შეხვედრა წარმატებულ ახალგაზრდებთან
ცოტნე ცაბაძე 27 48 04 –
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით იმ წარმატებულ და წარჩინებულ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა, რომლებიც შუახევის სკოლებში სწავლობდნენ და ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხნენ.
შეკრებილებს მიესალმნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის ახალგაზრდული რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი გიორგი მურადიშვილი, შუახევის რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე. მათ ისაუბრეს იმ გამოწვევებსა და პროგრამებზე, რასაც დღევანდელობა ახალგაზრდების წინაშე აყენებს.
შემდეგ შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გადავიდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების წინაშე ახალგაზრდებმა რიგი პრობლემები დააყენეს, რომელთა გადაჭრა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
უკვე მეორე წელია, შუახევში წარჩინებული სტუდენტებისთვის პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდია გაიცემა. წელს ეს პატივი გოგინაურის, დღვანისა და ჭალის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულ სტუდენტებს ლერი გოგიტიძეს, ქეთი ფუტკარაძეს და სოფო ჭაღალიძეს ერგოთ.
– შეხვედრის მიზანი მუნიციპალიტეტში მოქმედი პროგრამების შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის გაზიარება, მათთან თანამშრომლობისა და ჩართულობის გაზრდაა. გამოჩნდა, რომ მიზანი გამართლებულია. უდავოდ, წარჩინებული და წარმატებული ახალგაზრდობა მოდის,- გვითხრა ომარ ტაკიძემ.
შეხვედრა მუსიკალურად გააფორმეს გოგონათა ბენდმა ,,117“ და შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ზე-კართან“.