სააკაშვილს მმართველმა გუნდმა საარჩევნო კოდექსის გადახედვისკენ მოუწოდა
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
„ისე, როგორც არასდროს, ერთად დგომა გვჭირდება“ – წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში და ქართველ ხალხს მეტი ერთიანობისკენ მოუწოდებს. მიხეილ სააკაშვილის აზრით, ჩვენი ქვეყანა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, სწორედ ამიტომ, მხოლოდ ერთად დგომით არის შესაძლებელი თანამედროვე საქართველოს აშენება.
„ერთად, ყველას ჩართულობით უნდა ავაშენოთ წარმატებული საქართველო, საიდანაც ემიგრაციაში კი არ გაიქცევიან, პირიქით, ჩვენი თანამემამულეები სამშობლოში უკეთესი მომავლისთვის დაბრუნდებიან.
უამრავი ნიჭიერი და წარმატებული მოქალაქე დღეს არის ჩუმად. მინდა მოგმართოთ თქვენ: ყველას აზრი მნიშვნელოვანია, მომაწოდეთ თქვენი ნააზრევი, თუ როგორ სახელმწიფოდ უნდა იქცეს საქართველო.
დღეს მე ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, მაგრამ ჩემი მიზანი უცვლელია.
ჩემი მთავარი ამოცანაა, ვიყო თქვენი ერთგული მსახური – თქვენთვის და თქვენთან ერთად ჩვენთვის არაფერია შეუძლებელი. ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ. გამარჯვება ახლოსაა“, – წერს სააკაშვილი.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რამდენიმე დღეში მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები გაიხსნება, სადაც ადამიანებს შეეძლებათ კომუნიკაცია დაამყარონ სააკაშვილთან:
„მიხეილ სააკაშვილი ყველას გელოდებათ, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ ხმა მიაწვდინოთ და თქვენი მოსაზრებები გაუზიაროთ. ადვოკატების მეშვეობით, ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და ყველას გიპასუხებთ. ოფისი სულ რამდენიმე დღეში მზად იქნება და დეტალებს გაგაგებინებთ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
მმართველ გუნდში სააკაშვილის განცხადებას არასერიოზულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, ასევე, განახორციელოს რაიმე ტიპის აგიტაცია.
„არა მგონია ნეგატიური წონა, რომელიც აქვს მის სახელს ქართულ პოლიტიკაში, სადმე გამქრალიყოს. ასე რომ, შეიძლება განცხადება გააკეთოს სააკაშვილმა, მაგრამ ვერანაირ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ის უკვე პოლიტიკურად არის ანულირებული საქართველოს მოსახლეობის მხრიდან“, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.