„დიდება დედოფალს“ – ფილმი ქართველ მოჭადრაკე ქალებზე
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში დოკუმენტური ფილმის – „დიდება დედოფალს“ ჩვენება გაიმართა (რეჟისორი – თათია სხირტლაძე), რომელიც საქართველოსთან ერთად, სერბეთმა და ავსტრიამ დააფინანსეს.
ფილმი მოგვითხრობს ჩვენს ნიჭიერ ქალბატონებზე, რომლებმაც მსოფლიო ჭადრაკის ახალი ისტორია დაწერეს. მასში შესანიშნავადაა გადმოცემული ლეგენდარული ქართველი ქალების – ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის, ნანა ალექსანდრიასა და ნანა იოსელიანის მიერ საჭადრაკო სამყაროში განვლილი ნაყოფიერი გზა.
ფილმის დაწყებამდე შეკრებილთ ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი მიესალმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ადამიანებს, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის, ურთიერთობის ხიდი უნდა გაიდოს. ფილმის რეჟისორი თათია სხირტლაძე სწორედ ხიდია საქართველოსა და ავსტრიას შორის. მან შესანიშნავი ფილმი გადაიღო ოთხ ქართველ მოჭადრაკე ქალზე. მათგან ერთ-ერთს – ნანა ალექსანდრიას, რომელიც დარბაზში იმყოფებოდა, თომას მიულმანი გულთბილად მიესალმა.
ფილმში შესანიშნავადაა გადმოცემული ოთხივე მოჭადრაკის მიერ განვლილი მნიშვნელოვანი გზა, კარგად ჩანს თითოეულის ხასიათი. რეჟისორს ფილმში შეყვანილი ჰყავს ცნობილი იუგოსლავიელი მოჭადრაკე და ჟურნალისტი მილუნკა ლაზარევიჩი, რომელიც პირადად იცნობდა ოთხივე ქალბატონს და თითოეული მათგანი არაჩვეულებრივად დაახასიათა. მაყურებელმა ფილმი გულთბილად მიიღო.
ფილმის შემდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრმა, ჟურნალისტმა სოფო ჟღენტმა სცენიდან ნანა ალექსანდრიასთან ინტერვიუ შესთავაზა დარბაზს. მან გაიხსენა მნიშვნელოვანი მატჩები, ცნობილი მწვრთნელი ვახტანგ ქარსელაძე, რომელმაც ნონა გაფრინდაშვილი ბათუმში აღმოაჩინა. ისაუბრა ჩვენი გოგონების ახლახან მიღწეულ წარმატებაზე. . .
ფილმის რეჟისორი, მხატვარი თათია სხირტლაძე, რომელიც 1999 წლიდან ავსტრიაში ცხოვრობს, ჩენთან საუბრობს:
– როცა ავსტრიაში ჩავედი, ჩემი, როგორც ქართველის იდენტობა აღქმული იყო მხოლოდ და მხოლოდ რუსეთით, საბჭოთა კავშირით და სტალინით, გარდა ერთი გამონაკლისისა – ეს იყვნენ ქართველი მოჭადრაკე ქალები. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ჭადრაკი ქალების თამაშია. როცა ჩემი კულტურის ისტორიის პროფესორმა გაიგო, რომ საქართველოდან ვიყავი, ყველა მოჭადრაკე ქალის გვარ-სახელი ჩამომითვალა. მივხვდი, რომ ეს არის ის იდენტობა, რომელთანაც მე მაქვს კავშირი,როგორც ქალს, როგორც ქართველს და ეს, რა თქმა უნდა, მიხარია. მილუნკა ლაზარევიჩს როცა პირველად შევხვდი, მითხრა, რომ საქართველოს სტალინით და ბერიათი ვიცნობდი და . . . უცებ გამოჩნდნენ ეს მოჭადრაკე ქალები, რომლებმაც თქვენი ქვეყნის იმიჯი, სახე სრულიად შეცვალესო. ფილმი 2020 წელს გამოვიდა. სინედოკის ფესტივალზე შედგა მისი პრემიერა. პანდემიის გამო შეჩერდა, მაგრამ რამდენიმე ფესტივალზე მაინც მოხერხდა მისი ჩვენება. . ახლა ეს ჩვენებები ქალთა გაძლიერების კონტექსტში მიმდინარეობს, რომელსაც აფინანსებს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ავსტრიის საელჩო საქართველოში. ქალთა გაძლიერება ყველას გაძლეირებაა, – გვითხრა თათია სხირტლაძემ.
– ამერიკასა და კანადაში, ჰარვარდსა და ნიუ-იორკის უძველეს კლუბში აჩვენეს. იქ ეს ფილმი განათლების სისტემაში საჩვენებლად შეიძინეს. საინტერესო იყო მილუნკა ლაზარევიჩის – ძალიან ცნობილი ელიტარული მოჭადრაკის, იუგოსლავიის თერთმეტგზის ჩემპიონის ფილმში აქტიურად გამოყენება მოჭადრაკეთა დასახასიათებლად, ის ამ ფილმის დასრულებას ვერ მოესწრო, რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა და რეჟისორმა ფილმი მის ხსოვნას მიუძღვნა. . . სასიამოვნო იყო ძველი კადრების ყურება, ახალგაზრდა რომ ვიყავი, – გვითხრა ნანა ალექსანდრიამ.
ფილმი, ბათუმის გარდა, მესტიაში, ზუგდიდში, ფოთში, სამტრედიაში, ქუთაისში, თბილისში, დუისში და თელავში აჩვენეს.