„ავტორმა არ უნდა მოძებნოს მკითხველი, მკითხველი იპოვის ავტორს“
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
ფრანგი ფილოსოფოსი და მეცნიერი რენე დეკარტი ამბობს, რომ კარგი წიგნების კითხვა წარსული დროის საუკეთესო ადამიანებთან საუბარია, თან ისეთი საუბარი, როდესაც ისინი თავიანთ საუკეთესო აზრებს გვიმხელენ. ლიტერატურას ყველა დროში ჰქონდა ადამიანების ცნობიერების, შინაგანი კულტურისა და სამყაროს გამრავალფეროვნების, უდიდესი მისია. ის ყველა დროში იყო და რჩება სათქმელის გამოხატვის ერთ-ერთ მძლავრ იარაღად. ლიტერატურა გვაძლევს საშუალებას, ვიპოვოთ ისეთ კითხვებზე პასუხები, რომლებიც შეიძლება დიდი ხანია გაწუხებს. დღეს ლიტერატურა არაერთი გამოწვევის წინაშეა, ერთ-ერთი კი სოციალური სივრცეა, სადაც ადამიანებს დროის მცირე მონაკვეთში იმდენი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ, რომ ხშირად დროის კარგვად მიიჩნევენ სქელტანიანი წიგნების კითხვას. ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ ლიტერატურა ვეღარ სთავაზობს მათ რაიმე ახალს, განსხვავებულს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ აღნიშნული შეხედულება ერთგვარი მცდელობაა წიგნის მნიშვნელობის გაუფასურებისა. მწერალი და ტელეწამყვანი ალექსანდრე (ჩე) ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ლიტერატურა, წიგნი კიდევ დიდხანს არ დაკარგავს აქტუალობას, მან შეიძლება ახალი ფორმები მოძებნოს მხოლოდ.
– რა გამოწვევების წინაშეა დღეს ლიტერატურა? რა უნდა გააკეთოს მწერალმა, პოეტმა, დრამატურგმა, რომ ამბავმა რომელსაც ყვება, კონკურენცია გაუწიოს თუნდაც სოციალურ ქსელებს, გაჯეტებს?
– მგონია, რომ ლიტერატურაში არის იგივე გამოწვევები, რაც ზოგადად საზოგადოებაში, ტექნოლოგიების სწრაფი პროგრესიდან გამომდინარე. იმდენად სწრაფად იცვლება კომუნიკაციის ფორმები, რომ ეს აისახება ლიტერატურაზეც. შესაბამისად, მგონია, აი, ამ გარდატეხის პროცესში ლიტერატურაც მოძებნის ახალ ფორმებს, მაგრამ მთავარია, არ დაკარგოს შინაარსი. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არის ის, რომ შეიძლება წიგნები აღარ იყოს ბეჭდური და იყოს ელექტრონული, შეიძლება ტექსტები აღარ იყოს გამოცემული და იყოს სოციალურ ქსელებში გაზიარებული (მიჭირს ამის წინასწარმეტყველება), მაგრამ ამ პროცესში მთავარია, არ დაკარგოს დედააზრი, შინაარსი, ინფორმაციული ფუნქცია. ვფიქრობ, კიდევ დიდი ხანი არ დაიკარგება ეს, რადგან ლიტერატურა ჯერ კიდევ იწვევს ცნობისმოყვარეობასა და ემპათიის განცდას ადამიანებში.
– რა გაძლევთ ამის იმედს?
– ადამიანის ბუნება. მგონია, რომ ადამიანი ყოველთვის იქნება ცნობისმოყვარე და მგრძნობიარე. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ლიტერატურა არ დაკარგავს შინაარსს, უბრალოდ, შეიცვლის ფორმებს, როგორც შეუცვლია კიდევაც საუკუნეების განმავლობაში.
– ხშირად გაქვთ ურთიერთობა ახალგაზრდებთან, თუნდაც გადაცემით „წიგნების თარო“. რამდენად ეთანხმებით უფროსი თაობის ფრაზას: „დღეს საერთოდ აღარ აინტერესებს ახალგაზრდას წიგნი“?
