შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონთან
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
ამ რამდენიმე დღის წინ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ბელგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა საქართველოს ნაკრების წევრმა, ხულოელმა ლერი აბულაძემ. მან ცოტა ხნის წინ მოპოვებულ ევროპის ჩემპიონობას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი მიუმატა.
დღეს მსოფლიო ჩემპიონსა და მის პირად მწვრთნელს, ლერის მამას, ავთანდილ აბულაძეს, გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირმა ნიჟარაძე, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ასევე აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ანზორ ლაზიშვილი. მათ მსოფლიო ჩემპიონსა და მის მწვრთნელს უდიდესი წარმატება მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის, ისაუბრეს ახალ პერსპექტივებზე.
როგორც მაია ხაჯიშვილმა აღნიშნა: „ლერი აბულაძის სპორტული კარიერა აღმავალია და დარწმუნებული ვარ, რომ მისგან კიდევ დიდი სიხარული გველოდება. ემოცია და სიამაყე, რომელიც გამარჯვების დღეს თითოეულ მის გულშემატკივარს დაეუფლა, არის განუზომელი. ლერი აბულაძემ ერთი წლის განმავლობაში, ამ ახალგაზრდა ასაკში, შეძლო უმაღლესი ტიტულების მოპოვება – გახდა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი. ეს ტიტულები მნიშვნელოვანია მისი სპორტული კარიერისთვის და ამავდროულად – ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლებისთვის, მთლიანად, სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის“.
შვიდი წლის ასაკში დაიწყო ლერი აბულაძემ მამასთან, ავთანდილ აბულაძესთან ვარჯიში. ის და მისი პირადი მწვრთნელი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდნენ ამ დიდი წარმატებისკენ. როგორც მამა ამბობს, ლერი ფიზიკურად ყოველთვის კარგად იყო მომზადებული, პატარაობიდან იყო გონიერი, მიზანმიმართული და შრომისმოყვარე. წინა წლებში ფინალში ორჯერ დათმო და ახლანდელი გამარჯვება მისთვისუდიდესი სიხარული იყო.
აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ანზორ ლაზიშვილი ამბობს: „ ასეთი მაღალი შედეგი ჭიდაობის ფედერაციისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადგომითაც მივიღეთ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ლერი აბულაძეს კვლავაც ყველა პირობას შეუქმნიან, რომ ოლიმპიადაზეც საუკეთესო შედეგი აჩვენოს. აღსანიშნავია, რომ ყველა წონასა და ასაკობრივ ჯგუფში (ახალგაზრდებსა და კადეტებში) ვინც წელს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები გახდა, ყველა აჭარის წარმომადგენელია“.
– როცა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ფინალში წავაგე, ეს დიდად არ განმიცდია, მეორედ წაგება დასანანი იყო. ამის შემდეგ, ფსიქოლოგიურად ძნელი გამოდგა ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ დამეხმარნენ მწვრთნელები, რომლებსაც ჩემს გამარჯვებაში ლომის წილი უდევთ. მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე და შედეგიც სახეზეა. ჩემს წარმატებას მთელ საქართველოს ვულოცავ. ევროპის და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები მოვიპოვე, ახლა უმაღლესი – ოლიმპიური ჩემპიონობა დარჩა და ვეცდები, ამითაც გავახარო ჩემი ქვეყანა. ჩემი შრომა სწორედ ამისკენ იქნება მიმართული, – გვითხრა ლერი აბულაძემ.
ლერის ძმაც, მოჭიდავე ოთარ აბულაძე, ამჟამად 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე იმყოფება. თუ საგზური მოიპოვა, მაშინ ისიც მსოფლიო ჩემპიონატზე მოსინჯავს ძალებს. ოთარი უკვე არის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი ჭაბუკებში და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი.