კახა კალაძე: ყველგან მიზანმიმართული სპეკულაციები ისმის!
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
შოვში მომხდარი სტიქიის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ოჯახი რაჭაში სასტუმრო „სანსეტ შოვში“ ისვენებდა და სასტუმრო სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. ეს ფაქტი ოპოზიციამ ბრალდებად აქცია. ზოგადად, მმართველი პარტიის მიმართ ისმის ბრალდებები: ვერტმფრენებმა ღამით არ იმუშავა, სტიქიის ზონაში ადამიანები სასიკვდილოდ გაიმეტეს.
კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გაერთიანების ნაცვლად ყველგან სპეკულაციებს, სიცრუის კამპანიას, მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ხედავს. როგორც კალაძემ აღნიშნა, გულდასაწყვეტია, როდესაც ამხელა ტრაგედიის ფონზე გამიზნული სპეკულაციები ისმის.
– ვიცით, რამხელა უბედურება დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად, რაჭას. უამრავი ადამიანია გარდაცვლილი და დღესაც მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. რაც შეეხება ღამის ხედვას, არ ვარ დარგის სპეციალისტი, თუმცა, მარტივად რომ მოვიძიოთ ინფორმაცია ინტერნეტით, ნებისმიერს შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მუშაობს ღამის ხედვის სისტემა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველანაირ პირობებში აღნიშნული სისტემის გამოყენება. თუ გაქვს ღამის ხედვის სისტემა, ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიყენოს ვერტმფრენმა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამინდი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ღამის ხედვის ტექნოლოგიაზე, ეს არის დრონი, რომელიც ჩვენს შესაბამის სამსახურებს გააჩნია. იცით, რომ ვერტმფრენები შესყიდულია, 2024 წლიდან დაიწყება მათი შემოტანა. ძალიან ცუდია, ტრაგედიების, სტიქიების პოლიტიკურად გამოყენება და სპეკულაცია. ეს დამაზიანებელია. პირადად მე და ჩემი ოჯახი აღმოვჩნდით ამ სპეკულაციების დარტყმის ქვეშ. გახსოვთ, კამპანია ჰქონდათ, თითქოს, აღნიშნული ვერტმფრენები, რომელიც სამაშველო სამუშაოებს ახორციელებს, შოვში ჩამოვიდა და ჩემი ბავშვები გაიყვანა, ხალხი კი მიატოვა. სიბინძურე წამოვიდა ბოლო დღეების განმავლობაში და არ ვიცი, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა თუ არა. ძალიან მძიმეა, როდესაც ასეთი ფაქტები ფიქსირდება. სტიქიის, ტრაგედიების დროს, როდესაც ამხელა უბედურება დაატყდა ქვეყანას, მგონია, რომ ყველა უნდა გავერთიანდეთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. გაერთიანების ნაცვლად ვხედავთ სპეკულაციებს, სიცრუის კამპანიას, მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებას იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ვიღაც ცდილობს, რომ ამ ყველაფრით პოლიტიკური ქულები დაიწეროს, – აღნიშნა კალაძემ.