– ამ ნაწილში ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, პირიქით, მგონია, რომ ახალგაზრდები ძალიანაც ახლოს არიან წიგნთან. თუ ამას ვერ ვხედავთ, ეს უფრო საერთო ენის დაკარგვის ბრალია, ბოლომდე ვეღარ ვგრძნობთ მათ ინტერესებს, მათ ყოველდღიურობას. ვხვდები უამრავ ახალგაზრდას, ისინი არ არიან მხოლოდ წარჩინებული ბავშვები, კარგი მოსწავლეები. . . ვხვდები აბსოლუტურად ყველას და ვხედავ, მათი ინტერესები არის ბევრად უფრო ფართო მასშტაბის, ვიდრე, თუნდაც, ჩემი თაობისა იყო. მათ მიუწვდებათ ხელი უფრო მასშტაბურ ინფორმაციაზე, რასაც იღებენ სხვადასხვა ფორმით, დღეს – სოციალური ქსელებიდან, ხვალ – წიგნიდან, ზეგ – ფილმიდან და მაზეგ – ვიდეოთამაშებიდან. ის, რაც ჩვენს დროს მხოლოდ გასართობად მიიჩნეოდა, შეიძლება დღეს სასარგებლოც იყოს. ამიტომ მუდმივი ბრძოლა არის თაობებს შორის. ფორმები რომ იცვლება, იქმნება წარმოდგენა, თითქოს ახალი თაობა ისე აღარ კითხულობს წიგნებს, სინამდვილეში, ახალი თაობა ძალიან აქტიურად კითხულობს. უბრალოდ, შეიძლება, სხვა წიგნებს, სხვა ტემპში, სხვა დროს კითხულობს და არა იმ ფორმით და იმ მიდგომით, როგორც წინა თაობები, რაც, რა თქმა უნდა, ტრაგედია არ არის.
– როგორი წიგნი მოიპოვებს ხოლმე მკითხველის ნდობასა და სიყვარულს?
– წიგნი, რომელიც არ თამაშობს, არ იტყუება და არ ცდილობს, მკითხველის ემოციებით იმანიპულიროს. საერთოდ, მგონია, რომ მოზარდობა ის ასაკია, როცა ისინი სიცრუის დეტექტორივით მუშაობენ და ვერ გამოაპარებ ტყუილს. მთელი სიზუსტით გრძნობენ ყველაფერს. ამიტომ უყვარდებათ ისეთი წიგნები, იქნება ეს ხარისხიანი თუ შედარებით უფრო კულუარული, მსუბუქი საკითხავი, მაგრამ გულწრფელი, სადაც ავტორი საუბრობს თემაზე შინაარსობრივად, გულწრფელად და გულახდილად.
– როგორია თქვენი შემოქმედების ხაზი ლიტერატურაში?
– პირველ რიგში, მგონია, რომ ავტორი უნდა იყოს სუბიექტური და არა -პირიქით. მკითხველის დაკვეთაზე მორგებული კი არ უნდა იყოს, შინაგან დაკვეთას უნდა მოერგოს, უნდა იპოვოს თავისი მკითხველი. მე ვცდილობ, ვწერო იმაზე, რაც მაწუხებს, რაც გამომიცდია და რაზეც თუნდაც ვფანტაზიორობ. არ ვიცი, ამას ეყოლება თუ არა მკითხველი, მაგრამ, როგორც წესი, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ როდესაც ავტორი გულწრფელია, მართლა თავისას წერს და არ ცდილობს ითამაშოს, თუნდაც მარკეტინგზე, ის პოულობს თავის მკითხველს. ავტორმა არ უნდა მოძებნოს მკითხველი, მკითხველი იპოვის ავტორს. . .
– რა ხდება თქვენთვის ინსპირაცია?
– სინამდვილეში, ფილტრაციის პროცესს გადის იდეები, შეიძლება, ყოველდღიურად ათასი იდეა გაგიჩნდეს. მე, როგორც წესი, როცა იდეა თავს არ მანებებს, ყოველთვის ვაცდი ხოლმე და ერთი კვირის, ერთი თვის მერეც თუ შემაწუხებს, შემომიჩნდება, მერე უკვე ვცდილობ, მოვიშორო, ვაქციო რაღაც ტექსტად, გავთავისუფლდე მისგან, თორემ არ მშორდება შეგრძნება, რომ ვალი მაქვს აი, ამ იდეის. . .
– ხშირად, როცა რეჟისორებს ვუსვამთ კითხვას, რატომ არ დგამენ ქართული დრამატურგიიდან სპექტაკლებს, ამბობენ, რომ ქართული დრამატურგია არ იძლევა მრავალფეროვნების შესაძლებლობას. თქვენ რას იტყვით?
