული ხელოვნების გამოჩენის არანაირი სტიმული არ არსებობს. გაკვეთილის მსვლელობაში აქტიურ მონაწილეობას ის მოსწავლეები იღებენ, რომლებსაც მეტი ცოდნა აქვთ და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი არიან. დანარჩენები კი ჩვეულებრივზე უფრო პასიურები რჩებიან. ზოგიერთი სულაც თიშავს ეკრანს და შემდეგ გეუბნება, ინტერნეტი სუსტია და რა გავაკეთოო. მე, როგორც პედაგოგი, ვთვლი, რომ განათლების მიზანია, ასწავლოს კრიტიკული აზროვნება, , ინფორმაციის გააზრება, დისკუსიის გამართვა, ფაქტების ეჭვქვეშ დაყენება და საკუთარი აზრის ჩამოყალიბება, რაც რთული გასაკეთებელია მონიტორთან მყოფთათვის. გარდა ამისა, ონლაინრეჟიმში თემის კონსტრუქციული განხილვა არ გამოდის, ბავშვებს შეკითხვის დასმა ჩატის საშუალებით შეუძლიათ, რა დროსაც მათი ყურადღება იფანტება.“
– ინტერნეტი ხშირად ჭედავს?
-კი, ხშირად. სუსტი ინტერნეტის გამო, ვიდეოგამოსახულების გათიშვა ხდება საჭირო. მის გარეშე კი კონტაქტის დამყარება შეუძლებელია. მასწავლებელი ვერ ხვდება, უსმენს თუ არა მას მოსწავლე.
– ვირტუალურად უფრო ითვისებს ბავშვი ახსნილ მასალას თუ პირდაპირი კონტაქტისას?
-ადამიანები სოციალური არსებები არიან. ისინი მეტ ინფორმაციას ჩვეულებრივი ურთიერთობის დროს ითვისებენ. ეს არის ხელოვნური გარემო. ნებისმიერ არავირტუალურ კლასში განსაზღვრული სოციალური გარემო იქმნება, სადაც ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობა და მეგობრობა სურთ. ინტერნეტით ასეთი გარემოს შექმნა შეუძლებელია.
-გამოდის, ონლაინსწავლებას არანაირი დადებითი მხარე არ აქვს?
-კი, პლუსებიც აქვს. ერთ-ერთი სპეციალისტის აზრით, კოვიდამდელი განათლების სისტემა მოძველებულია და პანდემიის შემდეგ ახალი მოდელის შემოღება გახდება საჭირო. კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის ელისონ გოპნიკის თქმით, სასწავლო მოდელი, სადაც მოსწავლეები მასწავლებლის წინ სხედან და მას უსმენენ, ინდუსტრიული განვითარების ეპოქიდან მოდის. მსგავსი მეთოდით მიღებული უნარები შორეულ წარსულში იყო საჭირო. იმ ამოცანებს, რომელთაც ეს შესაძლებლობები სჭირდებათ, უახლოეს მომავალში რობოტები შეასრულებენ. ანუ მისი განცხადებით, რასაც ჩვენ პანდემიის დროს ვხედავთ, არ არის განათლების ახალი მოდელი. ეს უბრალოდ, სათადარიგო ვარიანტია. დისტანციური სწავლების დადებით მხარეებზე საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ ვირტუალური სწავლება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც ეხმარება.
– ყველაზე მეტად რა გაგიჭირდათ ვირტუალური სწავლებისას?
– დაფის უქონლობა. ზუმის დახმარებით შესაძლებელია ეკრანზე წერა, რასაც მოსწავლეები ხედავენ, მაგრამ ეს ნელი პროცესია, პედაგოგისთვის საოცრად მოუხერხებელი. მათემატიკის ახსნა დაფის გარეშე, პრობლემაა. თანაც ვერ ვხედავთ, რას ინიშავს მოსწავლე, ვერ ვაკონტროლებთ საკონტროლოს დაწერის პროცესს, არ ვიცით, დამოუკიდებლად შეასრულა სამუშაო ბავშვმა თუ ინტერნეტის დახმარებით. ცხადია, პედაგოგი მაშინვე ხვდება, რომელი ბავშვი რისი დამწერია, მაგრამ ისევ და ისევ დგები ამ ფაქტის დამტკიცების და ნიშნის დაწერის პრობლემის წინაშე.
– სახელმძღვანელოებით ვერ შეძლებენ სწავლას?
-ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. სახელმძღვანელოები ზედმეტი ტექსტითაა გადატვირთული. ამიტომაც ვერ იგებს ბავშვი, რას ითხოვენ მისგან, ანუ სახელმძღვანელოსთან მიმართებაში ბავშვს შუალედური რგოლი სჭირდება მასწავლებლის სახით, რომელიც აუხსნის, შიგ რა წერია. თანაც, ამოცანებში პირდაპირ ითხოვენ: დაამტკიცეთ რომ!. . ყველა ხომ არ სწავლობს „კომაროვში“, რანაირად უნდა დაამტკიცოს, თუკი არ წერია ამოხსნის პროცესი? რიგით მოსწვლეს შეუძლია ამ პროცესის დამახსოვრება და შემდეგ სხვა ანალოგიური ამოცანის გამოყვანა, მაგრამ თავად როგორ დაამტკიცებს, თუკი არ იცის ან დაბადებიდანვე არ არის გენიალური მათემატიკოსი?
