ხულოში მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვა დაიწყეს
ცოტნე ცაბაძე 27 48 94 –
ხულოს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იზრდება, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება ახალი პროექტები და პროგრამები. უკვე მომზადდა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი. პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე ოქრუაშვილების, დუაძეების და მანიაკეთის მოსახლეობას შეხვდნენ და სამივე სოფლის მოსახლეობის წარმომადგენლებს მომავალი წელს დასაფინანსებელი პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრებზე დეტალურად განიხილეს ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და საჭიროებები, პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის გზები, უშუალოდ მოსახლეობის წარმომადგენლებისგან მოისმინეს ინფორმაცია სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე. ხაზი გაესვა მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობას ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში.
– პროექტები და პროგრამები, რომლებიც მომავალ წელს მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს, გარკვეულ ეტაპებს გადის. მოსახლეობასთან შეხვედრებს ვმართავთ, მათ წინადადებებსა და სურვილებს ვითვალისწინებთ, რაც საბოლოოდ მთავარ ფინანსურ დოკუმენტში აისახება, – გვითხრა ვახტანგ ბერიძემ.
შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ გელაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დეკანაშვილების ადმინისტრაციულ ერთეულში ნადიმ დეკანაძე და მერის წარმომადგენლები.