შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
თავგანწირვისა და მტერთან შეუპოვარი ბრძოლის გამორჩეული ისტორია – ასე აფასებენ სოფელ შინდისთან ბრძოლებში ქართველი ჯარისკაცების გმირობას. 15 წლის წინ, 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით მტერი თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდა, მათ შორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან და მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგემ ორჯერ გამოიძახა დახმარება, ჩვიდმეტმა ქართველმა მებრძოლმა მტერს მედგარი წინააღმდეგობა ბოლომდე გაუწია და გმირულად დაიღუპა.
ომში გმირულად დაღუპულებს პატივი მიაგეს და გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში. ბათუმში, ომში დაღუპულთა სკვერში აღმართულ მემორიალთან, ტრადიციულად შეიკრიბნენ და რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულების მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატებმა, საზოგადოებამ.
ეს არის გმირების ისტორია, რომელიც მოგვიწოდებს მაქსიმალურად დავიცვათ მშვიდობა და ეს არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს.