ომის მეათე დღე – ახლო აღმოსავლეთში
ამ დრომდე ახლო აღმოსავლეთში ისევ რჩება რამდენიმე ცხელი წერტილი. პირველი – ისრაელის ჩრდილოეთით, ლიბანის საზღვრის მიმდებარედ ძლიერი შეტაკებები ხდება; მეორე – მთავaრი საომარი მოქმედებები მიდის ისრაელის სამხრეთით, სადაც შეიარაღებული ძალები არიან მობილიზებულები და ელოდებიან უშუალო ბრძანებას ოფიციალური სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად; მესამე – უშუალოდ ღაზის სექტორის დასახლება ჯაბალიში, რომელსაც მთელი ღამის განმავლობაში ისრაელის ავიაცია ინტენსიურად ბომბავდა. განადგურებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა და ლიკვიდირებულია ერთ-ერთი საველე მეთაური, რომელიც აქტიურად იყო ჩართული თავდასხმების დაგეგმვაში.
დილის 09:00 საათზე უცხოეთის მოქალაქეებისთვისა და ღაზის მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის გაიხსნა რაფახის გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზის სექტორს ეგვიპტესთან აკავშირებს. ოფიციალური ისრაელი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, სხვადასხვა მედიაში კი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.
ცოტა ხნის წინ ეგვიპტურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამშვები პუნქტის გახსნის პარალელურად, ღაზის სექტორში შეიტანს პირველად ჰუმანიტარულ ტვირთს, რასაც ისრაელის მხრიდან მწვავე რეაქცია ჰქონდა. ისრაელში გაკეთდა განცხადება, რომ დაუშვებელია ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა მანამ, სანამ არ გათავისუფლდებიან დატყვევებული ადამიანები. პარალელურად, ისრაელმა ღაზის სექტორში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას ტერიტორიის დაცლისკენ მოუწოდა, რათა მათი სიცოცხლე არ შეეწიროს საომარ მოქმედებებს.
ბოლო ინფორმაციით, ,,ჰამასის“ ტერორისტებს მძევლად აყვანილი ჰყავთ ისრაელის 199 მოქალაქე და დღეს ისრაელის მთავარი მიზანი, სწორედ, მძევლების ტყვეობიდან დახსნაა.
რაც შეეხება დაღუპულებს, 2700-მდე გაიზარდა მათი რაოდენობა ღაზაში – ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე მონაცემებით, დაახლოებით 1000 ადამიანი ნანგრევებში უგზო-უკვლოდაა დაკარგული. ისრაელის მხარეს კი კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1400-ს აჭარბებს