– ქართული დრამატურგია განვითარების ეტაპზეა. ნაწილობრივ ვეთანხმები რეჟისორებს, რაოდენობრივად მწირია, ჩემს თავსაც გავაკრიტიკებ ამაში, ძალიან ცოტას ვწერ. სრულმეტრაჟიანი სულ ორი პიესა მაქვს დაწერილი და ერთი უკვე ორჯერ დაიდგა და მეორე ახლახან დავასრულე. გამოდის, რომ არის მოთხოვნა. წლების განმავლობაში ქართულ დრამატურგიაში არ იქმნებოდა ახალი პიესები. საერთოდ, დრამატურგია არ იყო პოპულარული და ავტორები არ მუშაობდნენ ამ ჟანრში. იყო სულ რამდენიმე ადამიანი, რომელიც აღნიშნული მიმართულებით წერდა. ბოლო დროს უფრო განვითარდა, რამდენადაც თეატრები გააქტიურდნენ, კინოპროცესიც უფრო აქტიურია, შესაბამისად, მეტი იწერება და უფრო იმედიანად ვარ განწყობილი, რომ ამ მეტში მეტი კარგიც დაიწერება. მგონია, რომ ხვედრითი წილი ქართული დრამატურგიისა უფრო და უფრო მოიმატებს ქართულ თეატრში.
– ჩვენი მკითხველისთვის, გთხოვთ, დაასახელოთ სამი წიგნი და ფილმი, რომელიც, თვლით, რომ სამაგალითოა და რომელმაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინოს ადამიანში. . .
– წიგნების შემთხვევაში, ყოველთვის ვახსენებ ხოლმე ჯორჯ ორუელის „1984“-ს, ეს არის პოლიტიკურად იმდენად მნიშვნელოვანი თემა, რომ უკვე საუკუნეებია, ინარჩუნებს აქტუალობას. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალია უმბერტო ეკო. ტექნიკურად იმდენად სრულყოფილია ეკოს ლიტერატურა, რომ „ვარდის სახელს“ აუცილებლად დავასახელებ და აუცილებლად ვიტყვი „ვეფხისტყაოსანს“, რომელიც ჩემთვის სამაგიდო წიგნია დღემდე. რაც შეეხება ფილმებს, ანდრეი ტარკოვსკის მთელი ფილმოგრაფია შეიძლება დავასახელო იმიტომ, რომ კინოს მწვერვალია, ჩემი აზრით, და მათ შორის გამოვყოფ „სტალკერს“, რომელიც სრულყოფილია თავისი შინაარსით, ფილოსოფიით და კინოპროფესიონალიზმითაც. ასევე, შეიძლება დავასახელო მარტინ სკორსეზეს „ტაქსის მძღოლი“ იმიტომ, რომ თუ ეგზისტენციალიზმი ლიტერატურაში შეიქმნა კამიუს დროს, კინოში ეს არის ეგზისტენციალისტური და ყველაზე საინტერესო. დავამატებდი ასევე, კინოში პოეტურ ენას, რაც კიდევ ცალკე მეთოდია, რომელიც ძალიან საინტერესოა, განსხვავებული თხრობის სტილია და ამიტომ ტერენს მალიკს და მის ფილმს „ცხოვრების ხე“ ვახსენებ.
– ყველა სტუმარი, ვინც ჩამიწერია, განსაკუთრებული ემოციით საუბრობს ბათუმზე, ამბობენ, რომ ამ ქალაქს თავისი ხასიათით, ბუნებით, ფერებით, ურთიერთობებით სხვანაირი ემოცია მოქვს, მით უფრო – შემოქმედი ადამიანისათვის. . .
– ჩემთვის ბათუმი არის ქალაქი, სადაც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს საკუთარ თავთან. აქ შეგიძლია იყო მარტო და არ იყო მარტო. . . აქ შეგიძლია იყო სრულიად თავისუფალი ყველა დამატებითი მარწუხისგან, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა. ოღონდ ხაზს გავუსვამდი იმას, რომ ეს ეხება უფრო შემოდგომა-ზამთრის ბათუმს და ნაკლებად – ზაფხულისას. მე ბათუმი მიყვარს, როცა წვიმს და ცივა. საუბარს ბათუმელი პოეტის ვახტანგ ღლონტის სიტყვებით დავასრულებ: „ბათუმი არის წვიმა და არაფერი სხვა“.