-ანუ ვირტუალური სწავლება არ არის მათთვის, ვისაც სწავლა არ უნდა?
– ვისაც სწავლა უნდა, ის ყველგან და ყველა მეთოდით სწავლობს. ასეთი ბავშვი ცოტაა, მაგრამ არიან. ისინი მომენტს არ გაუშვებენ, შეგეკითხებიან, გაარკვევენ, რაც აინტერესებთ და იმაზე მეტ მასალას მოძებნიან, ვიდრე შენ დაავალებ.
საკმაოდ სიანტერესო და მხიარული საუბარი გამოგვივიდა ბიოლოგიის მასწავლებელ ნანა ბახტაძესთან, რომელიც სოფლის საჯარო სკოლაში ასწავლის:
– ეს შობა-ახალი წელი ძალიან მხიარულად ვსწავლობდით ოჯახებში გამართული პურ-მარილების ფონზე. სადღეგრძელოებს შორის ძლივს ვასწრებდი ბავშვისთვის გაკვეთილის ძირითადი მასალის თეზისებად მიწოდებას. წარმოიდგინეთ, მიდის დედის სადღეგრძელო და შენ ამ დროს ცდილობ, აუხსნა ბავშვს, რა არის ბუტკო. განსაკუთრებით, კომიკური ვითარება დგებოდა, როდესაც მასწავლებლების სადღეგრძელოსაც მოაყოლებდნენ, მე კი ეკრანს აქეთ, ფეხზე დამდგარი თავს ვუკრავდი და სამადლობელს ვაყოლებდი.
– ძალიან გიჭირთ ვირტუალური სწავლება?
– სიმართლე გითხრათ, ჩვენ არ გვყავს ბევრი მოსწავლე, კლასში რამდენიმეა, მაგრამ უჭირთ ბავშვებსაც და მშობლებსაც. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ზამთარია და თბება მხოლოდ ერთი ოთახი, სადაც ყველა ზის ღუმელთან. ბავშვი ვერ ახერხებს ყურადღების კონცენტრაციას და არაორგანიზებულია. მასწავლებლისთვისაც რთულია, შეინარჩუნოს უშაულო კონტაქტი. წარმოიდგინეთ ისიც, რამდენიმე მოსწავლე რომ ერთვება მათი დედებით, მამებით, ბებიებით, ბაბუებით თუ მამიდებით. მიდის გადაძახილი, ერთმანეთის მოკითხვა და ა.შ. მეორეც – ოჯახებს არა აქვთ ბავშვებისთვის ლეპტოპის და ტელეფონების ყიდვის საშუალება. ზოგიერთს სახლში სამი-ოთხი მოსწავლე ჰყავს, ყველა როგორ ჩაერთვება თავ-თავის პედაგოგს ერთი ტელეფონით? ამიტომ ეს საკითხი ჩემებურად გადავწყვიტე. მივედი მოსწავლესთან, დავდექი ჭიშკარს გადმოღმა და 5 მეტრის დაშორებით ავუხსენი გაკვეთილი. ინტერნეტი მაქვს სუსტიო, ვერ მოიმიზეზა, ვერც გამიქანდა და ვერ „გამიჭედა“ გამოსახულება. მივეცი კომპლექსური დავალებები, რომლის შესრულება-დამუშავებაშიც თავად ვეხმარებოდი. კარგი ამინდებია და არ გამჭირვებია ასეთი სწავლება, მაგრამ შემდეგ რას როგორ ვიზამ, არ ვიცი. სოფელში ასეთი მიდგომა დასაშვებია, ქალაქის საჯარო კლასებში 40-მდე მოსწავლე ჰყავთ, თანაც ბინაში ხომ ვერ მიადგები და სადარბაზოდან ხომ ვერ დაიწყებ გაკვეთილის ახსნას.
მარიამ პაპოშვილმა, დაწყებითი კლასების პედაგოგმა, მოკლედ ჩამომითვალა ვირტუალური სწავლების დადებითი მხარეებიც და პრობლემებიც:
– კოვიდის ფონზე სხვა შესაძლებლობა აღარ დაგვრჩა. ვირტუალური სწავლების ძირითადი პლუსია, რომ საშუალებას იძლევა, არ შეჩერდეს სასწავლო პროცესი. რეკომენდაციების გათვალისწინებაც არ გვიშველიდა, ელემენტარულად, დაწყებითი კლასების მოსწავლეებში რთული იქნებოდა სოციალური დისტანციის დაცვა. თანაც აშკარაა, რომ ბავშვებში კომპიუტერთან მუშაობა უფრო დაიხვეწა. თუმცა აქვს თავისი ხარვეზები ინტერნეტკავშირს. ამიტომ სასურველი იქნება, ინტერნეტდაფარვა ან გამოყენებული პლატფორმები („თიმსი”) უფრო ძლიერი იყოს.
