დაბრუნდება თუ არა აშშ მსოფლიო პოლიტიკაში ჩვეული სიძლიერით?
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
დღევანდელ საერთაშორისო ვითარებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს აშშ-რუსეთის ურთიერთობა, რომელიც დროდადრო ახალი „ცივი ომის” სტადიაში გადაიზრდება ხოლმე, ეს ფრიად აქტუალური საკითხია, ვინაიდან რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობა, ფაქტობრივად, განსაზღვრავს თანამშრომლობის ხარისხს მთელ მსოფლიოში. მათ შორის, ცხადია, პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებით.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯო ბაიდენის ერა იწყება, ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება, რომ აშშ მსოფლიო პოლიტიკის სცენაზე მთელი სისრულით დაბრუნდება, რაც ბევრ კითხვას წარმოშობს – რა კორექტივებს შეიტანს ჯო ბაიდენი აშშ-რუსეთის, აშშ-ევროპის და აშშ- ნატოს ურთიერთობაში? ასევე, დარჩება თუ არა საქართველო ამერიკისთვის პრიორიტეტული და საერთოდ, რამ განაპირობა მსოფლიოს მრავალპოლუსიანობა? დონალდ ტრამპის ეპოქა დასრულდა, აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს ჯო ბაიდენის სახით, რომელიც საკუთარ მოსახლეობას და მოკავშირეებს აშშ-ის როლის გაძლიერებას, ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობას, ნატოს მკაფიო მხარდაჭერას, რუსეთის ამბიციების მოთოკვას ჰპირდება. რამდენად შეძლებს ამის მიღწევას, დრო გვაჩვენებს, ვინიდან აშშ-ის როლი და გავლენა მსოფლიოში აშკარად შესუსტდა, რაც, გარკვეულწილად, ტრამპის პოლიტიკის შედეგი იყო. ის ერთგვარად, იზოლაციონისტურ პოლიტიკას ატარებდა, გაართულა ურთიერთობა ევროკავშირთან, ნატოსთან, ფაქტობრივად, მიატოვა პოსტსაბჭოთა სივრცე, რუსეთთან კი ლოიალობას იჩენდა. კონგრესის და სენატის ნება რომ არა, ალბათ რუსეთს მისი დესტრუქციული ქმედებების გამო მკაცრი ეკონომიკური სანქციებიც არ დაუწესდებოდა. ექსპერტები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო მმართველობა ამერიკისთვის არაფრით იყო გამორჩეული, გარდა მისი ოდიოზური განცხადებებისა მასმედიასთან, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ ელიტასან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობასთან დაკავშირებით. იგი, რბილად რომ ვღქვათ, საკმაოდ გაუწონასწორებელ ფიგურად ჩაიწერება მსოფლიო ისტორიაში. ბოლოდროინდელი მოვლენები ამის ნათელი მაგალითია. საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე მას კონგრესმა იმპიჩმენტი გამოუცხადა და თუ 19 იანვარს ქვედა პალატა ანუ სენატიც კონგრესის ვერდიქტს გაიმეორებს, ეს უპრეცედენტო შემთხვევა იქნება ამერიკის ისტორიაში, თუ არ ჩავთვლით ნიქსონის შემთხვევას, იმ განსხვავებით, რომ მისი იმპიჩმენტი საპრეზიდენტო მმართველობის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა. ცხადია, ეს ისტორიაა დაისიც, რომ ისტორიული შეცდომები განაპირობებდა ამა თუ იმ ქვეყნის აღორძინებას ანდა დაღმასვლას. მკაფიოდ შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის მმართველობის დროს აშშ-ის გავლენა მსოფლიოში შემცირდა. ეს ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, მათზე არაერთხელ გვისაუბრია და ამჯერად აღარ შევჩერდებით. აშკარაა, რომ დღეს მსოფლიო ერთცენტრისტული აღარ არის, იკვეთება რამდენიმე პოლუსი, ერთი – აშშ_-ისა და ევროკავშირის სახით, მეორე – რუსეთის ფედერაციის. ჩანს, ჩინეთის კონტურებიც, ასევე, რეგიონალურ ლიდერებად მოგვევლინნენ ბრაზილია, ინდოეთი, თურქეთი და ა. შ. ეს თვალნათელია.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში თითქოსდა შეინიშნება ამერიკის გავლენის შემცირება, ექსპერტები აცხადებენ, რომ იგი ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერია და კვლავ ზემოქმედებს მსოფლიოზე, თითოეულ სახელმწიფოზეც კი, ეს აშკარაა, რაც კარგად ჩანს თუნდაც გაეროს მუშაობის პროცესშიც, როდესაც აშშ-ის წინადადებას ბევრი სახელმწიფო მხარს უჭერს. თუ გადავხედავთ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკურ რუკას, დავინახავთ, რომ სახელმწიფოების უმრავლესობა პროამერიკულია და ეს თვალსაჩინოა. რაც შეეხება ამერიკის გავლენის შემცირების ტენდენციას, ვერც ამას უარვყოფთ, მას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი. პირველია რუსეთ-ჩინეთის ალიანსი საერთაშორისო პოლიტიკაში და რუსეთის მცდელობა, დაბრუნდეს გლობალურ პოლიტიკაში, აღიდგინოს ის პოზიციები, რაც ჰქონდა საბჭოთა კავშირის დროს, რაშიც მას აშშ და ზოგადად, დასავლეთი ეწინააღმდეგება. დავუბრუნდეთ ზემოთ დასმულ შეკითხვას – როგორი იქნება სამომავლოდ აშშ-რუსეთის ურთიერთობა? ახალს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სისტემაში თავს განიხილავენ როგორც მოწინააღმდეგე ძალები. აშშ რუსეთს სერიოზულ კონკურენტად მიიჩნევს საერთაშორისო სისტემაში გავლენის სფეროების მოპოვების თვალსაზრისით. თავის მხრივ, რუსეთი მიიჩნევს, რომ აშშ არის სახელმწიფო, რომელიც ხელს უშლის მისი გავლენის გაფართოებას დანარჩენ მსოფლიოში. სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარეობს დაძაბულობა თეთრ სახლსა და კრემლს შორის, თუმცა გვაქვს მეორე რეალობა – არის სფეროები, სადაც ეს ორი სახელმწიფო ერმანეთთან საკმაოდ კარგად თანამშრომლობს. მაგალითად, კოსმოსის, საერთაშორისო ტერორიზმისა თუ სხვა სფეროებში, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამავე დროს ერთმანეთს ბოლო ხანებში ახლო აღმოსავლეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ებრძვიან. ამ მხრივ, აშკარაა, რომ რუსეთმა გლობალურ პოლიტიკაში (განსაკუთრებით ტრამპის მმართველობის დროს) მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, თუ დავაკვირდებით, კარგად დავინახავთ, რომ რუსეთის ფედერაციამ შეძლო პოზიციების გამყარება არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებით, არამედ ახლო აღმოსავლეთშიც, სირია ამის მაგალითია. ასევე, საგულისხმოა, რომ კრემლის რიტორიკა ხდება აგრესიული და დამცინავი დასავლეთის მიმართაც. სწორედ ამიტომ შეეცდება აშშ-ის ახალი პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია,
ერთი მხრივ, მოკავშირეებთან საერთო ენის გამონახვას სხვადასხვა საკითხში და მეორე მხრივ, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების აქტიურ მხარდაჭერას, შემთხვევითია თუ კანონზომიერი, ძნელი სათქმელია, მაგრამ ნატოს მაღალჩინოსნები და ამერიკელი კონგრესმენები (მათ შორის ბაიდენის ადმინისტრაციის წევრები) ხმამაღლა გვაიმედებენ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. სხვათა შორის, პენტაგონმა ამ ერთი წლის განმავლობაში შვიდი ქართული სამხედრო ბატალიონი გადაამზადა ნატოს სტანდარტების შესაბამისად, რაც მრავლისმთქმელია. