„ბულვარის ფესტივალი 2023 “
მანანა ტაკიძე 27 48 93 –
ბათუმი ორდღიან ფერად ფესტივალს წელს პირველად მასპინძლობს. „ბულვარის ფესტივალი 2023“, რომელიც სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ორგანიზებით იმართება, დღეს სასტუმრო „ჰილტონში“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით „რეკრეაციული პარკების მართვა და შესაძლებლობები“ გაიხსნა. მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ისე მოწვეული უცხოელი სპეციალისტები. ბულვარის განვითარებასა და სამომავლო პერსპექტივებზე დამსწრეთ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი ლაშა მიქელაძე ესაუბრა.
მან განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ვიდეოპრეზენტაცია წარმოადგინა. როგორც ლაშა მიქელაძემ აღნიშნა, ფესტივალის მიზანი ბულვარის ისტორიული და კულტურული ღირებულების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა და ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტი ამჯერადაც ბულვარის იერსახეზე ზრუნვა, სსმ და შშმ პირებზე მორგებული გარემოს შექმნაა.
– ბულვარის ფესტივალს ბათუმი წელს პირველად მასპინძლობს, დღევანდელი კონფერენციის მიზანი კი, რომელსაც არაერთი უცხოელი სტუმარი ესწრება, არსებულ გამოწვევებსა და საინტერესო საკითხებზე მსჯელობა, გამოცდილების გაზიარებაა, – გვითხრა ლაშა მიქელაძემ. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე წარმოადგინეს მოხსენებები, როგორიცაა „ბულვარის ეკოლოგიური ფუნქციები“, „რეკრეაციული პარკების მნიშვნელობა ქალაქების განვითარებაში“, „გამწვანება და ლანდშაფტის დიზაინი“, „ბულვარი, ველური ბუნება და რეკრეაციული ზონა შშმ პირებისთვის“, ეკოლოგია, ბათუმისა და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების ისტორია, ტურიზმი და სხვა. კონფერენციის მონაწილეებს „სანაპიროს ეკოლოგიურ დიზაინზე“, „მწვანე ტურიზმის შესაძლებლობებზე“ და სხვა საინტერესო თემებზე ბულგარელი და თურქი სტუმრები ესაუბრნენ. დამსწრეებმა ერთმანეთს ეკოლოგიის, ბიომრავალფეროვნების, ინფრასტრუქტურის მართვის, ლანდშაფტის არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებებით საერთო ხედვა, თანამედროვე მიდგომები და გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
ფესტივალის ფარგლებში, ხვალ სხვადასხვა გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი. დილის 10:00 საათიდან ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიიდან სტარტს აიღებს ველომარათონი, რომელიც აეროპორტთან არსებულ სასეირნო ბილიკზე დასრულდება. დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებული მთავარი საფესტივალო სივრცე – კოლონადაის მიმდებარე ტერიტორია ვიზიტიორებს დღის 12:00-დან 23:00 საათამდე უმასპინძლებს, სადაც სხვადასხვა კულტურული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა განხორციელდება, მათ შორის, კოსტიუმირებული პერფორმანსი ბულვარის ისტორიის გაცოცხლებით, მოეწყობა ძველი და თანამედროვე ბულვარის ამსახველი ფოტოგამოფენა, ბულვარის ბრენდირებული საპრეზენტაციო კუთხე, საუნივერსიტეტო ზონა და მხატვრების კუთხე, კინოჩვენების ზონა, სამეწარმეო მარკეტი და სხვა.
17:00 საათზე, ახლად რეაბილიტირებულ კოლონადას სივრცეში ბულვარის ღვაწლმოსილი თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, დღის ბოლოს კი ფესტივალს ყველასთვის საყვარელი ბენდი „სალიო“ დაასრულებს. მასთან ერთად მუსიკალური განწყობის ამაღლებაზე ადგილობრივი ბენდი „სისაიდი“ და დიჯეი „ჩიკი“ იზრუნებენ.