თანაცხოვრების 50 წელი
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
შაქრო ჭაღალიძეზე რამდენიმე წლით უფროსი ვარ, – ამბობს ინწკირვეთელი ვეტერანი პედაგოგი მიხეილ ჭაღალიძე. კარგად მახსოვს ის დრო, როცა ხაბელაშვილებელი ნანული ბოლქვაძე ჩვენი გვარის რძალი გახდა. ისე ჩაირბინა ნახევარმა საუკუნემ, რომ მგონია, ყველაფერი დღეს იყო. ფეხბედნიერი გამოდგა ნანულის შემოსვლა გვარსა და სოფელში.
ინწკირვეთი აჭარა-გურიის ქედის ერთ განშტოებაზე განფენილი დასახლებაა. შაქროსა და ნანულის თანასოფლელებთან ურთიერთობის მრავალი საინტერესო და შინაარსიანი დღე აქვთ მოსაგონარი. რა თქმა უნდა, მათი თანაცხოვრების ნახევარი საუკუნე რთული ცხოვრებისეული მომენტებითაც იყო დასამახსოვრებელი.
ინწკირვეთელები, გამორჩეულად აქაური ჭაღალიძეები, ვერ ჰგუობდნენ კომუნისტურ რეჟიმსა და კოლექტიური მეურნეობის სისასტიკეს. ისტორია მრავალ ფაქტს ინახავს აქაური ღეზალ ჭაღალიძის მამაცობასა და რეჟიმისადმი შეურიგებლობაზე. ნანული, როგორც რძალი და დედა, ყველაფერს აკეთებდა, რომ ოჯახი საზოგადოებაში წარმოჩენილი და წარმატებული ყოფილიყო. ამ მიზანსწრაფვაში მას შაქროც გვერდით ედგა. შვილებიც ამ სულისკვეთებით გაზარდეს, ორ ვაჟთან ერთად ქალიშვილ ფატის წარმატებებიც ახარებთ.
ფატი მესამედაა არჩეული შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. იგი ჯერ წყალსაყრელთა მაჟორიტარი იყო, მომდევნო ორ არჩევნებზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიით ერგო ეს პატივი.
3 შვილის, 8 შვილიშვილისა და 3 შვილთაშვილის მომსწრეებს თანაცხოვრების ნახევარი საუკუნისადმი მიძღვნილი საღამო რომ გადაუხადეს, ყველაზე მეტად ფატი აქტიურობდა. მას საამისო საფუძველიც აქვს. ის დამოკიდებულება, რაც მშობლებსა და ფატის შორისაა, ერთეულებს თუ ძალუძთ. 70 წელს მიტანებული ნანული და შაქრო ისევ ისეთივე შემართებით ამაგრებენ ძირძველ და შემდგომ გაჩენილ ოჯახებს, როგორც 30-40 წლის წინ.
ყველას მოსწონს შაქროს ხელის მადლი. იგი ხის შენობებს აგებს. ხინჯი და აჩქარება არ უყვარს. ნანული შთამომავლებთან ფუსფუსში ათენ-აღამებს.
– შრომის სიყვარული, ოჯახური ტრადიციებისადმი ერთგულება მამისეული კერიიდან მომყვება, – ამბობს ნანული. ოჯახის შექმნისა და შვილების გაჩენის დღიდან, ყველას მოვუწოდებ ღირსეული წინაპრების გზით იარონ. მიმართლებენ კიდეც. ყველა მათგანს საზოგადოებაში საკუთარი ადგილი აქვს.
მრავალმა ინწკირვეთელმა სოფელი მიატოვა, წინაპრების ნაამაგარი გაავერანა. ნანული და შაქროც სხვაგან საცხოვრებლად გადავიდნენ, მაგრამ ინწკირვეთს მაინც ვერ ელევიან.
– ინწკირვეთი ჩემი სავანეა. 50 წლის განმავლობაში ნახული და განცდილი ამ ტერიტორიასთან კავშირშია. იქ მისვლა მუდამ მიხარია, – გვითხრა შაქრომ.