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ და ევროკავშირი თანმიმდევრულად თანამშრომლობენ სამხრეთ კავკასიასა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან, რისი მიზანიც ამ ქვეყნებში დემოკრატიისა და ევროპული ფასეულობების განვითარებაა, თუმცა ცხადია, რომ ამის მიღწევა, განსაკუთრებით, ზოგიერთ ქვეყანაში, არაა ადვილი, რაც განპირობებულია სუბიექტური და ობიექტური მიზეზებით. საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში დემოკრატიის ხარისხი სხვებთან შედარებით მაღალია, ამიტომ აშშ-მა უფრო და უფრო აქტიურად უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას. კერძოდ, უნდა განამტკიცოს მათი სუვერენიტეტი, ეკონომიკური კეთილდღეობა და თავდაცვისუნარიანობა, ეს კი მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ ნატოსა და ევროკავშირში მათი გაწევრიანებით. საგულისხმოა ისიც, რომ ბაიდენმა და მისი ადმინისტრაციის წევრებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ აშშ არავის, მათ შორის რუსეთსაც, არ მისცემს წითელი ხაზების გადაკვეთის საშუალებას და ეს წითელი ხაზი საქართველოზეც რომ გადის, არაერთხელ თქვა აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ბაიდენმა. თუმცა ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ 21-ე საუკუნე არ არის ის ეპოქა, როცა შეიძლება დაიწყოს მესამე მსოფლიო ომი. ეს შეუძლებელია! რადგან ამჟამად მსოფლიოში უკვე მეოთხე მსოფლიო ომი მიმდინარეობს, მესამე მსოფლიო ომი „ცივი ომი” იყო. ექსპერტები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც კომუნიკაციები განვითარდა, ანუ ინტერნეტმა ყველა კუთხე-კუნჭულში შეაღწია, როდესაც სოციალურმა ქსელებმა საზოგადოებრივი საკომუნიკაციო ფუნქცია და გავლენა შეიძინეს დადიდი სახელმწიფოები სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების და კომუნიკაციების მეშვეობით ცდილობენ სხვა სახელმწიფოების დესტაბილიზაციას, ტრადიციული გაგებით ომი, რაც ადრე იყო, აღარ იქნება. პანდემია, ვირუსები, პროპაგანდა მეოთხე მსოფლიო ომის ნაირსახეობაა. ამ მიმართებით ხელოვნური ინტელექტი, ანუ თანამედროვე ტექნოლოგიები გადამწყვეტ როლს ითამაშებს და სწორედ ამ კუთხით მიმდინარეობს ამჟამად ბრძოლა ზესახელმწიფოთა მხრიდან. ვინც შეძლებს ტექნოლოგიების გაუმჯობესებას და ლიდერად დამკვიდრებას, სწორედ ის იქნება მსოფლიო პოლიტიკის წარმმართველი. სხვათა შორის, ხელოვნურ ინტელექტს უდიდესი გარდატეხა შეუძლია მოუტანოს პატარა ქვეყნებს სწორედ უსაფრთხოების საკითხებში. ისრაელი ამის საუკეთესო მაგალითია. სხვათა შორის, ყარაბაღის ომმაც ცხადყო, ახალი ტექნოლოგიების უპირატესობა, ამიტომ გაიმარჯვა აზერბაინმა სომხეთზე. პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია. არც ის, რომ აშშ და რუსეთი ერმანეთს გაურიგდნენ სხვადასხვა ქვეყნის საზიანოდ. დიახ, ამაზეც უნდა ვიფიქროთ. ხელისუფლებას ყოველთვის უნდა ჰქონდეს ალტერნატიული თამაშის სტრატეგია, რომლითაც ის, თუ არსებული საერთაშორისო სურათი შეიცვალა, სწრაფად შეძლებს რეგირებას ისე, რომ არ დაზარალდეს სახელმწიფოებრიობა, ჩვენს შემთხვევაში – ქართული. მოკლედ, გონიერება და სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, თუ ამგვარ პოლიტიკას გაატარებს სახელმწიფო, მაშინ ის ყოველთვის მოიგებს საგარეო პოლიტიაში. იმედი ვიქონიოთ, რომ ამერიკა ყოველთვის იქნება დაინტერესებული ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვით და განმტკიცებით.