აქვე ისიც გაითვალისწინეთ, რომ უშუალო ურთიერთობებს მოკლებული ბავშვებისთვის, სასწავლო პროცესი გარკვეულწილად დამღლელია, რის გამოც შემცირებულია გაკვეთილების ხანგრძლივობა 45- დან 20 წუთამდე. აღნიშნულმა თავისი უარყოფითი შედეგებიც გამოიღო, კერძოდ, შეზღუდული დროის გამო, ვერ ხერხდება მასალის სრულფასოვანი გამოკითხვა, რის კომპენსირებასაც ვცდილობთ შესრულებული დავალებების წერილობითი მიღება-შემოწმების ხარჯზე. დაწყებითი კლასების მოსწავლეების ასაკიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა ჩვეული სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში წარმართვა, მაგრამ მთლიანობაში, შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ რეჟიმი დაგვეხმარა სწავლის პროცესის უწყვეტობის შენარჩუნებასა და განვრცობაში.
ლილიანა ვასაძე, გერმანული ენის მასწავლებელი:
– ვირტუალური გაკვეთილების დადებითი მხარეა ბავშვების დაცვა ვირუსისგან. სხვა გამოსავალი არ დაგვრჩა და იზოლაციის პირობებში სწავლების ერთადერთი ფორმა აღმოჩნდა. კიდევ კარგი, რომ 21-ე საუკუნეა და არსებობს ეს საშუალება. იგივე ვითარება როგორ გადაწყდებოდა ჯერ კიდევ მე-20 სუკუნეში, რთული წარმოსადგენია. ისიცაა, რომ თუკი მოსწავლე მობილიზებულია, უკეთ შეძლებს ინტერნეტსივრცეში სათანადო მასალების მოძიებას. ასე რომ, კარგი მოსწავლე ყველგან შეძლებს სწავლას, მაგრამ საკლასო ოთახში ბავშვები ერთმანეთისგანაც ბევრს სწავლობენ. სკოლას მხოლოდ განათლების მიცემა არ ევალება, აქ სოციალურ ადაპტაციასაც გადიან და თავისთავად, საზოგადოებაში ჩართულობასაც სწავლობენ, ანუ მცირე ასაკიდან ეჩვევიან ურთიერთობას თანატოლებთან, უფროსებთან, უმცროსკლასელებთან. აქ საფეხურებრივი განათლებაა, რაც საბოლოო ჯამში, აყალიბებს პიროვნებას, რომელიც საზოგადოებრივი ჯაჭვის შემადგენელი რგოლი ხდება. ონლაინრეჟიმში ყველაფერი ეს ვერ ხერხდება. იქ დამოუკიდებლად ართმევ თავს მასწავლებლის დავალებებს და ან ხარ, ან – არ ხარ. გადაწერის და კარნახის ინსტიტუტსაც კი აქვს თავისი დატვირთვა, ისეთი, როგორიცაა სოლიდარობა, მეგობრის გატანა და ა.შ.
– ტექნიკური პრობლემები თუ გექმნებათ?
-კი, როგორ არა. ხშირია სუსტი ინტერნეტის გამო გამოსახულების გაშეშება და ონლაინსივრცეში გაკვეთილების ჩატარების პროცესში აღარ იცი, მოსწავლე ცუღლუტობს თუ მართლა „გაჭედა“ ინტერნეტმა. ამასთან, კომპიუტერზე დამოკიდებულების პრობლემაც შეიქმნება პანდემიის დასასრულს. მხედველობასაც უჩივიან. . . თანაც, ყველას არა აქვს კომპიუტერი, უმრავლესობა ტელეფონით გვერთვება, რაც კიდევ უფრო რთულია. სამინისტრომ რომ დაუფინანსოს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ინტერნეტპაკეტები, არ იქნება ურიგო, თორემ ხდება ისეც, ბავშვები ვერ ერთვებიან გაკვეთილში ინტერნეტის დავალიანების გამო. ამ ეტაპზე სკოლებშიკომუნალურებს ხომ არ იხდიან? ეს თანხები რომ აქეთკენ მიმართონ, კარგი დახმარება იქნება სახელმწიფოს მხრიდან.
– გამოდის, ვირტუალურ სწავლებაზე ხელი საერთოდ უნდა ავიღოთ?
– დღეს მოსწავლეებს სწავლის, კვლევისა და ნასწავლის გაზიარების უამრავი შესაძლებლობა აქვთ. ვირტუალური სწავლებით შევძლებთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას, შემოქმედებით სწავლებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას ნებისმიერ ადგილასა და დროს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ სკოლაში დაბრუნების შემდგომაც, კარგი იქნება რაღაც ფორმით იმ გამოცდილების დახვეწა-შენარჩუნება, რაც პანდემიის ურთულეს პერიოდში მივიღეთ.