საქართველოში „სტარლინკი“ ჩაირთო
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
„სტარლინკი“ ილონ მასკის დაფუძნებული კომპანიაა, რომლითაც სატელიტური ინტერნეტის მიღებაა შესაძლებელი და ის საქართველოსთვის უკვე ხელმისაწვდომია. აღნიშნულის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. იქვე განმარტებულია, რომ სატელიტური ინტერნეტი აზერბაიჯანსა და სომხეთში 2024 წელს ჩაირთვება. მათივე ცნობით, ისინი ჯერჯერობით არ განიხილავენ რუსეთში შესვლას.
კომპანიას იქვე ფასებთან დაკავშირებითაც აქვს განთავსებული ცნობები. როგორც ირკვევა, ინტერნეტის ღირებულება კერძო პირებისთვის თვეში 160 ლარიდან დაიწყება, გადასახადების ჩათვლით ინტერნეტის მიმღები მოწყობილობის შეძენა კი 2 015 ლარი ეღირება.
რაც შეეხება კომპანიებს, მათთვის განსხვავებული ტარიფი იმოქმედებს, რაც გულისხმობს იმას, რომ მიმღები მოწყობილობის შეძენა კომპანიებს 8 821 ლარი დაუჯდებათ, ყოველთვიური გადასახადი კი 708 ლარიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, „სტარლინკი“ უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელ მსოფლიოში, მათ შორის იქ, სადაც ინტერნეტკავშირი უხარისხო, დაბალი სიხშირის, ან სრულიად მიუწვდომელია.
როგორც აღნიშნული მიმართულების ექსპერტები აღნიშნავენ, საქართველოსთვის „სტარლინკის“ ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში, რითაც შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით.